საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარგი იქნება, თუ უშიშროების საბჭოს საქმიანობას რეგულარული ხასიათი ექნება.
"კარგი იქნება, თუ უშიშროების საბჭოს საქმიანობას ექნება რეგულარული ხასიათი. ჩვენ ეს გვჭირდება - უწყებათაშორისი დიალოგი და დისკუსიები აუცილებელია, რათა მივიღოთ ის ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რომელიც წაადგება არა ცალკე პრეზიდენტს ან პრემიერს, არამედ სახელმწიფოს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს, დეპუტატის აზრით, ზოგადად ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, თუმცა, რუსეთის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უმჯობესი იქნებოდა, დღევანდელ რაუნდში მონაწილეობაზე ქართულ მხარეს უარი ეთქვა.
"ვფიქრობ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უარი უნდა გვეთქვა ამ რაუნდში მონაწილეობაზე. ჩემს მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება სწორედ ამ რაუნდს შეეხებოდა. ჩვენ დავაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას დიპლომატიური მეთოდისა და ხერხის გამოყენებით. რაც შეეხება ზოგადად ფორმატს, საერთოდ, მოლაპარაკება და დიალოგი უნდა დარჩეს. ჩემი პირადი აზრით, ჯობია, იყოს დიალოგი, ვიდრე საომარი მოქმედება. უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ ოპტიმალური ვარიანტი ვითარების გაუმჯობესებისა და ჩვენი პრობლემების გადაწყვეტისათვის", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.