თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია, რომელსაც თბილისის მერი, დავით ნარმანია ხელმძღვანელობს, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 27-ე სესიაზე დასასწრებად სტრასბურგში გაემგზავრა.
როგორც ცნობილია, კონგრესი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის მოხსენებას მოისმენს, რის შემდეგაც გაიმართება დებატები და კენჭი ეყრება რეზოლუციას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით.
"სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით, ასევე, მიწვეულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც კონგრესის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ანგარიშს და რეფორმასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს გააცნობს.
დაგეგმილია, ასევე, დავით ნარმანიას შეხვედრა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანთან, ანდრეას კიფერთან და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჯოს ვიენენთან",-აცხადებენ მერიაში.