ივერიონი / გია ხუხაშვილი: რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!

გია ხუხაშვილი: რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!

რუსეთის ახალ ინიციატივაზე აფხაზეთთან მიმართებაში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „ივერიონს“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

 

-ბატონო გია, ამ ბოლო ხანებში მწვავე საკამათო თემად იქცა „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ გაფორმება, თქვენის აზრით,  რამ განაპირობა ეს პროცესი?

 

-მოულოდნელი არაფერია. მოვლენები ლოგიკურად ვითარდება, გამომდინარე იქიდან, რომ დაჩქარდა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა  და ნატოსთან. რა გასაკვირია, რომ რუსეთის  პასუხი ასეთიც იქნებოდა?!

 

მიუხედავად ყველაფრისა,  ეს საბოლოო ინტეგრაცია მაინც არ არის, რადგან რუსეთი ჯერ კიდევ ტოვებს  აფხაზეთთან სავაჭრო სივრცეს,  მაგრამ  საქართველოზე ზეწოლა  მისი მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

- როგორ ფიქრობთ, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მიზეზი თავდაცვის მინისტრ ალასანიას მიერ ნატოს საწვრთნელი ბაზების საქართელოში განთავსების შესახებ განცხადება შეიძლება იყოს?

 

-ალასანიას  თავისთავად უცნაური განცხადება, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის იყო უვარგისი. ეს განცხადება ერთ-ერთი  საბაბი ეიძლება იყოს, რადგან მე ამ პროცესს გლობალურ კონტექსტში მოვიაზრებ.

 

-ექსპერტთა და პოლიტოლოგთა ნაწილი ასკვნის, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით  აფხაზეთი საქართველოს სულ უფრო და უფრო დაშორდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

-მართალია, ეს ხელშეკრულება მკაცრი აქცენტებით  გამოირჩევა  და მძიმე შედეგების მომტანია.  რუსეთს დიდი ხანია თავისი ინტეგრაციის სფეროში სურს აფხაზეთის ხილვა, მაგრამ თუ აფხაზებთან მისასვლელ გზას ვიპოვით და ამაში რუსეთმა ხელი არ შეგვიშალა, ვითარების თეორიულად გამოსწორება შეიძლება.

 

-როგორ შეაფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში? რას გეგმავს ხელისუფლება აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით?

 

-ხელისუფლება დღეს კონსერვაციის რეჟიმში მუშაობს  და ცდილობს, ვითრება არ დაძაბოს საქართველო-რუსეთს შორის.  სხვას ვერაფერს  ახერხებს. თუმცა, რასაც ახერხებს,  ესეც შედეგია!  მაგალითად, სამხედრო ესკალაცია არ ხდება. ეს არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ...

ერთადერთი,  რაც უნდა ვქნათ ისაა, რომ ინტეგრირებული სისტემები უნდა შევქმნათ, სადაც ქართველები და აფხაზები  ითანამშრომლებენ, ეკონომიკა და სამედინცინო სფერო  უნდა განვავითაროთ, სადაც აფხზებს  მკურნალობა შეეძლებათ - იქ, სადაც ადამიანთა ბედი უნდა გადაწყდეს, პოლიტიკა მეორე პლანზე გადადის.  ეს ხელშეკრულება არაა ის დოკუმენტი, რომ ვერაფერი შევცვალოთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა აფხაზებთან დასაკავშირებლად. ფეხბურთი ნამდვილად არასაკმარისია!

 

-თქვენი აზრით, რატომ ჭიანურდება აფხაზეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი. იმიტომ ხომ არა, რომ ისინი საქართველოს მთავრობაში ,,მძიმეწონიან“ პოლიტიკოსებს ვერ ხედავენ, ვისთანაც შეიძლება დიალოგი ღირდეს?

 

- მე ვერ ვხედავ  ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებულ სწორ სტრატეგიას. შეიძლება ვიღაც თავის აგურს დებდეს ამის მოსაგვარებლად, მაგრამ ეს არასაკმარისია...

 

-დასრულდა თუ არა საქართველოში ინსტიტუციური ომი და რეალობის გათვალისწინებით, დაიშლება თუ არა კოალიცია, შეიქმნება თუ არა ახალი პოლიტიკური ერთიანობა რებრენდირებულ ,,ნაციონალების“, რესპუბლიკელებისა და ირაკლი ალასანიას სახით?

 

-საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე  ეს არ მოხდება. ამ იდეოლოგიურად სუსტი  პარტიების სისუსტე არაერთიანობაცაა.  მათ საკუთარი უსუსურობის შეგრძნება დშლის  არ მისცემს მომავალ არჩევნებამდე. მერე მაიწყება პოლიტიკური გამოცოცხლება და საპარლამენტო  კოალიციის ყველა  პარტია თავისი კანდიდატით  იასპარეზებს.

 

-თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობების თითქმის ყოვედღიური გააქტიურების ფონზე?

 

-ასეთი „ძალები“ ბევრს  საუბრობენ,  მაგრამ ძალა არ აქვთ!

 

-რას ნიშნავს თქვენ მიერ ერთ-ერთ ინტერვიუში გაჟრერებული ფრაზა:,,მე პრეზიდენტის მხარეზე ვარ!“?  თქვენსა და პრემიერს შორის შავმა კატამ ხომ არ გაირბინა?

 

-მე ასეთი არაფერი მითქვამს, ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილია. პრეზიდენტის მხარეს კი არ ვარ, მიმაჩნია, რომ ამ კონფრონტაციასა  და ოპონირებისას,  პრეზიდენტის პოზიციაა სწორი და ჯანსაღი.  პიროვნულად და ადამიანურად  ღარიბაშვილსა და მარგველაშვილს არ განვასხვავებ. შეიძლება სხვა დროს პრემიერის პოზიცია მოვიწონო. ერთია პირადი ურთიერთობები და  მეორეა  ჩემი პოზიცია.

 

-უმჯობესი იქნება თუ არა სახელმწიფოსთვის, თქვენ რომ მთავრობის მრჩეველი იყოთ?

 

-ჩემდამი ასეთი მაღალი აზრის მიმართ თავმდაბალი ვარ.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

16-10-2014, 13:46
უკან დაბრუნება