ივერიონი / ვაცალოთ ბატონებო, ვაცალოთ!

ვაცალოთ ბატონებო, ვაცალოთ!

ამას წინათ ერთ-ერთ პოლიგრაფიულ საწარმოში პრეს-კარტების დასამზადებლად მივედი. დაკვეთა ჩვეულებრივად მიიღეს და დანიშნულ დროს ჩამაბარეს კიდეც. გზაში რატომღაც პრეს-კარტების დათვალიერება დავიწყე და სასაცილომდე დასულ კურიოზს წავაწყდი: პრეს-კარტის ქართულენოვან გვერდზე ერთ-ერთი თანამშრომლის სურათი ეხატა, ხოლო ინგლისურენოვან გვერდზე სულ სხვა თანამშრომლის. უნებლიე შეცომად ჩავთვალე, მაგრამ დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა პრეს-კარტა ანალოგიურ მდგომარეობაში იყო.


როცა ამ კურიოზის "შემოქმედს" ვუსაყვედურე, თავი არც აუწევია, ნიშნისმოგებით მომახალა: დიდი ამბავი, ხალხმა ივანიშვილი აირჩია და მე თუ შეცდომა მომივიდა, არ უნდა მეპატიოს?! თავიდან ვერ მივხვდი, საით უმიზნებდა მასპინძელი, მაგრამ ივანიშვილის გვარის ხსენებამ უცებ გამომაფხიზლა და ვკითხე:


_ ივანიშვილის არჩევა შეცდომა იყო?! _ მაგას რამდენიმე თვეში დაინახავ! ისევ გამომწვევად მიპასუხა კურიოზის ავტორმა. საწარმოში უცებ დენის ძაბვა დავარდა, რასაც ჩოჩქოლი და გულისამრევი ეპითეტები მოჰყვა. ცხადი იყო, "მიშისტების" გარემოცვაში მოვხვდი. აშკარად ჩანდა, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა და მათი ეს ცინიზმით გაჟღენთილი გამოწვევა უპასუხოდ დავტოვე.


სამწუხარიდ, ანალოგიური განწყობის მაგალითები ძალიან ბევრია _ ჯერჯერობით ვერ გარკვეულან, თუ რა ისტორიული არჩევანი გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ, როცა უარი თქვა სიძულვილსა და ძალადობაზე.


დღეს ბევრს საუბრობენ "ნაციონალების" რევანშისტულ განწყობაზე _ ზოგს ჰგონია, რომ ახალი პოლიტიკური გუნდი ქვეყანაში წესრიგს ვერ დაამყარებს და ამის მაგალითად, ადგილებზე გამწვავებული კრიმინოგენური სიტუაციები მოჰყავთ, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად ინსპირირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ზოგი დამნაშავეთა დროულად დასჯას ითხოვს, სხვებს სოციალურ-ეკონომიკური, ანუ ყოფითი პრობლემების გადაწყვეტა ეჩქარება, ადამიანთა გარკვეული კატეგორია იქამდეც კი მივიდა, რომ ივანიშვილისგან საბანკო ვალების ჩამოწერას ელოდება.


უმრავლესობისთვის განხილვის მთავარი თემაა ახალი მთავრობის საკადრო პოლიტიკაც, რომელსაც ახალ მთავრობას გარკვეულ ნაკლად უთვლიან. მავანის აზრით, ახალ პოლიტიკურ გუნდს კადრების შერჩევისას ჯერ-ჯერობით ორიგინალური ხელწერა არ აქვს და აქცენტი ისევ გაცვეთილ და სახელგატეხილ კადრებზე კეთდება. ცხადია, ეს სინამდვილეში ასე არ არის _ აქ უფრო საკადრო რესურსების დეფიციტთან გვაქვს საქმე, ვიდრე ნათლიმამობის ნაცად პრაქტიკასთან. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში არც უმაგისობაა.


მოგეხსენებათ კრიტიკა ადვილია, საქმის კეთება რთული. მითუმეტეს, ახალ მთავრობას განსაკუთრებულ პირობებში უხდება პირველი ნაბიჯების გადადგმა. არ ვარგა "ნაციონალებივით" ჩასაფრებულის პოზიციაში აღმოვჩნდეთ და ხელისუფლებას კრიჭაში ჩავუდგეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, შეცდომებზე თვალი დავხუჭოთ და შეცდომების დაშვების უფლება მივცეთ. წვეთ-წვეთად დაგროვილი შეცდომები ადვილად შეიძლება დანაშაულში გადაიზარდოს, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდება ხელისუფლებას და ქვეყანას კანონიერების ჩარჩოდან გამოიყვანს.


"მეოცნებენი" შეგვპირდნენ "ნაციონალებს" პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვებთო და თითქმის შეგვისრულეს, სამართლიან სახელმწიფოსაც ავაშენებთო და ჩვენც უცებ მოვინდომეთ. არა, ასეთი სულწრაფობა არ ეგების. როგორც კომუნისტები იტყოდნენ, ის ავადსახსენებელი კრემლი ერთ დღეში არ აშენებულა. ამიტომ ვაცალოთ ბატონებო, ვაცალოთ!

ღვთისო კოლხიდელი

6-11-2012, 10:59
უკან დაბრუნება