"თავისუფალი თაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ხელისუფლებიდან მათთან დაახლოებული პირები ქართულ პოლიტიკას უნდა მოშორდნენ. აღნიშნულ განცხადებას "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:
"პატივცემულო მეგობრებო! ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში დადგა მომენტი, როდესაც ყველა უნდა გაერკვეს, თუ განვითარების რა გზაა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები, რა გზით უნდა იაროს ქვეყანამ, რა იდეოლოგიას და რა იდეოლოგიურ საფუძვლებს უნდა დაემყაროს ახალი საქართველოს მომავალი. ჩვენი ქვეყანა დგას გარდამავალი პერიოდის ერთგვარ გზაგასაყარზე, წავალთ წინ, დემოკრატიული ევროპული კონსერვატორული სამართლიანობის გზაზე თუ დავბრუნდებით უკან, სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმში.
თვით ხელისუფლების გარკვეულ ნაწილსაც კი თავის უმთავრეს მიზნად დაუსახავს "ნაცმოძრაობის" გადარჩენა და საამისოდ ლოზუნგებიც აქვთ მოფიქრებული - ნაცმოძრაობის გადარჩენა დემოკრატიის გადარჩენააო!!! ---პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ის, ვინც ამ ლოზუნგით სარგებლობს, უკლებლივ ყველა გახლავთ "ნაცმოძრაობის" ფარული მოკავშირე, ნურავინ იფიქრებს, რომ ყოველივე შეუგნებლად და გაუთვლელობით ხდება, არა პატივცემულო მეგობრებო "ნაცმოძრაობისა" და მისი მოკავშირეების თითოეული ნაბიჯი გათვლილია და ის იმ მახინჯი ძალის გადარჩენასა და ხელისუფლებაში მოყვანას ემსახურება, რომელმაც 9 წლის მანძილზე ფეხქვეშ გათელა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიული ფესვები, დაანგრია და გაანადგურა ეროვნული სული, ბრძოლა გამოუცხადა ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელს მართლმადიდებლურ ეკლესიას.
"ნაციონალური მოძრაობის" დანგრევა და მისი პოლიტიკური ასპარეზიდან გაშვება ჩვენი თვითმიზანი არაა, ესაა ისტორიულ-პოლიტიკური აუცილებლობა იმისათვის, რომ მომავალმა საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს, დემოკრატია განავითაროს და სამართლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი იმისა, რომ დამნაშავე პარტია, პოლიტიკური ორგანიზმი ლეგალურად არსებობდეს პოლიტიკურ სპექტრში და მოდით, ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი და პირდაპირ ვთქვათ, რომ "ნაცმოძრაობა"- ეს არის სიმსივნე, რომელიც მე-5 კოლონის სახით ჩაბუდებულია პოლიტიკურ ასპარეზზე და მისი მთავარი მიზანი არის დესტაბილიზაციის გზით დაიბრუნოს ხელისუფლება, დაიბრუნოს ის დაკარგული პრივილეგიები რომელიც მან 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ დაკარგა.
1946 წელს გათავისუფლებული გერმანიის პირველ და ლეგენდარულ კანცლერს კონრად ადენაუერს ფაშისტური და კომუნისტური პარტიები რომ არ აეკრძალა თავის ქვეყანაში, მერწმუნეთ, გერმანია ასე სწრაფად ვერ აშენდებოდა და ვერ გადაიქცეოდა ევროპული დემოკრატიის თვალსაჩინო ნიმუშად. დიახ, დადგა დრო და მომენტი იმისა, რომ გერმანიის მსგავსად საქართველოშიც აიკრძალოს ფაშისტური და ბოლშევიკური პარტიების შვილობილი, დამნაშავე და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული "ნაციონალური მოძრაობა", ამ დამნაშავე ძალას თავად ქართულმა დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა გამოუტანოს განაჩენი და გაუშვას ის პოლიტიკურ სანაგვეზე, ისევე როგორც გაუშვა საქართველოს ისეთი მოღალატეები, როგორებიც იყვნენ სერგო ორჯონიკიძე თუ ძმანნი მისნი.
ჩვენ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მივეკუთვნებით, ნათლად გვაქვს გაანალიზებული ხელისუფლების მცდარი ნაბიჯები, არც სახელისუფლებო კოალიციის შემადგენლობა მოგვწონს და ნათლად ვხედავთ იმ შეცდომებს რომლებიც სახეზე გვაქვს.
ჩვენ, ახალგაზრდათა მრავალრიცხოვან ჯგუფს, გვაქვს ამბიცია, რათა გავხდეთ ერთგვარი მორალური მსაჯულები ყველა იმ ძალისა, რომელიც წავა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომელიც ითანამშრომლებს მტერთან .
თამამად ვაცხადებთ, რომ ერთი ბოროტების ორი განშტოებაა "ნაცმოძრაობა" და რუსეთთან დაკავშირებული, მათგან ნაყიდი მანქურთები, რომლებიც მზად არიან 30 ვერცხლად გაყიდონ თავიანთი სამშობლო. ბევრს ეცადნენ ჩვენთვის რუსული კვალი მოეძებნათ ან ოკუპანტთან თანამშრომლობაში დაედოთ ბრალი, მაგრამ საქვეყნოდ და დაუფარავად ვაცხადებთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და სანამ ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც იდგება ჩვენს ტერიტორიაზე, მანამ რაიმე ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარიც კი ზედმეტია. რუსეთი არის ოკუპანტი, ხოლო ამ ოკუპაციის ხელისშემწყობი სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდაა, რომელიც უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკას.
ჩვენმა სამართლიანმა და უკომპრომისო ბრძოლამ დამნაშავე "ნაცმოძრაობის" ყველაზე ექსტრემისტულ ფრთასთან "თავისუფალ ზონასთან" უკვე გამოიღო შედეგი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სატელიტი ორგანიზაცია პირწმინდათ დავამარცხეთ და გავუყენეთ პოლიტიკური მოუსავლეთის გზას. ჩვენ დავამარცხეთ სააკაშვილ-მერაბიშვილისგან მოწამლული ახალგაზრდების ექსტრემისტული დაჯგუფება და მათი ამ დამარცხებით გადავარჩინეთ მათი სული საბოლოოდ წარწყმედას და საქართველოს უბოროტესი მტრების სიაში ჩაწერას, მაგრამ "თავისუფალი ზონა" არ გახლავთ ბოროტების სათავე, ის მცირე ნაწილაკი იყო იმ ბოროტებისა, რომელიც სათავეს "ნაციონალურ მოძრაობაში" იღებს. დიახ, ჩვენ ჩვენი პირველი ლოკალური ამოცანა წარმატებით განვახორციელეთ, მაგრამ მთავარი ამოცანა წინ გვიდევს და დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას ამ ამოცანის შესასრულებლად - საქართველო ნაცბანდის გარეშე! ქართული პოლიტიკა დამნაშავეების გარეშე! ეს გახდება ჩვენი ახალი ლოზუნგი და უახლოეს დღეებში დავიწყებთ ბრძოლას ამ ლოზუნგის ასასრულებლად. ჩვენ ჩვენს თავს ვთვლით მემკვიდრეებად იმ იუნკრებისა,რომელნიც კოჯორთან გმირულ ბრძოლაში დაიღუპნენ რუსულ მე-11 არმიასთან ბრძოლაში!!! ჩვენ ვართ მემკვიდრეები იმ ჩვენი თანატოლებისა, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს შიშველი ხელებით შეებრძოლენ საბჭოურ სამხედრო მანქანას!!! და საქვეყნოდ გპირდებით,რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი გზა სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ საქმეში!"- ნათქვამია განცხადებაში.