ივერიონი / ირაკლი სესიაშვილი: ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აფხაზ ერს საკმაოდ მწვავე რეაქცია აქვს!

ირაკლი სესიაშვილი: ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აფხაზ ერს საკმაოდ მწვავე რეაქცია აქვს!

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და აფხაზების წინააღმდეგ ხელშეკრულების გაფორმება არ დაუშვას.

  "რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა, მაშინ როდესაც თითქოს არის ნორმალიზაციის ნიშნები და ხელისუფლება საკმაოდ კონსტრუქციულად მუშაობს რუსეთთან, რომ კვლავ ხელი შეეწყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, დეოკუოპაციას. მიუხედავად ამისა, ვხედავთ კრემლის მხრიდან მზაკვრულ გეგმას, რომელიც უმეტესწილად, აფხაზი ერის წინააღმდეგ არის მიმართული და ე.წ. დამოუკიდებლობას აუქმებს ეს ხელშეკრულება. ამ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აფხაზ ერს საკმაოდ მწვავე რეაქცია აქვს. ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს ხელშეკრულება რაიმე სამართლებრივ დოკუმენტს არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ვღელავთ და ვშფოთავთ იმის გამო, რომ ამ ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში, ფაქტობრივად, აფხაზეთი აფხაზების გარეშე დარჩება. მით უმეტეს, როდესაც საუბარია მიწის ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწის შეძენა შეეძლებათ. შორეულ პერსპექტივაშიც რომ გავიხედოთ, სავარაუდოდ, ეს არის გეგმა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარებაც შეიცვალოს",- განაცხადა სესიაშვილმა.


  როგორც სესიაშვილმა განაცხადა,  აფხაზი ერი მალე დარწმუნდება, რომ მათი რეალური მოკავშირე საქართველო უნდა იყოს და უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სადაც მათი უფლებები, კულტურა, ტრადიციები, იდენტობა მაქსიმალურად იქნება დაცული.

20-10-2014, 13:20
უკან დაბრუნება