ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ექსპორტზე ორიენტირებულები!

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ექსპორტზე ორიენტირებულები!

  სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის "მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობა საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.


  "მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილსა და მის გუნდს, რომლებმაც ძალიან კარგად იმუშავეს ადგილობრივი წარმოების განვითარების პროგრამაზე. თვეების განმავლობაში ჩვენ დავამუშავეთ თითქმის ყველა დარგი და გამოიკვეთა, რომ ჩვენ გვაქვს მძიმე ვითარება იმ კუთხით, რომ ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, სოფელი დაგვხვდა გაღატაკებული, დაგვხვდა დანგრეული სოფლის მეურნეობა, წარმოების არარსებობა ქვეყანაში. ქვეყანა ორიენტირებული იყო მხოლოდ იმპორტზე.

  ამჟამად ზაფხულის თვეებში ჩვენი გლეხების მიერ მოყვანილი ატმის შესყიდვა ხდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხირდან. ხდება ატმის გაყინვა და შემდეგ ზამთრის პერიოდში საქართველოში შემოაქვთ გასაყიდად, 5-ჯერ უფრო ძვირად. ეს არის მარტივი მაგალითი იმისა, თუ რა მდგომარეობაში იყო და არის ჩვენი სოფლის მეურნეობა.

  ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი გამოწვევა და ჩვენ დავიწყეთ ამ გამოწვევებზე მუშაობა. გუშინ გვქონდა ძალიან სიანტერესო შეხვედრა. კიდევ ერთხელ შევაჯამეთ დღევანდელი სურათი. ჩვენ კიდევ ერთხელ შევაჯამეთ, თუ რა რესურსები აქვს საქართველოს. გამოიკვეთა, რომ თითოეულ რაიონში გვაქვს იმაზე მეტი რესურსი, რაც სჭირდება ადგილობრივ ბაზარს. ანუ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ექსპორტზე ორიენტირებულები. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ჩვენი მთავარი ამოცანა პირველ ეტაპზე არის ის, რომ ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი ადგილობრივი, მაღალხარისხიანი პროდუქციით. ამავდროულად პარალელურად დავგეგმოთ მაღალი ხარისხის ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები.

  ჩვენი მთავარი მონაპოვარია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და თავისუფალი ვაჭრობა. ეს ჩვენს ქვეყანაში ახალ სტანდარტებს დანერგავს. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში 2 მილიონი ადამიანი არის ღარიბი.  გამოდიან ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები და უკვირთ, თუ რატომ ვერ უშველა ამ ორ მილიონ ადამიანს სახელმწიფომ ორ წელიწადში. არ არსებობს იმის პრეცედენტი, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში მდგომი ქვეყანა ფეხზე დამდგარიყოს 2 წელიწადში. ეს არის ილუზია, რომელსაც უქმნიან მოსახლეობას და კიდევ ერთხელ შეჰყავთ შეცდომაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ეს არის გამორიცხული. მაგრამ ის, რაც ჩვენ დავიწყეთ, არ არის შეუძლებელი და გამორიცხული. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სოფელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

20-10-2014, 11:53
უკან დაბრუნება