საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქალების მიმართ ძალადობა ყველა მოქალაქის სატკივარს წარმოადგენს.
"ჩვენს დღევანდელ ყოფაში ვხედავთ, რომ ძალადობა მთავრდება ქალებისთვის სიცოცხლის წართმევით, ეს უკვე შემზარავი და აშკარაა. მაგრამ სანამ ასეთ ტრაგიკულ დასასრულამდე მივა, პრობლემა, როგორც წესი, საზოგადოებას შეუმჩნეველი რჩება. ძალადობის შემთხვევები ხშირია - გაერო-ს მიერ რამდენიმე წლის წინ გავრცელებული მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეთერთმეტე დაქორწინებული ქალი აღიარებს, რომ ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. თუმცა, ამავე დროს, მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები ოჯახში უნდა დარჩეს და საზოგადოება თუ სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს.
ბრძოლა უწინარესად სწორედ ამ გარემოებასთანაა საჭირო. თუკი გვსურს, რომ სოლიდარულ და სამართლიან საზოგადოებად ვიქცეთ, უნდა დავინახოთ, რომ ოჯახური ძალადობის და ჩაგვრის შემთხვევები ყველას გვეხება და ყველა უნდა დავდგეთ მსხვერპლის დასაცავად. ხოლო სახელმწიფომ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და მტკიცედ და უპირობოდ დაიცვას ქალები მოძალადე პარტნიორებისგან. უფრო ქმედითი და ეფექტიანი უნდა გახდეს პრევენციული ზომების გატარებაც.
ამავე დროს, აუცილებელია, ერთად დავფიქრდეთ ქალების და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამომწვევ კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ მიზეზებზე. გავიაზროთ, რა ფაქტორები იწვევს აგრესიის თუ ძალადობის კულტივირებას. არ უნდა მოვერიდოთ არც "ტრადიციულად" მიჩნეული ნორმების კრიტიკას, თუკი ისინი ქალთა ჩაგვრას და დისკრიმინაციას განაპირობებს. უნდა ვეცადოთ, შევცვალოთ ქცევის ის ფორმები, რომლებიც მამაკაცებს და ბიჭებს ძალადობისკენ უბიძგებს. ყველამ უნდა გავიღოთ ძალისხმევა საიმისოდ, რომ სქესებს შორის რეალური თანასწორობა და სამართლიანობა ახალ ნორმად იქცეს.
ჩვენი კულტურა, ტრადიციები და საერთო წარსული ბევრ საპირისპირო მაგალითსაც იცნობს, როდესაც ქალის კაცთან თანასწორობა და აქტიური საზოგადოებრივი პოზიცია მისაღები და მისასალმებელი იყო. და ჩვენ სწორედ ამგვარ მაგალითებს უნდა გავუსვათ ხაზი.
მე მკაფიოდ ვხედავ იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელიც განათლების სისტემას აქვს ამ კომპლექსური მიზნების მიღწევაში. სამოქალაქო განათლების ფარგლებში, ჩვენს სკოლებში უკვე მიმდინარეობს დისკუსიები ქალთა უფლებებზე, თანასწორობაზე და ოჯახური ძალადობის ფორმებზე - თუმცა, ფაქტია, რომ ეს არ არის საკმარისი. ძალადობის წინააღმდეგ საჭიროა მასშტაბური და მიზანმიმართული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ყველა სკოლაში ამოქმედდება და ყველა მოსწავლეს მოიცავს. ამის თაობაზე ჩემს გუნდთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად ვიწყებ მუშაობას, რათა დადგინდეს, სწავლების როგორი ფორმა თუ შინაარსი იქნება ყველაზე ეფექტიანი - დამრიგებლის საათი, საგანგებო კურსი თუ სხვა.
ამ ბრძოლაში საქართველო მარტო არ არის. ქალების და გოგონების მიმართ ძალადობა მთელი მსოფლიოს სატკივარს წარმოადგენს - გლობალური მასშტაბით, 15-დან 44 წლამდე ქალებისთვის უჯახური ძალადობა და გაუპატიურება უფრო ხშირ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე კიბო, ავტოკატასტროფა, ომი და მალარიის დაავადება, ერთობლივად. შესაბამისად, დღევანდელ მსოფლიოში პრობლემასთან ბრძოლაც გლობალურ ფორმებს იღებს და ამ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებასაც შევძლებთ.
პრობლემა მწვავეა და კომპლექსური და ჩვენ, როგორც საზოგადოებას და სახელმწიფოს, დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწევს. მაგრამ ახლა, როცა საქმე ქალთა სიცოცხლეს ეხება, პასიურობა დანაშაულის ტოლფასია. მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოცდას აუცილებლად ჩავაბარებთ", - განაცხადა თამარ სანკიძემ.