ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: "სამართლიანობამ იზეიმა" ძირითადად მათთვის, ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა

ნინო ბურჯანაძე: "სამართლიანობამ იზეიმა" ძირითადად მათთვის, ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა

   -"სამართლიანობამ იზეიმა" ძირითადად მათთვის, ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა"-ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ვესტნიკ კავკაზასთან" ინტერვიუში განაცხადა:

   -"მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი განსასჯელის სკამზე უნდა დაჯდეს და მას პასუხი უნდა მოეთხოვის იმისთვის, რაც ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს გაუკეთა. რაც შეეხება მმართველ კოალიციას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ "ქართული ოცნება" ძირითადად იმ ხალხისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმით მაინც და მაინც არ დაზარალებულან და თუ დაზარალდნენ, ისინი იმდენად კარგად გრძნობენ თავს ხელისუფლებაში, რომ დაივიწყეს მთავარი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა. ეს მათთვის უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის, ყოველ შემთხვევაში, პირველი რიგის ამოცანად აღარ დგას. ვინ მისცა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება პრეზიდენტს? ქართველი ხალხი, როცა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად ირჩევდა, მისგან ხომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი კლანის დასჯას მოითხოვდა ჩადენილი დანაშაულობების გამო? გაიხსენეთ იგივე გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგი - იგი ხომ ქართველ ხალხს "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის არსებული დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის დასრულებას ჰპირდებოდა და აცხადებდა, რომ "სამართლიანობა იზეიმებსო"? სადაა დღეს სამართლიანობა? სინამდვილეში კი "სამართლიანობამ იზეიმა" მხოლოდ მათთვის, ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა, ისიც არა ყველასათვის - მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა "აღადგინა სამართლიანობა" საკუთარი თავის მიმართ. ისინი "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები არიან. ყველა დანარჩენს კი, ვინც ქონება დაკარგა, ვინც უსამართლოდ დაზარალდა, არაფერი მიუღია.

   კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: პარლამენტის გადაწყვეტილებით საპატიმროდან ადამიანები "სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრების" სტატუსით გამოვიდნენ, მაგრამ მათ ნასამართლობის მოხსნა დღემდე ვერ შეძლეს, ანუ ისინი პოლიტპატიმრებად აღიარებულნი არიან, მაგრამ ნასამართლეობას არ უხსნიან. ადამიანის ღირსებისადმი მეტი დაცინვისა და აბსურდის წარმოდგენა შეუძლებელია! მათ ისევ შელახული აქვთ უფლებები და სამსახურში ვერ ეწყობიან. ეს აბსოლუტურად არანორმალურია, მაგრამ იმავდროულად დღევანდელი მმართველობის თვალსაჩინო მაგალითიცაა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

20-10-2014, 23:29
უკან დაბრუნება