ივერიონი / დავით ზურაბიშვილი: ანტირუსული განწყობების სპექტრი საქართველოში ფართოა და ბევრად აღემატება ე. წ. მიშისტებს!

დავით ზურაბიშვილი: ანტირუსული განწყობების სპექტრი საქართველოში ფართოა და ბევრად აღემატება ე. წ. მიშისტებს!

   "რესპუბლიკური პარტიის"  ლიდერი და თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი მოსკოვური თბილისობის თემას facebook-ის საკუთარ გვერდზე  ეხმაურება.

 

    მისი თქმით, ამხელა აჟიოტაჟი ოკუპანტის წინაშე სიმღერაზე წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა. თუმც თბილისობის "ბრაზდნიკუ" იქ მაშინაც იმართებოდა.

   "ამხელა ყაყანი მოსკოვურ თბილისობასა და ოკუპანტების წინაშე მღერა–არმღერაზე მე, მართალი გითხრათ, წინა ხელისუფლების დროს არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისობის "პრაზდნიკი" იქ მაშინაც იმართებოდა, ხუბუტია–ხომერიკებთანაც ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წევრებს ურთიერთობა, პრეზიდენტი სააკაშვილიც მშვენივრად ილხენდა იმპერიალისტი ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში და ნანი ბრეგვაძე თვით ოკუპანტთ მეუფეს, ვოვა პუტინს უმღეროდა. კანტი–კუნტი საყვედურები კი გამოითქმებოდა ხოლმე, მაგრამ რაიმე სერიოზული ხმაური ამ თემებზე ქართულ საზოგადოებაში არ მახსენდება.

   და ხმაური არ იყო იმიტომ, რომ რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა გახლდათ ცალსახად, მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებ ენაზე არტიკულირებული. ამ ფონზე ნებისმიერი კომპრომისული წინადადება თუ ქმედება ძირითადად აღიქმებოდა, როგორც ტაქტიკური ნაბიჯი და არა როგორც სტრატეგიული კურსიდან გადახვევა.

  აქ არ შევდივარ იმ თემის განხილვაში, თუ რამდენად სწორი იყო სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ვლაპარაკობ მხოლოდ ხელისუფლების რიტორიკაზე. ეს რიტორიკა კი იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ლაპარაკობდა ფაქტობრივად ერთსა და იმავე ტექსტს.

  და რამდენადაც რუსეთის თემაზე ადრე ყველა ლაპარაკობდა ერთნაირად, იმდენად განსხვავებულია დღეს სახელმწიფოს ოფიციალური პირებისა და მმართველი გუნდის წევრების რიტორიკა, ვორდინგი და რიგ შემთხვევაში დამოკიდებულებაც.

  აქედან გამომდინარე, საზოგადოების იმ ნაწილში, ვისთვისაც რუსეთი არის ქართული სახელმწიფოს №1 მტერი, მოსკოვში მომღერალ–მოცეკვავეთა ვიზიტები აღიქმება ქვეყნის პოლიტიკაში პრორუსული ტენდენციების მომძლავრების მაუწყებლად, ერთგვარ სიგნალად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე ლაპარაკი შესაძლოა სხვა ტიპის კომპრომისებშიც გადაიზარდოს.

  თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ასეთი განწყობა მარტო ნაცმოძრაობის მომხრეებს აქვთ. ეს ასე არ არის. ანტირუსული განწყობების სპექტრი საქართველოში გაცილებით ფართოა და ბევრად აღემატება ე. წ. მიშისტებს. ამ ფაქტის იგნორირება, არა მგონია, სწორი იყოს.

  თითქოს არაა ეს ისე მნიშვნელოვანი საკითხი, რამდენადაც სახელმწიფოს სტრატეგიული კურსი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე საკმაოდ" ცალსახადაა გაცხადებული, მაგრამ ვფიქრობ უყურადღებობა მაინც არ ეგების და რუსეთთან მიმართებით აშკარად საჭიროა მეტი სიცხადე და მკაფიოობა".

12-10-2014, 10:50
უკან დაბრუნება