ივერიონი / ლია ელიავა: ხალხი ვალების გადახდას უნდა შეეჩვიოს!

ლია ელიავა: ხალხი ვალების გადახდას უნდა შეეჩვიოს!

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს საცხოვრებელი ბინის გარეშე მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ ბანკიდან აღებული სესხი ვერ გადაიხადა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებას გაუჩნდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება ამ პრობლემასაც მოაგვარებს. პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართეს საბანკო ვალების გადავადების მოთხოვნით.


რამდენად სამართლიანია საზოგადოების გარკვეული ნაწილის ეს მოთხოვნა და რამდენად არის შესაძლებელი ამის განხორციელება, ამასთან დაკავშირებით "ივერიონთან" საბანკო ექსპერტი ლია ელიავა საუბრობს. 


"საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა არარეალურად მიმაჩნია. ეს ყოველგვარ ეკონომიკურ და სოციალურ საფუძველს არის მოკლებული. საქართველოში მაღალი საპროცენტო განაკვეთები და სესხების მოცულობა განპირობებულია არა საბანკო კრიზისით, არამედ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობითა და სესხებისადმი დამოკიდებულებით. ამდენად, სესხების გადავადების შესახებ მსჯელობაც კი არამართებულად მიმაჩნია", _ აცხადებს ლია ელიავა. 


მისი განმარტებით, 2007 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო საბანკო კრიზისი, რომელიც 2008 წელს უკიდურესად გამწვავდა. ქვეყანა დადგა ეკონომიკური საფრთხის წინაშე,  თითქმის მილიონი ადამიანი საცხოვრებელი ბინის გარეშე რჩებოდა. ამიტომ ამერიკის მთავრობა საბანკო სისტემის მართვაში კი არ ჩაერია, არამედ შექმნა სპეციალური ფონდი _ 700 მილიარდი დოლარით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა საბანკო სესხებით დაზარალებული და უბინაოდ დარჩენილი მოსახლოების ვალები.


ექსპერტის განცხადებით, საქართველოში ამის აუცილებლობა არ არის. "ქვეყანაში ჯერ საბანკო კრიზისი არ არის.  ქვეყნის მთავრობამ მსგავსი ღონისძიებები რომ გაატაროს, ანუ გადაავადოს საბანკო ვალები, ეს ნამდვილად გამოიწვევს საბანკო კრიზისს, რასაც ავტომატურად ეკონომიკური კრიზისი მოჰყვება. საქართველოს ეკონომიკა არ არის ძლიერი, მას არ აქვს საბანკო კრიზისის შეწინააღმდეგების ბერკეტი, რაც ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. მართალია, მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკას საფუძველი გამოვაცალოთ. საუკეთესო გამოსავალი ამ მდგომარეობიდან იქნება _ შეიქმნას სამუშაო ადგილები. ხალხი უნდა შეეჩვიოს, რომ თვითონ გადაიხადოს საკუთარი ვალები, მაგრამ სახელმწიფომ სამუშაო ადგილების შემქნით ხელი უნდა შეუწყოს", _ ამბობს ექსპერტი.


როგორც ცნობილია, პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი ალექსანდრე შალამბერიძე ითხოვს, რომ მომავალში საბანკო ვალების დაგროვების თავიდან ასაცილებლად საჭიროა საცხოვრებელი ბინების იპოთეკით დატვირთვა აიკრძალოს.


ამასთან დაკავშირებით ლია ელიავა აცხადებს, რომ მსგავსი პრაქტიკა ევროპაში არსებობს. "უფრო მეტიც, ასეა რუსეთშიც. კომერციული ბანკი არ ჩაადებინებს ადამიანს ბინას კრედიტის ასაღებად, რომელსაც ერთადერთი საცხოვებელი აქვს. ეს დარეგულირებულია შესაბამისი კანონმდებლობით. თავის დროზე ეროვნული ბანკი რომ ასევე მოქცეულიყო, დღეს საქართველოში ამდენი სესხი, ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით არ იარსებებდა", _ განმარტავს ექსპერტი.


საქართველოში იპოთეკურ სესხს მოქალაქეები ძირითადად კერძო ბიზნესის დასაწყებად ან ახალი ბინის საყიდლად იღებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს სესხი სამკურნალოდ სჭირდებათ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ადამიანს საბანკო სესხის აღება ავადმყოფობის მიზეზით არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოსახლეობა დაზღვეულია და მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაზღვევით გვარდება. "იმედია, ახალი მთავრობა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება სწორედ, დაზღვევა იყო, შეასრულებს პირობას და მოსახელობისთვის მისაღებ ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამას აამუშავებს", _ აცხადებს ლია ელიავა.


შეგახსენებთ, რომ დღეს თავისუფალი პროფკავშირებმა "სოლიდარობა 2" ახალ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს საბანკო ვალების გადავადებისა და არსებული პროცენტების გაყინვის მოთხოვნით მიმართა.

5-11-2012, 16:13
უკან დაბრუნება