სტატიაში მიმოხილულია საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი მოვლენები და ამ კონტექსტში ყურადღება ეთმობა ორ საკითხს - ავარეთ-კახეთის გზის (ანუ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის) მშენებლობას და აფხაზეთ-რუსეთის ახალი ხელშეკრულების დადების პერსპექტივას (ავტორი - იური როქსი).
"ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის მშენებლობის თაობაზე საქართველოში აჟიოტაჟი მოულოდნელად ატყდა: ხელისუფლების მიმართ ყოველი მხრიდან გაისმა კითხვები, პასუხები კი გაურკვეველი და ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო. საგარეო საქმეთა მინისტრი ერთს ამბობდა ("ეს საკითხი შესასწავლია"), მისი მოადგილე კი - მეორეს ("რადგან რუსეთი ოკუპანტია, გზის მშენებლობა საფრთხის შემცველია"). ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხს პრაღაში, კარასინ-აბაშიძის შეხვედრის დროს განიხილავენ. სხვათა შორის, როცა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეჭვი შეიტანა, ღირს კი ამ ფორმატით მოლაპარაკების გაგრძელებაო, გამოცდილმა დიპლომატმა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ჩვეულებრივ თავდაჭერილია, საკმაოდ მკვეთრი პასუხი ოპონენტებს.
"ავარეთ-კახეთის გზამ" დამატებითი სტიმული მისცა ხელისუფლების კრიტიკისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსაც: დავით დარჩიაშვილის თქმით, თუ ეს გზა აშენდება, რუსეთი მას მეზობელზე გავლენის მოსახდენად გამოიყენებს. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, უსაფრთხოების განმტკიცების ნაცვლად, სრულიად საწინააღმდეგო გზა აირჩია. სწორედ ამიტომაც დაბნეულია და რას აცხადებს, თვითონაც ვერ ერკვევა". ასეთივე მკვეთრი განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემაც, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა უკვე რუსეთთან ამ საკითხე შეთანხმებაც არისო დადებული", - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში ავტორი იმოწმებს აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლებს - მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ("ეს ყველაფერი საინფორმაციო სიცრუეა, არავითარი მოლაპარაკება არ მომხდარა და შეთანხმება არ დადებულა") და უშიშროების საბჭოს წევრს ივლიანე ხაინდრავას ("რუსეთს საკმარისი იარაღი აქვს, რომ საქართველოს საფრთხე შეუქმნას, ეს გზა კი "რბილი ძალის" დემონტრირებაა").
რაც შეეხება აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულების პროექტს:
ამ დოკუმენტისადმი ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია, ბუნებრივია, ნეგატიური ხასიათისაა. შესაბამისი კომენტარები უკვე გაკეთდა საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. ზურაბ აბაშიძემ კი აღნიშნა, რომ პრაღის მოლაპარაკების ფორმატში აფხაზეთის პრობლემების განხილვა არ შედის, თუმცა შეიძლება საკითხი წამოიჭრასო.
სოხუმში გაკვირვება გამოხატეს იმ აჟიოტაჟით, რომელიც საქართველოში ამ ხელშეკრულების გამო აგორდა: "დროა თბილისი მიეჩვიოს იმ რეალობას, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა", - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბღანბამ, - არავითარი ექსტრაორდინალური მოვლენა არ ხდება, პროექტი მივიღეთ, განვიხილავთ და ჩვენს შენიშვნებს რუს კოლეგებს ვაცნობებთ". ამასთან, ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან აღიარა, რომ ხელშეკრულებების "არაპოზიტიური" დებულებების გამო განხილვა მძიმედ მიმდინარეობს.
აფხაზეთის ექს-პრემიერის სერგეი შამბას აზრით კი, დოკუმენტის პროექტში აფხაზებისთვის პრინციპულად მიუღებელი არაფერი არ არის. "შენიშვნები, ცხადია, იქნება, ამას რუსულ მხარეს შევატყობინებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში პროექტი ჩვენთვის მისაღებია... აფხაზური საზოგადოება ისეთია, რომ ყველგან და ყოველთვის ვიღაცა რაღაცას აკრიტიკებს. მე არ მახსოვს, რომ ოდესმე ერთსულოვნება ყოფილიყოს. ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთის სუვერენიტეტს არ ზღუდავს, მასში ხაზგასმულია, რომ საკითხი ეხება ორ სრულუფლებიან სუბიექტს. ინტეგრაციის პროცესები დღეს მთელ მსოფლიოში მიდის, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სივრცეში, სადაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ყალიბდება, ამიტომ განზე ვერ დავრჩებით. ასე რომ, მე ჩვენი სუვერენიტეტის შემლახველ რაიმე დებულებას დოკუმენტში ვერ ვხედავ", - აღნიშნა სერგეი შამბამ "ნეზავისიმაია გაზეტასთან" საუბარში.
ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 16 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.ng.ru/cis/2014-10-16/6_tbilisi.html