2014 წლის 7 ოქტომბერს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დევნილთა საკითხების კოორდინატორი მამუკა აჩბა, ამავე პარტიის ქუთაისის საკრებულოს დეპუტატ დავით წიტაიშვილთან და იმერეთის რეგიონის დევნილთა საკითხების კოორდინატორ ნატო უგრეხელიძესთან ერთად ქუთაისში, გამსახურდიას 85 ნომერში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრა. აღნიშნულმა პირებმა კონკრეტულ ჩასახლებაში დევნილთა პრობლემების შესახებ მოისმინეს, როგორც აღმოჩნდა, იქ გაუსაძლისი მდგომარეობაა - დევნილებს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები არა აქვთ.
როგორც მამუკა აჩბამ განაცხადა, ასეთ პირობებში ადამიანის არსებობა ყოვლად წარმოუდგენელია. მისი თქმით, მთავრობას და ხელისუფლებას დევნილები ახსენდებათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ხოლო არჩევნების შემდეგ დევნილთა მდგომარეობა არაფრით უმჯობესდება:
„ყველასთვის გასაგებია, რომ ყველა დევნილის საცხოვრებელი ფართით ერთდროულად უზრუნველყოფა ვერ მოხდება, მაგრამ გაუგებარია ის, თუ რა კრიტერიუმებით ხდება დევნილთათვის პრიორიტეტების მინიჭება. მთლიანად შესაცვლელია ის მახინჯი ქულების მინიჭების სისტემა, რომელიც ახლა მოქმედებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცარიელ-ტარიელნი გადმოვიდნენ, თითოეული ნივთი რაც გააჩნიათ საკუთარი შრომის ფასად შეიძინეს, და თუკი ისინი დღიური სარჩოს მოსაპოვებლად 3 ლარიან სამსახურებზეც კი თანხმდებიან, ამის გამო ასეთ საცხოვრებელ პირობებში მათი დატოვება და მათი განსახლების მეორე პლანზე გადაწევა ყოვლად დაუშვებელია.
მივმართავთ დევნილთა და განსახლების სამინისტროს კითხვით, თუ რა კრიტერიუმებით ხდება დევნილებისთვის ამ ქულების მინიჭება და როდის დააკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართებით ამ კონკრეტულ ჩასახლებაში მცხოვრებლებს.“