სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას "საგანგაშოს" უწოდებს და აცხადებს, რომ პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით უწყებაში სერიოზული პრობლემებია. ამის მაგალითად, ომბუდსმენის აპარატს უმოკლეს პერიოდში სამი მსჯავრდებულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება მოჰყავს.
სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რომ აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, უნდა გადაიხედოს ციხეების მართვის პრაქტიკა და შეიქმნას პატიმართა უსაფრთხოების გარანტიები.
"სამი, დროში ძალიან მიყოლებული შემთხვევა, მართლაც საგანგაშოდ იქნა შეფასებული სახალხო დამცველის მიერ და ხაზგასმული იქნა, რომ აუცილებელია დამატებით ახალი სისტემის, ახალი მიდგომის შემუშავება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ასეთი ფაქტები, სისტემა უნდა გადავიდეს დინამიური უსაფრთხოების კონცეფციის დანერგვაზე, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული თითოეული პირის დაკვირვებას და მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიების შექმნას", - აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე.