ივერიონი / მიხეილ სააკაშვილი: ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთლიანობას უმძიმეს დარტყმას აყენებს!

მიხეილ სააკაშვილი: ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთლიანობას უმძიმეს დარტყმას აყენებს!

  ექს- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება:

  "გუშინ, საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა.

  "თვითგამორკვევა" ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის" საერთაშორისო აღიარებისკენ. ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
  "მინდა, ერთი ექსკლუზიური ინფორმაცია წინასწარ გაგაცნოთ, რომ მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში, ვინაიდან ძალიან ბევრს ვფიქრობ მათ ბედსა და მომავალზე, როგორც ჩვენს მოძმე ერზე და ჩვენს ძმებზე",-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

  როგორც პრემიერმა აღნიშნა, იდეის გაჟღერებისგან ჯერჯერობით თავს შეიკავებს, სანამ საკითხის განხილვა უსაფრთხოების ფორმატში არ მოხდება.

  "თუმცა, მე მანამდე თავს შევიკავებდი ამ იდეის საჯაროდ გაჟღერებისგან, ვინაიდან ჯერ მსურს, რომ უსაფრთხოების ფორმატში მოხდეს ამ იდეის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ საჭიროდ ჩავთვლით, გახდება საჯარო. განვიცდი ჩვენი ოსი და აფხაზი ძმების ყოფას და მდგომარეობას. ჩვენ მათზე ბევრს ვფიქრობთ და მე მინდა, რომ ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც წაადგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

17-10-2014, 11:29
უკან დაბრუნება