ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: "დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი"

ნინო ბურჯანაძე: "დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი"

   -"დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი"-ასე გამოეხმაურა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრაღაში  გამართულ კარასინი-აბაშიძის შეხვედრას:

   "მე თავიდანვე ვამბობდი, რომ თუ არ იქნა გამართული მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე და თუ არ წამოვიდა გზავნილები უმაღლესი დონიდან, ვერც ერთი სხვა შეხვედრა, ისეთი როგორიცაა კარასინი-აბაშიძის ფორმატი, პრინციპულად ვერ მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებობს. ის მცირე პოზიტიური გამონათებები, როგორიცაა თუნდაც ბაზრის გახსნა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ესეც არ არის სტაბილური, რადგან თუ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ხვალ შეიძლება ეს მიღწეული შედეგებიც განულდეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი მოლაპარაკებები. კარასინი-აბაშიძის ფორმატი და დღევანდელი დღე, არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთი დღე დავკარგეთ. მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა უნდა მუშაობდეს იმ პრობლემის მოგვარებაზე რასაც ახლა აფხაზეთში ვაწყდებით, ამის ნაცვლად ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ის მიიღებს ადექვატურ ზომებს. მაინტერესებს რა არის ეს ადექვატური ზომები და მათი აზრით, რუსეთი როგორ უპასუხებს ამ ადექვატურ ზომებს?! 

   მე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, როდესაც ისინი ჩემგან ითხოვენ ამ ურთიერთობების მოგვარების რეცეპტს. მე არაერთხელ მითქვამს ამის რეცეპტი.

   -ეს არის პირდაპირი მოლაპარაკება, ეს არის პოლიტიკის ცოდნა და გამბედაობა, რომელიც ამ ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს. მე ნამდვილად ვიცი, როგორ შეიძლება რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარება და შესაბამისად აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების ელემენტარული შანსის გაჩენა. ვწუხვარ, რომ მე ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც ყველა თავის ნაბიჯზე იყურება უკან რომელიმე ქვეყნისკენ ან საელჩოსაკენ, ეს ხელისუფლება ვერასოდეს მოუგვარებს პრობლემებს საკუთარ ხალხს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

17-10-2014, 09:47
უკან დაბრუნება