აღიარებითი ჩვენება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პასუხი გასცა ჩემს მიმართვას, რომელიც ეხებოდა ჩემს მიმართ მინისტრ სანიკიძის მიერ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ფაქტს.
პირველი ვერსიით, ჩემი მიწვევა დირექტორთა თათბირზე არ მოხდა იმის გამო, რომ ვარ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მათ ასე მიპასუხეს.
მეორე ვერსიით, მე არ დამასწრეს თათბირს იმის გამო, რომ დარბაზის სივრცე არ იძლეოდა ამის საშუალებას (?!)
თურმე დარბაზის სივრცე თბილისის ყველა დირექტორს იტევს, 116-ე სკოლის დირექტორს კი - ვერა?! არ გაგიკვირდეთ, სამინისტრომ რომ გამოგვიცხადოს, მტკვარმა აღმა დაიწყო დინება და გინდ დაიჯერეთ, გინდ - არაო.
დ. მეჭურჭლიშვილი. თბილსისი 116-ე საჯარო სკოლის დირექტორი.
დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ქ-ნ თ. სანიკიძეს
ქალბატონო თამარ,
შეგახსენებთ, რომ 2007 წლიდან ვარ სსიპ ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 24.07.13 N 1კ - 499 ბრძანების საფუძველზე, დავინიშნე ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ამა წლის 21 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა საჯარო სკოლების დირექტორებისთვის ორგანიზებული შეხვედრა, რომელსაც დაესწრო თბილისის საჯარო სკოლების ყველა დირექტორი. აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგური. აღნიშნულ შეხვედრაზე, გამონაკლისის სახით, მე, როგორც სკოლის დირექტორი რატომღაც არ ვყოფილვარ მიწვეული - /რესურსცენტრის უფროსის ზეპირი განმარტებით, მე არ მიმიწვიეთ იმის გამო, რომ ვარ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლი განამტკიცებს კანონისა და ადმინისტრაციული ორგანის წინაშე თანასწორობის პრინციპს. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ჩემი უფლება და ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ფაქტს.
გთხოვთ, განმიმარტოთ, რა საფუძვლით მოხდა ჩემი, როგორც საჯარო სკოლის დირექტორის, დისკრიმინაცია და საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული თანასწორობის უფლების დარღვევა.
პატივისცემით,
სსიპ ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ.
ქალაქ თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი / დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი / საჯარო სკოლები / ქალაქ თბილისის
116 საჯარო სკოლა დირექტორი დიმიტრი მეჭურჭლიშვილი
ადრესატები: ჯაში ლელა (რესურსცენტრის უფროსი) ქალაქ თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი / დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
ბატონ დიმიტრი მეჭურჭლიშვილს განცხადების პასუხი
ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლის
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს
ბატონ დიმიტრი მეჭურჭლიშვილს
ბატონო დიმიტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული თქვენი 2014 წლის 22 სექტემბრის N709014 წერილის (სამინისტროში რეგისტრაციის N709258, 22/09/2014, N749671, 01/10/2014) პასუხად, სადაც გამოთქვამთ წუხილს საჯარო სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ არა მხოლოდ ქალაქ თბილისის, არამედ ქუთაისის, რუსთავის, თელავისა და ფოთის საჯარო სკოლების დირექტორებიც.
როგორც თქვენთვის ცნობილია, სამინისტროს სააქტო დარბაზის სივრცე არ იძლევა შესაძლებლობას ჩვენს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს ერთდროულად დაესწროს საქართველოში არსებული საჯარო სკოლების ყველა დირექტორი. სამინისტრო გეგმავს მსგავსი ხასიათის შეხვედრების პერიოდულად ჩატარებას, რომლებსაც დაესწრებიან ის დირექტორები, მათ შორის თქვენც, რომლებიც ზემოანიშნულ შეხვედრაზე არ ბრძანდებოდნენ.
პატივისცემით, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
ნინო კვიტაიშვილი