დღეს სვეტიცხოვლობა. კვართის დღესასწაული იმართება მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში. მცხეთობის დღესასწაული 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.
დღესასწაული დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად "კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
ლეგენდა გვეუბნება, რომ იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.
ოდითგანვე ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა ნადიმი.
ივერიონი
გილოცავთ სვეტიცხოვლობას
და უფლის მფარველობას უსურვებს სრულიად საქართველოს!