პარტია "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი ხელისუფლებას გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოების კონკრეტული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება რადიკალური ოპოზიციური ძალა.
"სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, მე არ ვითხოვ ხელისუფლების გადადგომას ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ჩემი აქტივისტები არ ესვრიან ჩინოვნიკებს კვერცხებს. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლების ქმედუნარიანობის გაზრდას და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ქართველ ხალხს იმედს აძლევდა 2 წლის წინ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ყველა სატელევიზიო გადაცემაში ურთიერთბრალდებები (მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას შორის) და არაფრისმთქმელი დაპირისპირებები. ჩვენ ვითხოვთ, რომ მოსახლეობას ესაუბრონ ქვეყნის განვითარების გეგმებსა და სტრატეგიებზე. ჩვენ ვითხოვთ ჯანსაღ ურთიერთობას ოპოზიციურ ძალებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პიარისთვის არ ზრუნავენ და მზად არიან, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან !
წელიწადზე მეტია, ვაცხადებ, რომ სირაქლემას პოზიციაში მყოფი ხელისუფლება პოზიციის არ შეცვლის შემთხვევაში მიიღებს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არცთუ ისე სახარბიელო იქნება ქვეყნისათვის!" - აცხადებს ირაკლი ღლონტი.