ივერიონი / "ჯაშუშთა გამოფენა"

"ჯაშუშთა გამოფენა"

ქართველი ფოტოგრაფები, ჯაშუშობაში ბრალდებულები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე "ჯაშუშების გამოფენისთვის" ემზადებიან.


გამოფენა სიმბოლურად 2012 წლის 7 ნოემბერს გაიმართება "შერატონ მეტეხში". გამოფენილი იქნება 7 ნოემბრის, 26 მაისის და სხვა აქციების კადრები. ამ ფოტოების ნაწილი უკვე გამოქვეყნდა უცხოურ პრესაში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


"ამ ფოტოების ნაწილი უკვე გამოქვეყნდა უცხოურ პრესაში, ჩემი აზრით, სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი დაკავება "ჯაშუშობის" ბრალდებით. გამოფენაზე 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევის კადრები იქნება გამოფენილი. ფოტოკადრი ყოველთვი მეტად მძიმეა ვიზუალურად, ვიდრე ვიდეოკადრი და ამიტომ ეს გამოფენა ძალიან მძიმე იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც თავად მონაწილებოდა აღნიშნულ აქციებში. ამ გამოფენის მიზანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ხალხთან ურთიერთობის ეს მეთოდი. რაც 7 ნოემბერს და 26 მაისს მოხდა ეს არ იყო ძალის გადამეტება, ეს იყო ხალხის დასჯა, სასტიკი დარბევა. როგორ უნდა ეზიზღებოდეს ხელისუფლებას საკუთარი ხალხი, რომ მათი ასე სასტიკად დარბევის ბრძანება გასცეს?!" _ განაცხადა გიორგი აბდალაძემ "ივერიონთან" საუბრისას.


"ჯაშუშთა გამოფენა" მართლაც ძალიან მძიმე იქნება აქციაში მონაწილე თუ რიგითი მოქალაქისთვის. სწორედ ამიტომ, ფოტოგრაფების განცხადებით, ისინი ამ გამოფენაზე არ გამოიტანენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულ კადრებს. ამ თემაზე გამოფენა სავარაუდოდ, აგვისტოში გაიმართება.
ირმა ჭარაქაშვილი

5-11-2012, 17:11
უკან დაბრუნება