„სახელმწიფოს სახელის შეცვლა საკმაოდ მარტივი პროცედურაა: თუ ეროვნული მთავრობა ან პარლამენტი ამას გადაწყვეტს, ის გაეროს შესაბამის მიმართვას უგზავნის, ხოლო ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები განცხადებით გამოვლენ, რომლის თანახმად, „ესა და ეს სახელმწიფო ამიერიდან ამ და ამ სახელწოდებით მოიხსენიებაო“. რასაკვირველია, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ქვეყანა ახალი სახელით იქნება დაფიქსირებული. სანამ გაერო ასეთ განცხადებას არ გააკეთებს, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს უფლება აქვს ძველი დასახელება გამოიყენოს“, - განმარტავს გაზეთ „ეხო“-ს კორესპონდენტთან საუბრის დროს ექსპერტი ოქტაი ახვერდიევი.
როგორც ცნობილია, საქართველომ იაპონიის მთავრობას სთხოვა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში რუსული წარმოშობის „გუურუზია“-ს ნაცვლად ინგლისურენოვანი „ჯორჯია“ გამოიყენოს. საერთოდ, საბჭოთა პერიოდშიც კი საქართველოს უცხოეთში „ჯორჯიად“ მოიხსენიებდნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „გრუზია“ მხოლოდ დსთ-ისა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლექსიკონში შემორჩა.
„თუ გაერო გამოაცხადებს, რომ ამიერიდან საქართველოს („გრუზია“-ს) „ჯორჯია“ ჰქვიაო, მაშინ რუსეთი, აზერბაიჯანი და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც დღეს სახელწოდება „გრუზიას“იყენებენ, მას „ჯორჯია“-თი შეცვლიან... თუმცაღა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ყველა ხელშეკრულება სამ ენაზეა დადებული - ქართულად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. ყველას დოკუმენტის ინგლისურენოვან ვერსიაში „ჯორჯიაა“ დაფიქსირებული“, - აღნიშნა ოქტაი ახვერდიევმა. მისი თქმით, ისტორიულად სახელწოდება მრავალმა ქვეყანამ შეიცვალა: მაგალითად, იყო ბირმა, გახდა მიანმა, იყო კამბოჯა, გახდა კამპუჩია.
თუმცა, არსებობს ცოტა განსხვავებული თვალსაზრისიც:
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკდემიის კათედრის გამგე, პროფესორი ჩინგიზ ისმაილოვი ამბობს, „ყველა ქვეყანას აქვს უფლება ამა თუ იმ ქვეყნის სახელი საკუთარი ენის შესაბამისად მოიხსენიოს, გამომდინარე ისტორიული დოკუმენტებიდან და მიმოწერის ფორმიდან. რასაკვირველია, არის საერთაშორისო გეოგრაფიული დასახელებებიც: ყოველ ქვეყანას შეუძლია საკუთარი დროშის, ჰიმნის და დასახელების შეცვლა. არსებობს წესიც - გაეროსადმი მიმართვა. სხვათა შორის, თავის დროზე, საქართველომ ერთხელ უკვე მიმართა გაეროს და ძველი სამფეროვანი (შავ-თეთრ-შინდისფერი) დროშა თეთრ ფონზე ჯვრებიანი დროშით შეცვალა, რომელიც ძალიან ჰგავს ინგლისურს. კონკრეტულად ქართველებს თავიანთ ენაზე საკუთარ ქვეყანას როგორც მოისურვებენ, ისე უწოდებენ, თუმცა საერთაშორისო დონეზე მას ყოველთვის „ჯორჯიად“ მოიხსენიებდნენ. იაპონიას უფლება აქვს იაპონურ ენაზე საქართველო როგორც სურს ისე მოიხსენიოს, მაგრამ საერთაშორისო დოკუმენტებში, თუ საქართველოს მთავრობა და გაერო გადაწყვეტს, იაპონელები ვალდებულები იქნებიან „ჯორჯია“ გამოიყენონ. რუსეთს უფლება აქვს საქართველოს რუსულ ენაზე „გრუზია“ უწოდოს, მაგრამ ოფიციალურ უცხოენოვან დოკუმენტებში - მხოლოდ „ჯორჯიად“. აზერბაიჯანი თავის ენაზე საქართველოს „გურჯისტანს“ უწოდებს და არავითარ „ჯორჯიას“ ან „გრუზიას“... თუმცა ჩვენს ოფიციალურ [უცხოენოვან] დოკუმენტებში ყოველთვის „ჯორჯიაა“.
პუბლიკაციაში ჩინგიზ ისმაილოვი საუბრობს აგრეთვე მაკედონიის მაგალითზეც, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტებში დღემდე ასე ჰქვია - „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“. ეს იმიტომ, რომ მეზობელ საბერძნეთთან დავა აქვს: რესპუბლიკა მაკედონიას ბერძნული ისტორიული პროვინცია მაკედონია ესაზღვრება.
„ეხო“ (აზერბაიჯანი), 21 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=72415