პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს გრიგორი კარასინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხებს.
"მე კარგა ხანია, ბატონ აბაშიძესთან კონტაქტი არ მქონია, არც საუბარი. შეიძლება, მასზე რამდენიმე წლით უფროსი მართლაც ვარ, აქედან გამომდინარე კი, ასაკთან დაკავშირებით მისი კომენტარი მისთვის მისაღებია. ძალიან რთული მოლაპარაკებები აქვს ბატონ აბაშიძეს, ამიტომ თავს შევიკავებ, კომენტარი გავაკეთო. დაველოდოთ მის ჩამოსვლას", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, იმ დროს, როცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი შეშფოთების საფუძველს იძლევა, უმჯობესი იქნებოდა, ქართულ მხარეს კარასინთან მორიგ რაუნდში მონაწილეობა არ მიეღო.
"მე რომ ვყოფილიყავი ქართული მხარის ადგილზე, თავს შევიკავებდი ამ რაუნდში მონაწილეობის მიღებისგან. ეს არის დიპლომატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ უარი ფორმატზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.