ამ რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მოადგილე გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა. ეს გადაწყვეტილება მან მედიაში და სოციალურ ქსელებში ატეხილი აჟიოტაჟის გამო მიიღო. ის, რომ ბატონი ქავთარაძე კალაძის მეგობარია და ამის გამო მას უფლება არ ჰქონდა მოადგილედ დაენიშნა, არგუმენტად არ გამოდგება. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომ იგი სააკაშვილის ხელისუფლებაში წამყავნ თანამდებობაზე მუშაობდა, პირდაპირი კომპრომატი არ არის. არავინ საუბრობს იმაზე, არის თუ არა გია ქავთარაძე თავისი საქმის პროფესიონალი და საკუთარი გამოცდილებით შეუძლია თუ არა სარგებელი მოუტანოს ქვეყანას.
სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული საკადრო რესურსების შერჩევის კრიტერიუმი არასდროს ყოფილა პროფესიონალიზმი და ადამიანის შინაგანი ღირსებები. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ყოველთვის ძმა-ბიჭობას, ნათელ-მირონობას და დეიდაშვილ-მამიდაშვილობას ენიჭებოდა. რაც ყველაზე არსებითია, შესანიშნავად მუშაობდა ბოლშევიკების ყბადაღებული ლოზუნგი : "ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია". ანუ განმსაზღვრელი ფაქტორი იდეოლოგიური ერთობა იყო. სამწუხაროდ, ეს მავნე ბაცილა დღესაც განაგრძობს არსებობას.
იდეოლოგიური ნიშნით კადრების შერჩევას გამსახურდიას ხელისუფლებაც ვერ ასცდა_ მათ თითქმის ახლოს არ გაიკარეს ნაკომუნისტარი, მაგრამ გამოცდილი ჩინოვნიკები. მათი ადგილი "რევოლუციონერმა" აქტივისტებმა (ეროვნული მოძრაობის მომხრეებმა) დაიკავეს, რომელთაც მართვის სათანადო გამოცდილება არ გააჩნდათ. დღეს ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ გამსახურდიას საკადრო პოლიტიკა არ უვარგოდა და მის წარუმატებლობას გარკვეულწილად ამას აბრალებენ, რაც იმდროინდელი რეალობის იდენტური ნამდვილად არ არის. ყველა უბედურება, რაც ქვეყანამ ეროვნული ხელისუფლების დამხობით იწვნია, მარტო არასწორი საკადრო პოლიტიკის ბრალი არ არის, თუმცა ლომის წილი რომ ამასაც უდევს, ფაქტია.
ეროვნული ხელისუფლების "შეცდომები" პირდაპირ გაიმეორა შევარდნაძის ხელისუფლებამ. _მანაც ახლოს არ გაიკარა ე.წ. ზვიადისტები, (ყოველშემთხვევაში პირველ ხანებში მაინც) მუხედავად ზოგიერთი მათგანის პროფესიონალიზმისა. პირიქით, დაუნდობელი ბრძოლა დაიწყო მათ წინააღმდეგ, ვინც ზვიადის ანუ ეროვნული ხელისუფლების გვერდში იდგა. შევარდნაძემ ე.წ. "ახალგაზრდა რეფორმატორებთან" ერთად წინა პლანზე წამოსოწია ყოფილი ნაკომუნისტარი ჩინოვნიკები, რამაც ფაქტიურად დამყაყებამდე მიიყვანა მისი ხელისუფლება. ვინც მოქალაქეთა კავშირის წევრი არ გახდებოდა, ფაქტიურად მათ წამყვან თანამდებობაზე არ ნიშნავდნენ - ისინი შევარდნაძის პარტიის იდეოლოგიურ მტრებად მოიაზრებოდნენ.
სააკაშვილმა და მისმა "ნაცბანდამ" ამ თავალსაზრისით ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბეს_ მათ კადრების შერჩევის საკუთარი, არაორდინალური სქემა შეიმუშავეს, რომელსაც ბოლომდე ერთგულებდნენ. დიახ, "ნაცები" კადრებს არა პროფესიონალიზმის, არა გამოცდილების, არამედ, პარტიული კუთვნილების მიხედვით არჩევდნენ. სააკაშვილის მთავრობა და ყველა საჯარო სტრუქტურები გაივსო არაკომპეტენტური, გამოუცდელი კადრებით, რომელთა უმრავლესობა "კმარას" აქტივისტები იყვნენ. მაღალ თანამდებობებზე კადრების "დასკუპების" ერთ-ერთი კრიტერიუმი გრძელი ფეხები და ქალების მაცდური ღიმილიც გახდა, რომელთაც სარგებელი მხოლოდ მათი პროტეჟეებისთვის შეეძლოთ მოეტანათ. ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტარის ასაკი ერთი ახალგაზრდა ქალაბატონის გამო დაწიეს თურმე. ღმერთმა ნუ ქნას, ნაციონალების საკადრო დომხალი "ქართულმა ოცნებამაც" გაიმეოროს.
ახლა ისევ გია ქავთარაძეს დავუბრუნდეთ, რომელიც ჟურნალისტებისა და Facebook-ში ატეხილი სკანდალის მსხვერპლი გახდა. თუ ქავთარაძის კომპრომატი მხოლოდ ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, პირდაპირ ვიტყვი _იგი არ უნდა გადამდგარიყო. რამდენადაც ვიცი, ბატონი გია გამოცდილი იურისტია და სხვათაშორის, სათანადო აღზრდითაც გამოირჩევა-საკმაოდ დახვეწილი და კონტაქტურია. აქედან გამომდინარე, მინდა ვუსაყვედურო ბატონ კახა კალაძეს თავისი ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო. თუ იცი, რომ ის პროფესიონალია და კრიმინალი არ არის, მაშინ, ბოლომდე უნდა დაიცვა შენი კანდიდატურა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოხდა.
საკადრო რესურსების შერჩევა ღია და გამჭვირვალე შეიძლება იყოს, მაგრამ ვიღაც-ვიღაცების გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ვინ სად უნდა დაინიშნოს. როცა ახალი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოდის, ის ყველაფერზე იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის საკადრო პოლიტიკაზეც!
მე პირადად, უდიდეს პატივს ვცემ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს: ქალბატონ ლია მუხაშავრიას, ბატონებს დიმიტრი ლორთქიფანიძეს და გელა ნიკოლაიშვილს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი აჟიოტაჟი საჭირო არ არის. საზოგადოება კარგად იცნობს სამივე კანდიდატის ღვაწლს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, მათ შორის, იცნობს დღევანდელი მთავრობაც. აქედან გამომდინარე, არასამთავროების ინიციატივა დაინიშნოს ესა თუ ის კანდიდატი სახალხო დამცველის თანამდებობაზე, მთლად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
ასევე საზოგადოებაში ვრცელდება ხმები იმის თაობაზე, რომ საკადრო პოლიტიკაში ახალი მთავრობაც მოიკოჭლებს. ასახელებენ კონკრეტულ გვარებსაც, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებაში კორუმპირებულობითა და სხვა საზოგადოებისთვის მიუღებელი თვისებებით გამოირჩეოდნენ. ცხადია, ეს ყველაფერი რევანშისტების წისქვილზე ასხმას წყალს.
ქვეყანაში ახალმა სიომ დაბერა. აქედან გამომდინარე, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებული მიდგომა უნდა იყო კადრების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაშიც და იგი უპირველესად პროფესიონალიზმს და სხვა ადამიანურ ღირსებებს უნდა ეყრდნობოდეს. ვიყოთ გულწრფელნი: მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯისა, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც მთავრობის დაკომპლექტების პროცესში თანამებრძოლებისთვის ხარკის გადახდამ მოუწია. ზოგი თვლის, რომ ეს გარდამავალი მთავრობაა, ახალი პრემიერ-მინისტრი "ოქროს რეზერვს" მომავლისთვის ინახავს. ღმერთმა ქნას, ასეც იყოს, თუმცა, საზოგადოების მხრიდან პრეტენზიები უფრო დაბალ იერარქებზე ისმის-მინისტრის მოადგილეებიდან დაწყებული, სამსახურების ხელმძღვანელებით დამთავრებული. თუ ქვეყანაში სათანადო პოლიტიკური ნება იარსებებს, შესაძლებელია აღინიშნული პრობლემის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა, ამისთვის აუცილებელია ისეთი დამოუკიდებელი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც კადრების შერჩევის მონიტორინგთან ერთად სახელმწიფო ჩინოვნიკების საქმიანობასაც გააკონტროლებს. აღნიშნული სტრუქტურა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინიციაიტივით უნდა შეიქმნას და მისსავე დაქვემდებარებაში უნდა მოექცეს!
დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სტრუქტურის შესანახი ხარჯები 10-ჯერ და უფრო მეტ უკუგებას მისცემს ქვეყანას უახლოეს მომავალში.
ვფიქრობ, სტრუქტურის სახელწოდება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს "საჯარო მოხელეთა საქმიანობაზე ზედამხედველობის (მონიტორინგის) სახელმწიფო სააგენტო". კიდევ ვიმეორებ: ეს იქნება დამოუკიდებელი, მოქნილი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საჯარო მოხელეთა (სახელმწიფო ჩინოვნიკთა) საქმიანობას. ამასთან, თვალყურს მიადევნებს საკადრო რესურსების შერჩევის პრაქტიკას, საჯაროს გახდის სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობის-თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გულგრილობის ფაქტებს.
სააგენტო უნდა იყოს ღია ტიპის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება. იგი ხელს შეუწყობს პრემიერ-მინისტრს გააკონტროლოს სახელმწიფო ჩინოვნიკთა საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ადეკვატური ზომები ადგილებზე სიტუაციის გამოსასწორებლად. სტრუქტურა უნდა დაკომპლექტდეს სხვადასხვა სპეციალობის მაღალპროფესიონალი კადრებით, რომლებსაც ექნებათ კონკრეტული ფაქტების განზოგადებისა და მონიტორინგის გაწევის გამოცდილება.
მავანი იკითხავს, რა საჭიროა კიდევ ერთი მაკონტროლებელი სტრუქტურა ამდენი მაკონტროლებლების ფონზე?! საქმეც იმაშია, რომ ეს მაკონტროლებლები თავიანთ ფუნქციებს სათანადოდ არ, ან ვერ ასრულებენ. ყოველ შემთხვევაში, სამინისტროებთან და უწყებებთან არსებული გენინსპექციები თავიაანთი კოლეგების "ტყავს" იშვიათად ხევენ და მათი საქმიანობა უფრო ხშირად მოჩვენებითი ღონისძიებების ხასიათს ატარებს. მითუმეტეს, სახელისუფლებო სისტემაში არ არსებობს ისეთი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ კადრების შერჩევისა და სახელმწიფო ჩინოვნიკთა საქმიანობის მონიტორინგზე იყოს ორიენტირებული.
ვფიქრობ, თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების თანმხვედრი იქნება, ანალოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბება ბევრ კითხვის ნიშანს გააქრობს და ბევრ უხერხულობასაც აგვაცილებს თავიდან.
თუ რა სტატუსი და ფუნქციები უნდა გააჩნდეს ჩემს მიერ შემოთავაზებულ სააგენტოს, ეს უფრო კონკრეტული განხილვის თემაა.
ზაურ ნაჭყებია