"უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს მას. აღნიშნული განცხადებაზე მჟავანაძემ გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ისაუბრა.
"პირველ რიგში, მინდა, სოლიდარობა გამოვხატო "ასავალ-დასავალის" მიმართ, რადგანაც ეს იყო გაუგონარი ფაქტი, როცა 12 ადამიანი უმოწყალოდ სცემდა ამ გამოცემის ერთ ჟურნალისტს და ესაა სწორედ ნაციონალების ნამდვილი სახე, მარტო მყოფ ადამიანს რომ უსწორდებიან და "თავისუფალი ზონა" რომ ნაცების დანამატი და სატელიტია, ამას არც არავინ უარყოფს.
მაგრამ აქ ჩემთვის ყველაზე გასაკვირი ის აღმოჩნდა, რომ გამონაკლისების გარდა, თითქმის არც ერთმა მედიასაშუალებამ, მხედველობაში მაქვს ტელევიზიები, არ გამოხატა პროტესტი ამ ძალადობის გამო და ამ საკითხში აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერს, რადგანაც რაც უნდა შენთვის მიუღებელი იყოს ან მედია, ან მისი ჟურნალისტი, 12 კაცი რომ ფეხქვეშ იგდებს ჟურნალისტს, პროტესტი არ უნდა გამოთქვა?"- აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
ნიკოლოზ მჟავანაძე ქვეყანაში შესაძლო არეულობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ "იგეგმება თვითდაზიანებები ნაციონალების მხრიდან, რათა შემდგომში აღნიშნონ, რომ მათ ცემა-ტყეპაზე გადავიდნენ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები".
"ჩემი ინფორმაციით, "ზონის" აქციის შემდეგ კიდევ იგეგმება თვითდაზიანებები ნაციონალების მხრიდან, რათა შემდგომში აღნიშნონ, რომ მათ ცემა-ტყეპაზე გადავიდნენ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გახშირდება შეხლა-შემოხლა, რომ უკიდურესად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არხეინად არ უნდა იყოს, მაინც ჩვენ გვიჭერს ხალხი მხარს და ესენი რას დაგვაკლებენო.
აიკრძალოს ნაციონალური პარტია და მორჩება! როდემდე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს დესტრუქციული პარტიაა? თუ დამნაშავე ორგანიზაციაა, მერაბიშვილი იყო გენერალური მდივანი და წერია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რომ თუკი პარტია ეწევა ძალადობას და ახორციელებს არაკონსტრუქციული წესით პოლიტიკურ მოღვაწეობას, ის პარტია უნდა აიკრძალოს კონსტიტუციური სასამართლოს მეშვეობით და გაკეთდეს ეს!.." - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
http://reportiori.ge/?menuid=2&id=41273