ივერიონი / ზაზა ხატიაშვილი: ხელისუფლებამ ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს!

ზაზა ხატიაშვილი: ხელისუფლებამ ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს!

  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, "მოკავშირეობის შესახებ" შეთანხმება რუსეთის სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიის ისტორიული და განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პირდაპირ ანექსიას წარმოადგენს.


  "უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ, რუსეთისგან გასაკვირი არაფერია. მიუხედავად მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების პროტესტისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მიიღოს ადეკვატური ზომები, ვინაიდან შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა. ახალი გზის მშენებლობა საქართველოს საზღვართან, რომელიც რუსეთისთვის უნდა გახდეს როკის გვირაბის შემცვლელი აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, მიუთითებს რუსეთის კიდევ უფრო ფართო გეგმებზე საქართველოს მთლიან ანექსიასთან მიმართებაში.

  რამდენიმე თვის წინ საქართველოს ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმას", - აცხადებს ხატიაშვილი.

  აგრეთვე იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფომ უპირობო ბრძოლა უნდა დაიწყოს რუსეთთან მიმართებაში, ვინაიდან რაც დრო გადის, რუსეთი მით მეტად ფართომასშტაბიან ანექსიას ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ.

  "ღიმილისმომგვრელი იყო მთავრობის მეთაურის ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ თითქოს მას ჰქონდა ინფორმაცია, რუსეთის მხრიდან მავთულხლართების გაბმა უკავშირდებოდა ოლიმპიადის ჩატარებას და მავთულხლართებს რუსეთი აიღებდა, როგორც კი დამთავრდებოდა ოლიმპიადა. ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ, მავთულხლართების აღების ნაცვლად, რუსეთმა განახორციელა უფრო ფართომასშტაბიანი ანექსია სუვერენულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რაც საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უნდა გახდეს სამართლებრივი ბრძოლის დაწყების უპირობო წინაპირობა რუსეთთან მიმართებაში", - განაცხადა ხატიაშვილმა.

17-10-2014, 15:22
უკან დაბრუნება