კახი კახიშვილის სასჯელაღსრულების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითად შეხვდა - ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი პრინციპული და პროფესიონალი კადრის პენიტენციალურ სისტემაში მისვლა სიტუაციას დაალაგებს და უწყებასაც ფეხზე დააყენებს.
თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ სამოქალაქო სექტორმა კახიშვილის სახით საკმაოდ კომპეტენტური ექსპერტი დაკარგა და მას თავის პოზიციაზე (ექსპერტად) უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. მითუმეტეს, კახიშვილი უწყების პირველი პირი არ არის და ამდენად, პოლიტიკას დამოუკიდებლად ვერ წარმართავს!
არის ამ მოსაზრებაში ჭეშმარიტების მარცვალი - რაც არ უნდა კომპეტენტური და პრინციპული კადრი მივიდეს უწყებაში, თუ იგი „პირველი სიმი“ არ არის და პოლიტიკას თვითონ არ განსაზღვრავს, მის ძალისხმევას ფრთები ეკვეცება. აქედან გამომდინარე, ასეთი კადრების საჯარო სისტემაში მოღვაწეობა ან არსებული სტატუს-კვოს შერწყმა-შეგუებით, ან პროტესტის ნიშნად გადადგომით მთავრდება ხოლმე!
კახა კახიშვილზე, როგორც კვალიფიციურ იურისტზე და ასევე კვალიფიციურ პოლიტოლოგზე (ექსპერტზე) არავინ არ კამათობს, მაგრამ როგორი ჩინოვნიკი იქნება იგი და რამდენად გაართმევს თავს დაანონსებულ რეფორმებს პენიტენციალურ სისტემაში, წინასწარი განჭვრეტა საკმაოდ ძნელია.
სხვათაშორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოციალურ ქსელში დაიწყო კახიშვილის მხარდასაჭერი აქციები - მისი გამოცდილებისა და საქმიანი თვისებებიდან გამომდინარე, ყველა თვლიდა, რომ იგი საუკეთესო მთავარი პროკურორი იქნებოდა (დღესაც შემორჩა სოციალურ ქსელში ჯგუფი - „კახი კახიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად“), თუმცა ივანიშვილმა საზოგადოების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მთავარ პროკურორად მისივე გუნდის წევრი არჩილ კბილაშვილი მოგვივლინა.
სხვათაშორის, ეს თემა კბილაშილის გადადგომის შემდეგაც იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ისევ დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“...
ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ახალი ინიციატივა გამოჩნდა - კახიშვილი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელეს, თუმცა ინიციატივამ ამ შემთხვევაშიც კრახი განიცადა - ივანიშვილმა არჩევანი დავით ნარმანიაზე შეაჩერა, ხოლო თავად კახა კახიშვიმა არასერიოზულად მიიჩნია მისი თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება, რადგან ჯერ ერთი, ეს მისი ადგილი არ იყო, მეორეც, სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერის გარეშე ყოველგვარი ცდა აზრს კარგავდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება, განებივრებული იყო კახიშვილის მხრიდან პოლიტიკურ-სამართლებრივი სიტუაციის კვალიფიციური ანალიზით, მისი კრიტიკის მახვილი ყოველთვის კორექტული და მოზომილი გახლდათ, განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა ამ ბოლო თვეებში, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი საჯარო სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა!
ვერავინ დამარწმუნებს, რომ კახი კახიშვილის კანდიდატურა სასჯელაღსრულების მინისტრის პირველ მოადგილედ უწყების „ამოსაქაჩად“ და პენიტენციალურ სისტემაში წესრიგის დასამყარებლად შეირჩა. ეს რომ ნდომოდათ, არავინ უშლიდა ღარიბაშვილს ახალი მტავრობის წარდგენისას არჩევანი მასზე შეეჩერებინა. თუმცა, ამ შემთხვევაში ორ ვერსიასთან შეიძლება გვქონდეს საქმე:
პირველი, კახიშვილის სახით რეალური ოპონენტი მოიშორეს. ახლაც არავინ უშლის მას ჰქონდეს საკუთარი აზრი სამართლებრივ სივრცეში არსებულ ამა თუ იმ მოვლენაზე, მაგრამ იგი ვიდრე ჩინოვნიკის მანტიამორგებული იქნება, ვალდებულია დაიცვას უწყების მუნდირის ღირსება, ან პროტესტის ნიშნად გადადგეს.
მეორე ვერსიით, კახიშვილს სასჯელაღსრულების მინისტრად ამზადებენ და ახლანდელი სტატუსი შემდგომი „ნახტომისთვის“ სჭირდება!
ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა კახიშვილი, როგორც კვალიფიციური და ობიექტური ექსპერტი დაიკარგა - მან ისეთ უწყებაში შეჰყო ცხვირი, საიდანაც უმწიკვლოდ (ამ შემთხვევაში კორუფციულ ბაცილას არ ვგულისხმობ) გამოსვლა შეუძლებელია.
თეორიულად არსებობს მესამე ვერსიაც - უწყების ყველა შეცდომა თუ ცოდვა, როგორც პოლიტიკის გამტარებელს, მინისტრს აჰკიდონ მხრებზე და კახიშვილი „მშრალზე“ გამოვიდეს. არც ის არის გამორიცხული, მღებრიშვილი მარიონეტის როლში მოგვევლინოს, ხოლო რეალური პოლიტიკა პირველმა მოადგილემ, როგორც უწყების რეფორმის სულისჩამდგმელმა გაატაროს.
თუმცა, რაც არ უნდა ვიმარჩიელოთ, ბოლოს მაინც ერთ კითხვამდე მივდივართ - უნდა თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას პენიტენციალურ სისტემაში გაატაროს რეალური რეფორმები?
თუ ქვეყანაში ამის პოლიტიკური ნება არსებობს, კახიშვილის სახით საჭირო რესურსი სახეზეა.
ვნახოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს!
P.S. მე მაინც ერთი კითხვა არ მასვენებს: გაწირეს თუ თვითონ გაწირა საკუთარი თავი კახი კახიშვილმა და წლობით ნალოლიავებ იმიჯს მაინც ჩინოვნიკობა არჩია?!