ივერიონი / გელა დაიაური: მუცოს ციხე-კოშკის აღდგენა ხევსურეთის ხელახლა „გაცოცხლებას“ ნიშნავს!

გელა დაიაური: მუცოს ციხე-კოშკის აღდგენა ხევსურეთის ხელახლა „გაცოცხლებას“ ნიშნავს!

მუცოს ციხე-კოშკები  თავისი უნიკალურობის გამო ეროვნულ კულტურულ ძეგლთა სიაშია შესული. ის სასწრაფო აღდგენა-რეაბილიტაციას საჭიროებს.

პოეტი გელა დაიაური, რომელიც  ამ პროექტის ორგანიზატორია, მუცოს მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას.


- როდის აშენდა და რა ისტორიული ფუნქცია-დანიშნულება ჰქონდა მუცოს ციხე-კოშკებს, რის გამოც ის უნიკალურია და კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი?


- სავარაუდოდ, მუცოს ციხესიმაგრის მშენებლობა დავით კურაპალატის დროს იწყება.  "ქართლის ცხოვრებაში" ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ურჩი ფეოდალი ძაგან აბულეთიძე გადაეხვეწა მეფეს და ჩამოაყალიბა  სამთავრო, რომელიც მოიცავდა თუშ-ფშავ-ხევსურეთ,  პანკისსა  და საზღვარი სოფელ მატნამდე იყო, (დღევანდელი ახმეტის რაიონის ანუ კახეთის ნაწილსაც). სწორედ მისი შთამომავალია ლეგენდადქცეული თორღვა ძაგანი, რომლის ციხე-კოშკი მუცოშია.
მუცოშია თორღვას წყლად წოდებული წყაროც, რომელიც, გადმოცემით, ყველაზე მსუბუქი იყო და ცხენს ასმევდა თურმე.


თუშეთში გვხვდება თორღვას აბანოც, რომელშიც მოედინება გოგირდოვანი ცხელი წყალი. მოკლედ,  თორღვა ძაგანი ძაგან აბულეთისძის შთამომავალი უნდა იყოს. მუცოში არის გვარიშვილობა აბულეთნი და, ზოგადად, აბულეთი ხევსურეთში გავრცელებული სახელია.

მუცო ჩრდილოეთიდან შემოსული მტრისგან იცავდა საქართველოს. ეს იყო ციხე-ქალაქი ანუ საომარი და საცხოვრებელი დანიშნულება ჰქონდა, როგორც შატილს, არდოტს, ხახაბოს (ეს პირიქითა ხევსურეთის ციხე-ქალაქებია).


აღსანიშნავია, რომ მუცო ერთადერთი ციხესიმაგრეა, რომელიც მტერს არასდროს აუღია და ჩრდილოეთიდან მტერი არასდროს შემოსულა საქართველოში, თუ არ ჩავთვლით  წვრილ-წვრილი ქურდების ჯგუფებს, რომლებიც ცხვარ-საქონელს იპარავდნენ ფშავ-ხევსურეთიდან, არის დარბევების რამდენიმე შემთხვევაც.


- რამდენად სავალალოა დღეს მუცოს მდომარეობა და აღდგება თუ არა ის პირვანდელი ფორმით?


- მუცოს ციხე-ქალაქი ინგრეოდა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან. როდესც იკლო მტრიანობამ და მშვიდობიანობა დამყარდა, ხალხმა დაიწყო გამოსვლა ციხესიმაგრიდან და  მუცოშივე დასახლდნენ, ოღონდ უკვე გაშლილ ადგილებში.


იმის გამო, რომ კოშკებში აღარავინ ცხოვრობდა, სახურავები აღარ კეთდებოდა და დაიწყო ნგრევა. მოგეხსენებათ,  წყალი აზიანებს კედლებს.
წელს დაიწყო პირველი აღდგენითი სამუშაოები მუცოზე. რაც შეეხება  პირვანდელ სახეს, თუ მის ავთენტურობას საფრთხე დაემუქრება,  ამას ხელს შეუშლის ადგილობრივი მოსახლეობა და მუცოზე გულშემატკივარი ხალხი, რომლებიც , ღვთის მადლით, მრავალად არიან. ისე, კარგი სპეციალისტები მუშაობენ და იმედია, კარგად დაწყებულ კარგ საქმეს, კარგი ბოლო ექნება.


- გაგიჭირდათ თუ არა სახსრების მოპოვება და საკმარიაია თუ არა ამ პროექტისთვის 700000 ლარი?


- სახსრების პოვნა ძნელი აღმოჩნდა- დაახლოებით ათი წელია, რაც მუცოს ნგრევაზე ვსაუბრობ, მაგრამ თანხების მოძიება ჭირდა. თუმცა 2000 წლის დასაწყისში "თი-ბი-სი" ბანკის და "ქართული სახლის" ერთობლივი მუშაობითა და ქველმოქმედებით გაკეთდა მუცოს აზომვითი ნახაზები, ხარჯთაღრიცხვა და პროექტი, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის კარგ ქართველსა და ცნობილ არქიტექტორს, ბ-ნ სოსო ბანძელაძეს.  მინდა ზემოჩამოთვლილთ მადლობა ვუთხრა ამ მართლაცდა მამულიშვილური საქმისთვის.

წელს მეგობრებმა ჩამოვაყალიბეთ საორგანიზაციო ჯგუფი და საგაფიცვო კომიტეტი. მოვითხოვეთ ოფიციალური წერილი კულტურის სამინისტროდან. წელს ოფიციალურად იყო გამოყოფილი 20 000 ლარი მდგომარეობის შესასწავლად.  ჩვენ დავიწყეთ აქტიური მოძრაობა აქციების მოსაწყობად, გავიდა სიუჟეტი საზოგადოებრივ არხზე, რამაც გადაწყვიტა მუცოს ბედი.


სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღესვე ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქგვერდზე დაიდო ოფიცალური განცხადება, რომ წელსვე დაიწყებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები მუცოზე. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლის, რადგან აქამდე ვერც ერთმა ხელისუფალმა და ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ მართლაც  საერო - საშვილიშვილო პრობლემისა მოგვარება.


- რომელმა ორგანიზაციამ აიღო თავზე მუცოს რეაბილიტაციის ვალდებულება?


- ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ხოლო  სამუშაოები შეასრულა შპს "არქიტექტორმა".


- როდის დასრულდება ეს პროექტი და რა ბედი ელის მთის სხვა უნიკალურ შენობა-ნაგებობებს?


- სავარაუდოდ, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, (მოგახსენებთ, რომ სამანქანე გზა დაკეტილია 6-7 თვე), წლის განმავლობაში სამუშაოები მიმდინარეობს 3-4 თვის განმავლობაში, ამიტომ პროექტი გაწერილია 4 წელზე.


ვფიქრობ, მუცოს აღდგენა ძირითადი რგოლი იქნება იმ ჯაჭვისა, რასაც ხევსურეთის უნიკალური ციხე-ქალაქების აღდგენა მოჰყვება და, აქედან გამომდინარე,  შეიქმნება პირობა ხევსურეთის აღორძინებისა და ხევსურების მთაში დაბრუნებისა.

- მუცოს სიძველიდან გამომდინარე, შესაძლებელია თუ არა, რომ სამუშაოების შესრულებისას არქეოლოგიურ ნივთებსაც მიაგნოთ?


- მუცოში ნაპოვნია  სამარხი, სადაც აღმოჩენილი ნივთებისა და თვით ამ სამარხის ფორმიდან  (იგი კვადრატული ფორმისაა)  გამომდინარე, არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ იგი ჩვ.წ. აღ-მდე 4000 წლისაა.  წელსაც, აღდგენითი სამუშაოებისას,  მუცოში  რამდენიმე ძველი ნივთი აღმოაჩინეს. ასე  რომ,  მუცო საინტერესოა ისტორიულ-კულტურულ-არქეულოგიური თვალსაზრისითაც.

                                                 ესაუბრა ია ჯღარკავა

18-10-2014, 12:55
უკან დაბრუნება