საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, ებოლას ვირუსთან დაკავშირებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანა და სპეციალისტების მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება.
"რაც შეეხება საქართველოს, არის ორი მთავარი მიმართულება, ერთი - ამ ეტაპზე ცალსახად არანაირი საჭიროება არ არის, საზღვრები დაიკეტოს ან სხვა ღონისძიებები განხორციელდეს საზღვრის გადმოკვეთისას. ხდება მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანა (ასეთი ქვეყნები არის დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, სადაც ახლა არის მაქსიმალური გავრცელება ვირუსის) და მათზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, ასევე ხდება მათი საცხოვრებელი მისამართისა და გადაადგილების კონტროლი. ჩვენი დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები მათთან არიან კომუნიკაციაში და აკონტროლებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს როგორც შესაბამისი რაოდენობისა და მოწყობილი საავადმყოფოების არსებობაზე, ასევე მედიკამენტებზე, რომ თეორიული შესაძლებობის შემთხვევაში ეფექტურად მოხდეს მართვა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.