ივერიონი / დავით ზალკალიანი: მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა დიპლომატიურ დონეზე არ მზადდებოდა!

დავით ზალკალიანი: მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა დიპლომატიურ დონეზე არ მზადდებოდა!

  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, არანაირი დიპლომატიური არხებით საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მუშაობა არ მიმდინარეობდა. ამის შესახებ ზალკალიანმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა.


  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ, თუ მაჭავარიანს რაიმე საქმიანობა ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობების ჩარჩოებს მიღმა, ეს მისთვის უცნობია.

  "ჩვენთვის ცნობილი იყო ის საჯარო განცხადებები, რომელიც გაკეთდა იმ პერიოდში. ამის იქით საუბარი არ წასულა. მოგეხსენებათ, რომ ვიზიტების ორგანიზება ძალიან სერიოზული საკითხია და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს ჩართული და დიპლომატიური არხების საშუალებით ხორციელდება ყველა საორგანიზაციო საკითხის შეთანხმება. რუსეთთან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ეს უნდა მომხდარიყო შვეიცარიის კონფედერაციის საშუალებით, არანაირი არათუ ნოტა, ოფიციალური წერილიც კი არ გაგვიგზავნია იმის იქით, რაც მოგახსენეთ, რომ იყო საჯარო განცხადებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვმუშაობდით ამ ვიზიტზე, თუ ვანო მაჭავარიანს რაიმე საქმიანობა ჰქონდა ამ დიპლომატიური ურთიერთობების ჩარჩოებს მიღმა, ეს ჩემთვის უცნობია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

20-10-2014, 15:10
უკან დაბრუნება