დღეს კინოთეატრ "ამირანში" პირველი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი კავკასიაში "CinéDOC-თბილისი" იხსნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალს წელს ებრაელი რეჟისორის დანი ვასერმანის დოკუმენტური ფილმი "Do you believe in love" გახსნის. ჩვენებას ფილმის პროდიუსერი ბარაკ ჰეიმენი, ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტები, საერთაშორისო ფონდებისა და ტელევიზიების, ფესტივალის მხარდამჭერი სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სამინისტროს განცხადებით, "CinéDOC-თბილისი" შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს. 14-19 ოქტომბერს, 5 დღის განმავლობაში მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ქართული რეალობისთვის აქტუალურ თემებს შეეხება.
ფესტივალი წელს ტრადიციული 3 სექციის გარდა - "საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა", "Focus Caucasus", „CinéDOC-Young", რამდენიმე ახალ სექციას აერთიანებს: "უკრაინის ხმები", სადაც ნაჩვენები იქნება სამი თანამედროვე უკრაინული დოკუმენტური ფილმი და სექცია "სხვა სივრცე", რომელიც მაყურებელს მიგრაციისა და ემიგრაციის თემასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმებს სთავაზობს.
სამინისტროს განცხადებით, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება "IDFA Bertha Fund"-ის მიერ დაფინანსებული საუკეთესო ფილმები სექციაში "IDFA fokusi". სპეციალური ჩვენებების შემდეგ თემების გარშემო ვრცელი დისკუსია გაიმართება; პროფესიონალებისთვის ინდუსტრიული შეხვედრები (გოეთეს ინსტიტუტი) მოეწყობა და საფესტივალო კაფეში Divan დოკუმენტური კინოს მოყვარულებისთვის თოქშოუები ჩატარდება.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად.