ბოლო დროს, თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საშუალებებითა და გზებით უნდა დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირსა და ზოგადად ბებერი კონტინენტის ელიტარულ თუ ცივილურ ოჯახში.
იმისათვის, რომ აღნიშნულ მიზანს მიაღწიონ, წამყვანი ქვეყნის ლიდერები და დასავლელი პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო აპარატის მხრიდან გარკვეული ნორმატივების, სტანდარტების, კრიტერიუმებისა და პარამეტრების დაკმაყოფილებას ითხოვენ როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ "მორალურ" სიბრტყეზე.
ვიდრე სახელდობრ ადგილობრივ რეალობასა და საგარეო ფონს განვიხილავდეთ, უპრიანი იქნება განვმარტოთ საკუთრივ "ევროპისა" და "ევროპელობის" ისტორიული დეფინიცია თუ საიდენტიფიკაციო დამღა, რომელიც ამ უმშვენიერეს და ამავე დროს თვალთმაქცურად კეკლუც კონტინენტს ახასიათებს.
საკუთრივ სახელდების ეტიმოლოგია კი ასეთია: სიტყვა "ევროპა" ბერძნული მითოლოგიიდან მომდინარეობს. ასე ერქვა ფინიკიის მეფის, აგენორისა და ტელეფასას ასულს, რომელიც ზღვაში ბანაობისას ზევსმა დაინახა და ძალიან მოეწონა. ის ქალიშვილის თეთრი ხარის სახით გამოეცხადა, მოიტაცა და კუნძულ კრეტაზე წაიყვანა. აქ მათ სამი შვილი ეყოლათ: მინოსი (მომავალში კრეტის ლეგენდარული მეფე), რადამანთისი და სარპედონი. სწორედ ამ ასულის სახელი უწოდეს ბერძნებმა კონტინენტს. ნიშანდობლივია, რომ ჰომეროსისათვის "ევროპა" კრეტის მითიური დედოფალი იყო და არა გეოგრაფიული სახელწოდება.
ევროპის ფართობი 10 180 000 კმ2-ია, მოსახლეობა კი 742 452 000. იგი ტერიტორიის მხრივ მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია.
მას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. მიუხედავად არც თუ ისე დიდი ფართობისა, ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. განსხვავებულია ასევე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, სამეურნეო საქმიანობა, პოლიტიკური რუკა და სხვ.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია, მათ შორის 4 დიდი "შვიდეულიდან". იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. აქედან გადიოდა უძველესი სავაჭრო გზები. ამასთან, ახალი ქვეყნების აღმოჩენის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპას ეკუთვნის.
ფაქტია, რომ ევროპული ცივილიზაცია, თავისი კულტურული თვითმყოფადობით სამ ფუძემდებლურ პოსტულატს ემყარება, ესენია: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და ქრისტიანული სარწმუნოება. შესაბამისად ცხადია, რომ ნებისმიერი მატერიალურ–სულიერი დარგი, დისციპლინა თუ მიმართულება, რომელიც კი ევროპაში ჩაისახა და განვითარდა, ამ სამწახნაგოვანი სვეტის ბუნებრივი გაგრძელებაა.
ამრიგად, რამდენადაც ევროპული ცივილიზაცია ზემოთ მოხმობილ საკრალურ ღირებულებებს ეფუძნება. ამდენად საჭიროდ მივიჩნევ, რომ მის შუქზე, ობიექტურად განვიხილოთ საქართველოს ეროვნულ-კულტურული ფასეულობები და ყველა ის მსგავსება, რომლითაც საკუთრივ ევროპული საუნჯის ერთ-ერთი მკვებავის – ქართული (კოლხეთი, დიაოხი, იბერია, ეგრისი, ქართლ-კახეთი) იდენტობისათვის არის დამახასიათებელი.
მაშ ასე, თანმიმდევრულად მივყვეთ ისტორიული განვითარების ექსკურსს და ქრონოლოგიურად წარმოვადგინოთ ქართული დნმ-ის ის ნიშან-თვისებები, რომლითაც ის ჭეშმარიტ ევროპელობას გულისხმობს.
* * *
თუკი ევროპა ფილოსოფიის ძირძველი სკოლაა, მას არც ჩვენ ჩამოვრჩებით. აგერ უკვე 411–491 წწ. გვყავდა პეტრე იბერი – ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის იყო იბერიის მეფის – ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი. ცნობილია, რომ მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი.
აგრეთვე შეუძლებელია არ ვახსენოთ არსენ იყალთოელი, XI-XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი. წყაროებში იხსენიება ვაჩეს ძედ. მან განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე.წ. მანგანის აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ მიქაელ ფსელოსი და იოანე ნომოფილაქსი. აქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა.
ამასთან, აუცილებლად უნდა მოვიგონოთ იოანე პეტრიწი – XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი. იგი წარმოშობით სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი შთამომავლობისა. ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტიური რენესანსის წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი.
ალბათ, ხსენების ღირსია მერაბ მამარდაშვილიც (დ. 15 სექტემბერი, 1930 – გ. 25 ნოემბერი, 1990) – დიდი ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972). იგი სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. ამჟამად, დასავლეთ ევროპაში ძალზე პოპულარულია მისი სამეცნიერო კვლევები.
თუკი ევროპა სამართლისა და იურისპოდენციის შემქმნელია, აღსანიშნავია, რომ ამ მხრივაც მოგვეპოვება ადგილობრივი საგანძური. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი "გარიგება ხელმწიფის კარისა" და საისტორიო წყარო "გელათური ქორონიკონი".
აგრეთვე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ "დასტურლამალი მეფის ვახტანგისა", – ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლი, რომელიც შეადგინა ვახტანგ VI-მ 1707-1709 წლებში.
არსებობს ასევე ქართული საეკლესიო, საკანონმდებლო ძეგლები, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია: "რუის–ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრების ძეგლისწერა", რომელიც დავით აღმაშენებელმა მიიღო და "კათალიკოსთა სამართალი", რომელიც XVI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებამ დაადგინა.
უცხოური წყაროებიდან აღსანიშნავია "დიდი სჯულის კანონი", რომელიც უცნობ ავტორს ეკუთვნის და XII საუკუნეში არსენ იყალთოელის მიერ, ბერძნულიდან ქართულადაც ითარგმნა. მეორე ეს არის "მცირე სჯულის კანონი", რომელიც საეკლესიო სამართლის ცნობილმა სპეციალისტმა ექვთიმე მთაწმინდელმა XI -ს.–ში შეადგინა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მეფე დავით აღმაშენებლის უფლებამოსილებაში შედიოდა მართლმსაჯულების განხორციელება, ის იყო უზენაესი მსაჯული. მან შემოიღო სპეციალური სასამართლო ე.წ. "სააჯო კარი", რომელიც უზენაესი სასამართლო იყო.
ასევე საგულისხმოა, რომ უკვე მოგვიანებით XIV საუკუნის დასაწყისში, სპეციალურად აღმოსავლეთ მთიულეთისათვის შეიქმნა გიორგი ბრწყინვალის სამართლის წიგნიც.
თუკი ევროპა ქრისტიანობის უმთავრესი მიმდევარია, უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ I საუკუნიდან საქართველოში უშუალოდ მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს ქრისტიანობა. შემდეგ იყო წმ. ნინო განმანათლებელი 326 წელს, რომელმაც ხელმეორედ გააქრისტიანა აღმოსავლეთ საქართველო. ასევე ასურელი მამები, რომელნიც VI - საუკუნის 30 – იან წლებში მოგვევლინენ და დააარსეს სამონასტრო კულტურა. ნიშანდობლივია ისიც, რომ მაცხოვრის კვართის მცველად საქართველოს ეკლესია მიიჩნევა.
მსოფლიო ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტიანულ სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალ-ვნებული და მოწამეობრივი ეკლესია (მარტო ეს კმარა დასამოწმებლად: 100 000 მოწამე - 1226 წ.; 6000 გარეჯელი მოწამეები-1616 წ.), სწორედ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური (468 წლიდან დამოუკიდებელია) მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელსაც ერეტიკოსთა ფართო ზეგავლენა პრაქტიკულად არც არასდროს განუცდია.
ფრანგი თეოლოგი – რემონ ჟანენი ამბობდა: "აღმოსავლეთის ეკლესიებში საქართველოს ეკლესია უსათუოდ ერთი უწარჩინებულესთაგანია, არა მარტო იმ წმინდანებითა და მეცნიერებით, რომლებიც მან წარმოშვა, და სასულიერო ხელოვნების ნამოქმედარითა, რომლის ზოგიერთმა ძვირფასმა ნიმუშებმა ჩვენამდე მოაღწია, არამედ თავის ბრწყინვალებითა და ზედ-გავლენით, მრავალ უცხო ქვეყნებში რომ მოიპოვა, და აგრეთვე მუდმივი ბრძოლით, ყოველთვის რომ აწარმოებდა თავის შვილთა სარწმუნოების დასაცავად. მისი ეს ბრწყინვალე სხივოსნობა თვალსაჩინო შეიქმნა განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში, უფრო მეტად კი მთა-წმიდასა და პალესტინაში. საშუალო საუკუნეთა რამდენიმე ასი წლის განმავლობაში მას სახელი გაუთქვა მისმა სამხედრო ძლიერებამ, საზღვარგარეთ გაფანტულ ასობით ბერ-მონაზონთა სათნოებამ, სასულიერო-საქველმოქმედო დაწესებულებებმა და მისი მწერლობის სამწიგნობრო და სასულიერო ღვაწლმა… ინებოს ღმერთმა და წარსული დიდების ხსოვნამ შთააგონოს ქართველებს, რათა დაიბრუნონ ის საპატიო ადგილი, რომელი მათ უნდა ეკუთვნოდეს იესო ქრისტეს მიერ დამყარებულ ერთადერთ მსოფლიო ეკლესიის წიაღში".
თუკი ევროპა ღვინის სამშობლოა, ჯერ კიდევ I საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი აღნიშნავდა, რომ გარდა გზებისა, არქიტექტრულად მოწყობილი და კრამიტით გადახურული შენობა–ნაგებობებისა, კოლხები ღვინოსაც კარგად აყენებდნენო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა ქართული ვაზის მეტად უნიკალური სახეობები, რომელსაც ტრადიციულად საერთაშორისო ბაზარზე დღესაც დიდად აფასებენ.
თუკი ევროპა ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკისა და პოეზიის აკვანია, ქართველებს ჯერ კიდევ ფარნავაზის დროიდან (იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. IV–III საუკუნეებში) გვქონდა დამწერლობა (დღემდე არსებული 14 დამწერლობიდან ერთ–ერთი ქართულია). შესაბამისად, რაღა თქმა უნდა, იქმნებოდა სხვადასხვა ჟანრის თხზულებებიც, მაგრამ ჟამთა სიავის გამო, ჩვენამდე რამაც მოაღწია, იქიდან ყველაზე ადრეული წერილობითი ძეგლი იაკობ ხუცესის მიერ შექმნილი ჰაგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები "შუშანიკის წამებაა", (სადაც ნახსენებია "ევანგელე", ანუ იგივე სახარება) რომელიც V საუკუნით თარიღდება.
ღირშესანიშნავია ასევე სახარების ქართულენოვანი ხელნაწერები, რომლებიც მოღწეულია V საუკუნიდან. ეს ოთხთავები კანონიკური ხასიათის წიგნებია, რომლებიც მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებს მოიცავს. ადრეული პალიმფსესტების სახით გვხვდება ცალკეულ სახარებათა ფრაგმენტებიც. მკვლევართა დიდი ნაწილის მოსაზრებით სწორედ ოთხთავია ის წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ამ ვარაუდს ამყარებენ V-VII საუკუნეებით დათარიღებული პალიმფსესტები, რომელთა ქვედა ფენებზეც სახარების ტექსტებია მოცემული.
არსებობს ოთხთავის (ოთხი სახარების) ქართულენოვანი ტექსტის რამდენიმე რედაქცია არსებობს. უძველესია ე.წ. ხანმეტი რედაქცია, რომელიც V საუკუნით თარიღდება. ამასთან, დღემდე შემორჩენილია: ადიშის – 897 წელი, პარხლის – 973 წელი, ჯრუჭის – 940 წელი, მარტვილის – 1050 წელი, ალავერდის – 1054 წელი, მოქვის – 1300 წელი, და სხვა ოთხთავები.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს "ვეფხისტყაოსანი" — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა, რომელიც სამყაროს საგანძურშია შეტანილი.
ვგონებ, ნიშანდობლივია გამოჩენილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – ჰოვანეს თუმანიანის სიტყვებიც: "ყოველი ქართველი პოეტია, ხოლო ქართველი პოეტი – ორმაგ პოეტი"-ო.
ასევე, როცა სამწერლობო კულტურაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს მეფე ვახტანგ VI-ის სტამბაც, რომელიც იყო პირველი ქართული სტამბა. დაარსდა 1708-1709 წლებში თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სპეციალურად აგებულ შენობაში. აქ დაიბეჭდა მრავალი საგანმანათლებლო წიგნი, მათ შორის, ვეფხისტყაოსანიც –1712 წ.
რაც შეეხება მუსიკას, ცნობილია, რომ ძველი ქართული საგალობლების დიდი ნაწილი თავმოყრილია მიქაელ მოდრეკილის "იადგარში", რომელიც 978-988 წლებით თარიღდება. ასევე, გამოსაყოფია უფრო გვიანდელი მოღვაწენიც: ზაქარია ფალიაშვილი და გია ყანჩელი, რომლებიც მსოფლიო კლასიკოსებად მიიჩნევიან.
მხატვრობაზე მსჯელობისას კი, საკმარისია თვალი მოვავლოთ ეკლესია–მონასტრების ფერწერას, გავიხსენოთ ნიკო ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი და ზურაბ წერეთელი, რომ პატივისცემით განვიმსჭვალოთ ქართული სამხატვრო საუნჯისადმი, რომელსაც საზღვარგარეთაც დიდად შენატრიან.
თუკი ევროპა არქიტექტურისა და მშენებლობის მწვერვალია, ამ სფეროშიც ერთობ დიდებული მემკვიდრეობა გაგვაჩნია. ჯერ მარტო "უფლისციხისა" და "ვარძიის" ხსენებაც კმარა, თუმცა გარდა ამ ორი დიდებული ქალაქისა, ქვეყანაში არსებული 1400 ტაძარი, უამრავი ციხე–კოშკი და ძირძველი ხიდებიც მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად განვითარებული იყო ჩვენში არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება.
თუკი ევროპა პარლამენტარიზმის წიაღია, ცნობილია, რომ ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს უნდა დაარსებულიყო "კარავი", პარლამენტის მსგავსი დაწესებულება, რომლის შექმნაც მოსთხოვა ყუთლუ-არსლანის პოლიტიკურმა დასმა საქართველოს მეფეს, თამარს. მიუხედავად იმისა, რომ იდეა ბოლომდე ვერ განხორციელდა, ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა და პროგრამა ნათლად გვიჩვენებს, თუ განვითარების რა მაღალ დონეზე იდგა ქართული საზოგადოებრიობა, რომელიც ჯერ კიდევ XII საუკუნეში მოითხოვდა სახელმწიფო წეს-წყობილების შეცვლას და ე. წ. კონსტიტიციური მონარქიის შექმნას.
თუკი ევროპა განათლებისა და პროგრესის ფლაგმანია, მხოლოდ იმის გახსენებაც კმარა, რომ საქართველოში ორი მსოფლიო დონის აკადემია არსებობდა: გელათის – 1106 წ. და იყალთოს – XI-XII ს. ამასთან თბილისის სახემლმწიფო უნივერსიტეტი – (1918 წ.), რომელმაც დიადი მეცნიერები წარმოშვა. აღარაფერს ვამბობ ჩვენს ურიცხვ მწერლებსა და პოეტებზე, მეცნიერებსა და მკვლევარებზე, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
ვფიქრობ, საინტერესოა, დიდი გერმანელი ფილოსოფოსის – ჰეგელის სიტყვებიც, რომელიც ამგვარად ჟღერს: "მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას… აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობასავით მოშავდებიან, წამიერად ანგრევენდა სამაგიეროდ არაფერს არ აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება".
თუკი ევროპა ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, ამ მხრივაც მუდამ გამოვირჩეოდით ქართველები, სადაც ოთხი სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენელნი მშვიდობიანად თავსებოდნენ ერთმანეთში. ამის ილუსტრაციას წარმოადგენს დედაქალაქ თბილისში მდებარე "აბანოთუბანი", სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის შენობა–ნაგებობა მოგვეპოვება.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 26 საუკუნოვანი მეგობრობა ებრაელებთან, რომლებიც დღესაც მადლიერებით იხსენებენ საქართველოს, რადგან საუკუნეთა მანძილზე, არცერთხელ რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე მათთან უთანხმოება არ ყოფილა.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემი, რომელიც 400 000 – მდეა მოსახლეს მოიცავს და, რომლებსაც საქართველოში 350-ზე მეტი მეჩეთი და სამლოცველო აქვთ.
შეიძლება ასევე დავასახელოთ მრავალიერი და სარწმუნოება, რომლებიც ყოველთვის ძალიან კომფორტულად და ლაღად გრძნობდნენ თავს საქართველოში და ეს ტრადიცია დღესაც უცვლელად გრძელდება.
საქართველო, რომ ოდითგანვე ყველაზე არაკონფლიქტური და მეგობრული ქვეყანაა, ამაზე მიუთითებს გამოჩენილი უკრაინელი დრამატურგისა და პოეტის, ლესია უკრაინკას (1871-1913) სიტყვებიც: "ქართველები კავკასიაში მუდამ პირველები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლის სულისკვეთებით… თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს მეზობელ ხალხთა ურთიერთობებს, უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ქართველები, როგორც მეზობლები, ქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესონი არიან".
თუკი ევროპა ზნეობისა და ოჯახის მეხოტბეა, ჩვენც შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა დაკანონებული პოლიგამია და ინცესტი. საქართველოს არც ამჟამინდელი ვაი-ევროპის მსგავსად არ შეუწყვია ხელი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის, პედოფილიისა და გარყვნილებისათვის. არც კრემაციით არ დაგვიტირია ჩვენი გარდაცვლილები და არც ბავშვები არ მიგვიშვილებია ერთსქესიან წყვილებზე.
უნებლიედ გამახსენდა იტალიელი სცენარისტის, ტონინო გუერას სიტყვები. ის გულმხურვალედ ამბობდა: "თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების მორალური წესი".
აქვე სიამოვნებით მოვიხმობდი ცნობილი რუსი პოეტის, პროზაიკოსისა და პუბლიცისტის ევგენი ევტუშენკოს სიტყვებს: "ვიცი, რუსად რომ არ დავბადებულიყავი, ქართველ კაცობას ვარჩევდი ამ ქვეყნად"-ო.
თუკი ევროპა საბრძოლო ხელოვნებისა და ვაჟკაცობის ეტალონია, ამ კუთხითაც შეიძლება ითქვას რომ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ჩვენც გაგვაჩნია ეროვნული ტრადიციები. დღევანდელი "ხრიდოლი", "ხევსურული ფარიკაობა" და "შავფაროსნობა" ხომ იმ ძირძველი სკოლის გაგრძელებაა. ამასთან უნდა ითქვას, რომ საქართველოში ყველა ტიპის იარაღი არსებობდა. ხმალი, ხანჯალი, შუბი, მშვილდი, ორპირანაჯახი, გურზი. საქართველოში იარაღის წარმოება ბრინჯაოს ხანიდან ხდებოდა. ძველთაგანვე მეომარი ხალხი ვიყავით. რაც შეეხება სახასიათო იარაღებს, პირველი უნიკალური ნიმუში რაც გვაქვს, არის კოლხური ხელცული, რომლის ანალოგი სხვაგან არ მოიპოვება.
ალბათ ომებისა და ბრძოლების სიუხვის ხსენებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ქართველი ერის სიმამაცეზე ვიმსჯელოთ, მით უფრო იმიტომ, რომ ამ გარჯამ დღემდე შემოგვინახა სახელმწიფოებრიობა და გადაგვარჩინა როგორც ეთნოსი.
ძალზე საინტერესოა ამ მხრივ იტალიელი მოგზაურის მარკო პოლოს (1254 -1324 წწ.) დახასიათებაც: "ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან, მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არამარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება".
მახსენდება შაჰ-აბასის მიერ სიკვდილის წინ წარმოთქმული ცნობილი სიტყვებიც: "ორი მტერი ვერ დავამარცხე ამ ქვეყნად – ქართველები და სიკვდილი"-ო.
უფრო გვიან კი, ბოროდინოს ბრძოლის წინ ნაპოლეონს უთქვამს მეფის ელჩისთვის: "რუსეთში ამჟამად არ არიან კარგი გენერლები. ერთადერთი გამონაკლისია ბაგრატიონი"-ო.
თუკი ევროპა თეატრი და კინემატოგრაფიაა, ქართულ სინამდვილეშიც დადგმულა არაჩვეულებრივი სპექტაკლები, თუნდაც მხოლოდ რობერტ სტურუას ხსენება რად ღირს, რომელსაც თანამედროვე ეპოქაში, მსოფლიო საზოგადოება კორიფედ იხსენიებს.
ასევე დაუვიწყარია ფილმების: "მონანიება", "შერეკილები", "დათა თუთაშხია","რაც გინახავს ვეღარ ნახავ", "ნერგები", "ბებერი მეზურნეები","ნატვრისხე", "ლუკას სახარება", "უძინართა მზე", "ფესვები", "ჯარისკაცის მამა" და სხვათა კინო–სიუჟეტები, რომლებიც მთელმა კაცობრიბამ შედევრებად აღიარა. თანაც არ დაგვავიწყდეს, თუ რამხელა ზეწოლისა და ცენზურის ქვეშ უხდებოდათ მუშაობა ჩვენს სცენარისტებსა და რეჟისორებს.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მიჩნდება რიტორიკული და ლეგიტიმური 10 კითხვა ამჟამინდელი ევროპისა და ევროპელობისადმი სნობურად მოთაყვანე ადამიანების მიმართ:
1) დღევანდელი ევროპა შემთხვევით საკუთარი იდენტიფიკაციისა და გენის მოღალატე ხომ არ არის?
2) უნებლიედ ფესვები ხომ არ ჩაიჭრა თავისივე უგუნურებისა და რაღაც ნოვატორული მოდერნიზმის გამო?
3) არის კი ის წინაპართა დიადი იდეალების გამგრძელებელი?
4) ახსოვს კი მას შექსპირისეული რომანტიზმი და დანტესეული ჭვრეტით აღსავსე პოეტური ექსპრესია?
5) იცავს კი ერთ დროს დაქადნებულ ოჯახის ქრისტიანულ პრინციპებსა და სიწმინდეს?
6) ახლანდელი მდგომარეობით, როცა პორნოგრაფია და ეროტიკა მის უმთავრეს მიდრეკილებად თუ პრიორიტეტად გვევლინება, გადაიღებს კი ის კვლავაც "ჭირვეულის მორჯულებას", "ბინგო–ბონგოს", "შერბურის ქოლგებს", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს", "ქალსა და მამაკაცს", "ლეონარდო და ვინჩის" და სხვა გენიალურ ფილმებს?
7) დაიცავს კი ის ადამიანის ღირსებასა და მორალურ ფასეულობებს, თუ ახალი "სამართლის" დემოკრატიული კანონმდებლობითა და ლიბერალური პრინციპებით დააჩქარებს მის ჩამოპირუტყვებასა და გახრწნას?
8) თანამედროვე ნეო-ევროპელი მამაკაცი თავის საცოლეს (ქალს) აუხსნის კი სიყვარულს შარლ ბოდლერის, ჯოვანი ბოკაჩოს, შანდორ პეტეფის, ფრანსუა ვიიონისა და ფედერიკო გარსია ლორკას სატრფიალო სიტყვებით? თუ პირდაპირ სექსითა და კლუბურ გართობაზე მიპატიჟებით ეცდება მის მოხიბვლას?
9) ამ უსახურ და უბირ გარემოში, ნეტავ კვლავაც დაიბადება ისევაც: შტრაუსი, ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, ვერდი, კარუზო, პავაროტი და მათნაირი გენიოსები? თუ ემინემის, ლედი გაგას, შერის, ოზი ოსბორნის, ფორიდჯის, ელტონ ჯონის, ჯორჯ მაიკლისა და რამშთეინის "შედევრებით" დაკბება?
10) არის თუ არა ის ამერიკის მონა და იბრძვის თუ არა "ნატოს" ეგიდით (სადაც უამრავი უდანაშაულო მოსახლეობა იხოცება) ენერგომატარებლების ხელში ჩასაგდებად თუ თეთრი სახლის ჰეგემონისტური ამბიციების საამებლად?
ამ კითხვებზე პასუხი თავად მკითხველისათვის მიმინდვია.
ანტიდასავლურობაში არ ჩამომართვათ და ჩვენ საითკენ და რატომ მივდივართ ვიცით საერთოდ? იქ სადაც მათზე (მხოლოდ გეოგრაფიულადღა ევროპელებზე) უფრო ევროპულად და ტრადიციულად ვდგავართ? აქეთ ხომ არ მოგვბაძონ?
მაინც და მაინც გეი–აღლუმებითა და ათეისტური მსოფლმედველობით უნდა მიგვიღონ ევროკავშირში? რით ვერ გაიგეს, რომ მათზე არანაკლები, ბევრად უფრო შემონახული ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და, თუ რეალობის დანახვა არ სურთ, მაშინ თავი დაგვანებონ საერთოდ, ცრუ დაპირებებს მოეშვან და მათდამი სწრაფვაში ნუღარ გადაგვკიდებენ დანარჩენ მსოფლიოს!
P.S. სამწუხაროდ, უბედურება ის არის, რომ საქართველოსთვის ყველა მტერია, დაწყებული აგრესორი რუსეთით, გაგრძელებული ვითომ მსოფლიოს დემოკრატიზაციაზე დამაშვრალი ამერიკითა და დამთავრებული შეშფოთებული ევროპით, რომელთაც მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ.
გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), მწერალი.