ივერიონი / დაგვიანებული რეაქცია გრიგოლიას „რეაქციაზე“, ანუ, უჭირავს თუ არა პუტინს ხელში აფხაზეთის დაბრუნების გასაღები?!

დაგვიანებული რეაქცია გრიგოლიას „რეაქციაზე“, ანუ, უჭირავს თუ არა პუტინს ხელში აფხაზეთის დაბრუნების გასაღები?!

ქართულ თოქ-შოუებს საერთოდ არ ვუყურებ - ნაკლებად მაინტერესებს, ვინ ვის უგორდებოდა ლოგინში, ან როგორ ესმით ქართველ „ვარსკვლავებს“ თანამედროვე ოჯახის ფილოსოფია და რაც მთავარია, თავისუფალი სიყვარული.

სხვათაშორის, არც პოლიტიკური თოქ-შოუები მიზიდავს ხოლმე, რადგან, წინასწარ ვიცი, ვის ჩაძირვას ან, თანამედროვე ტერმინით თუ ვიტყვით, ვის გაპიარებას (შავად ან თეთრად) ემსახურება იგი!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის პათოსი და თოქ-შოუს ლექსიკა, რომლითაც მაყურებლის დარეტიანებას ადვილად ახერხებენ!

ერთხელ ინგა გრიგოლიას პოლიტიკურ თოქ-შოუში მივიღე მონაწილეობა და თავ-ბედი ვიწყევლე, წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლის მონაწილე რომ გავხდი.

ამის შემდეგ ასეთი „სპექტაკლებისთვის“ არც მიყურებია, ხანდახან ინტერნეტსივრცეში თუ მოვკრავ თვალს პატარა ამონარიდებს და იმასაც ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევის მიზნით.

აქედან გამომდინარე, არც ინგა გრიგოლიას პოლიტიკურ თოქ-შოუ მიზიდავს, რადგან, არა მარტო მაღიზიანებს, არამედ სერიოზულად მაფიქრებს კიდეც - ვფიქრობ, რა სარგებლობის, ან რა ზიანის მოტანა შეუძლია ასეთ შორსგამიზნულ პროვოკაციებს საზოგადოებისთვის?!

ამ ბოლო დღეებში ქართული მედიის და ე.წ. პოლიტიკური ბომონდის მსჯელობის საგანი გახდა უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველი „ვარსკვლავები“ მოსკოვში მიხეილ ხუბუტიას თავკაცობით მოწყობილ “თბილისობაზე“ და ემღერათ თუ არა მათ ოკუპანტის მიწაზე?!

საქართველოში გამეფებული ანტირუსული ისტერიის ფონზე ნამდვილად არ მიკვირს, რატომ გახდა #1 თემა თავის დროზე „ნაციონალების“ „კარის მომღერლების“ „გასეირნება“ დიდი რუსეთის დიდ დედაქალაქში.


აქ არა იმდენად თბილისობის დღესასწაულზე ჩასულ ქართველ მომღერალთა მორალურ კრიტერიუმებზეა საუბარი, რამდენადაც პრინციპზე - აქვთ თუ არა უფლება ხელოვნების მოღვაწეებს თავიანთი ნიჭის დემონსტრირება მოახდინონ თუნდაც ოკუპანტის (სანამ საქართველოს ძალით წართმეული ტერიტორიები არ დაუბრუნდება, რუსეთი ამ იარლიყს ვერ მოიშორებს) ტერიტორიაზე?!

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად თვალს ვერ ვუსწორებთ არსებულ რეალობას და ვერ ვაცნობიერებთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერც ძალით და ვერც ისტერიკით დავიბრუნებთ. არსებობს პრაქტიკაში აპრობირებული ტაქტიკა, რომელსაც სახალხო დიპლომატია ეწოდება და რომელშიც ყველაზე დიდი როლი სწორედ ხელოვნებას, ზოგადად კი კულტურას ეკუთვნის!

ის, ვინც რუსეთში ქართული კულტურის მოღვაწეთა ვოიაჟებს ღალატად აღიქვამს, საქართველოს ყველაზე დიდი მოღალატეა, რადგან, ჯერ ერთი, კულტურას საზღვრები არა აქვს და მეორეც, ეს ხელს უწყობს რუსებსა და ქართველებს შორის (ამ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებას არ ვგულისხმობ) ჩატეხილი ხიდის გამრთელებას!
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ფეხქვეშ გავეგოთ რუსეთის „დერჟიმორდა“ პოლიტიკოსებს და მადლობაც ვუთხრათ მათ მიერ გაწეული „ღვაწლისთვის“.

მეორე საკითხი, რომელმაც ხელში კალამი ამაღებინა, მიხეილ ხუბუტიას ფრაზებს უკავშირდება - მან ღიად განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების გასაღები  ღმერთს და ვლადიმერ პუტინს უჭირავს ხელში (დაახლოებით ასე აღიქმება მისი სიტყვები)!

ამჯერად არ შევუდგები მიხეილ ხუბუტიას პიროვნების დახასიათებას და ვერც მის მავნებლობაზე, ან მისი მხრიდან საქართველოს საკეთილდღეოდ გაწეულ ღვაწლზე ვისაუბრებ, მაგრამ მის ფორმულირებას გულწრფელად ვეთანხმები- რადგან, რაც მოხდა (ტერიტორიების დაკარგვას ვგულისხმობ) ამაში უფლის ხელი ნამდვილად ურევია  და ისიც აშკარაა, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება უფლის ნების გარეშე წარმოუდგენელია და ამჯერად აფხაზეთისა და  სამაჩაბლოს დაბრუნების გასაღები სწორედ პუტინს უჭირავს ხელში!
დიახ, კრემლის კეთილი ნების გარეშე ამ ტერიტორიების დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება - ვერც ევროკავშირში გაწევრიანება გვიშველის (თუ ოდესმე ამასაც ვეღირსეთ!) და არც ნატო-ს ჯარები მოიკლავენ თავს კუდით ქვა ასროლინონ რუს ოკუპანტებს!

რუსოფობია ღმერთმა დამიფაროს - რუსეთის აპოლოგეტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ზოგიერთებისგან განსხვავებით, რეალურად ვაფასებ მოვლენებს და საკუთარ მრწამსს უცხოურ გრანტებზე არასდროს გავცვლი და არც თვალს დავიბნელებ...


რაც შეეხება პოლიტიკურ თოქ-შოუებს, მათ მხოლოდ საზოგადოების ზომბირება და ცეცხლზე ნავთის დასხმა შეუძლიათ! მე პირადად ბოიკოტის მომხრე ვარ!

                                               ზაურ ნაჭყებია

15-10-2014, 16:08
უკან დაბრუნება