პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე თბილისსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავებისა და ტყის საფარის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სხდომას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მერიის ცნობით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა დედაქალაქში გამწვანების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე და და მათ აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
"შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს გაეზარდოს უფლებამოსილება, რაც სამსახურს გარემოს ცალკეული კომპონენტების (ჰაერი, წყალი, ხმაური) სისტემური მონიტორინგისა და შედეგების გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს.
სხდომაზე დედაქალაქში გამწვანების საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის აუცილებლობაზეც იმსჯელეს. ბიძინა გიორგობიანის თქმით, გადასახედი და თვითმართველობის კოდექსთან შესაბამისობაშია მოსაყვანი ტყის კოდექსი, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და შემოგარენის ტყის მასივების მოვლის წესებს ადგენს. მისივე თქმით, ეს საჭიროა ცალკეული ნარგავებისა თუ ქალაქის ექსპლუატაციაში არსებული ტყის რესურსების მართვის ოპტიმიზაციისთვის.
გარემოს დაცვის კომიტეტმა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელობას საკანონმდებლო საკითხების მოწესრიგებაში მხარდაჭერა აღუთქვა",-აცხადებენ მერიაში.