რუსული ოპოზიციური გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თემაზე რუბრიკით „უკრაინის ექო. რუსეთი-საქართველო“ აქვეყნებს სამი რუსი პოლიტოლოგის სამ სტატიას, რომლებიც ერთმანეთს კიდეც ჰგავს და კიდეც განსხვავდება. გთავაზობთ შემოკლებული სახით.
-----------
ვლადიმერ ევსეევი, დსთ-ის ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი
„2012 წლის ბოლოდან მოყოლებული, ქართულ-რუსული ურთიერთობის ზოგადი ვექტორი დადებითი იყო: მოქმედებდა კონტაქტების ორმხრივი ფორმა - „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ სახელმწოდებით, რომლის მუშაობა საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა: აღდგა ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, განვითარდა ტურიზმი და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, სიტუაციას აშკარად გაუმჯობესება დაეტყო. ყოველივე ეს განპირობებული იყო ხელისუფლების შეცვლით: საქართველოს უკვე „ქართული ოცნება“ მართავდა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით იყო განწყობილი. ამასთან, ყველას ესმოდა, რომ ამ გაუმჯობესებას რაღაც საზღვრები ექნებოდა: რუსეთს არ შეეძლო უკან წაეღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარება. სწორედ ეს ფაქტორი უშლიდა ხელს „აბაშიძე-კარასინის“ შეხვედრების უფრო მეტ შედეგიანობას.
ქართულ-რუსულ დიალოგზე უშუალო გავლენა მოახდინა რამდენიმე ფაქტორმა:
პირველი ფაქტორი - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და უკრაინის კრიზისი. ზოგადად, საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება არათანასწორუფლებიანი დოკუმენტია: საქართველო ერთმნიშვნელოვნად ხსნის თავის საზღვრებს ევროპული პროდუქციისათვის, ევროკავშირი კი ქართული პროდუქციისათვის შეზღუდვებს აწესებს. ასეთმა მიდგომამ საქართველოს პრობლემები შეუქმნა. ვთქვათ და რუსეთმა გადამღობი ბაჟი შემოიღო, სქართველო ხომ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება?
საკვირველია, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება უკრაინის კრიზისთან მიმართებით, საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს: დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები პოზიტიურ გავლენას ახდენს ორი ქვეყნის ვაჭრობაზე - დღეს, როცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესა, საქართველოს რუსეთში ექსპორტის გაფართოებისათვის კარგი პირობები აქვს. აბა, ნახეთ, რა მოხდა: როგორც კი რუსეთმა ქართულ ღვინოს, მინერალურ წყალს და ხილ-ბოსტნეულს ოდნავ კარი გაუღო, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქციის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად შეიძლება ვაჭრობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება, მაგრამ ამისათვის საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა უნდა გადაჭრას.
მეორე ფაქტორი - უკრაინის მოვლენათა კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ საქართველოს დასავლური კურსის გააქტიურებაც. აქ საკმაოდ საინტერესო სიტუაციას ვხედავთ: მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია არჩევნებში დამარცხდა და თვითონ პრეზიდენტმა პოსტი სკანდალურად დატოვა, საქართველოს ახალ ხელისუფლებაში, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრის გარემოცვაში, ექს-პრეზიდენტის ძალიან ბევრი მხარდამჭერი დარჩა. ეს საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ იმაზე, რომ საგარეოპოლიტიკური კურსის მემკვიდრეობა ნაწილობრივ შენარჩუნდა, კერძოდ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს ფაქტი თბილისი-მოსკოვის ურთიერთობებში დამატებით სირთულეებს ქმნის, განსაკუთრებით რუსეთი-ნატოს დამოკიდებულების გამწვავების ფონზე.
მოსკოვ-ბრიუსელის და მოსკოვ-კიევის დაპირისპირების პირობებში წინ წამოიწია აფხაზეთის საკითხმაც: სოხუმი, ხედავს რა სტაბილურობის დონის ზოგად გაუარესებას, თავისი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით რუსეთთან მფარველობის უფრო მეტ გარანტიებს ეძებს. ხელშეკრულების ახალი პროექტიც ამას ემსახურება...
აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციას თბილისი ასიმეტრიული ზომებით პასუხობს: მაგალითად, საქართველო ცდილობს, რომ 2015 წლისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის ევროკავშირის ქვეყნებში წასვლა უვიზოდ განხორციელდეს. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: ამისათვის საჭიროა დროებითი ქართული პასპორტის აღება.
როგორი იქნება საქართველოს ურთიერთობა უახლოეს მომავალში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან? ვფიქრობ, რომ სტატუს-ქვო შენარჩუნდება.
რასაკვირველია, შემიძლია საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ნაბიჯი გავიხსენო, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულია. მაგალითად, სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა უკრაინისადმი. საქართველოს თორმეტი მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავი აქვს, აქედან კი ექვსი უკრაინას გადასცა, თითქოსდა თვითონ აღარ სჭირდებოდა.
ასე რომ, იმის თქმა, რა უფრო მეტია - ნეგატივი თუ პოზიტივი, საკმაოდ რთულია. მე ვხედავ შესაძლებლობათა სარკმელს. თუ როგორ იქნება ის გამოყენებული, მხოლოდ რუსეთზე არაა დამოკიდებული. მოსკოვი მზადაა იმუშაოს თბილისთან ერთად. საკითხი ეხება იმას, რამდენად არის ამისთვის საქართველო მზად - აშშ-ის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის პირობებში.
------------
ნიკოლაი სილაევი, კავკასიის პრობლემების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი („მგიმო“)
უკრაინის კრიზისამდე ქართულ-რუსული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა და ფართოვდებოდა. ეს საქართველოსთვის სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ჩემი აზრით, უკრაინის კრიზისი ამ ურთიერთობებს არანაირად არ შეხებია. კი, იყო მომენტი, რომ საქართველოში დისკუსია დაიწყეს - შევუერთდეთ თუ არ შევუერთდეთ დასავლეთის ანტირუსულ სანქციებსო, მაგრამ საბოლოო ჯამში თბილისმა სანქციების იდეას მხარი არ დაუჭირა.
უკრაინის კრიზისი ასევე არ უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - ასოცირების შეთანხმებას. მით უმეტეს, რომ ის შეთანხმება, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა, უკრაინული ანალოგისაგან ძალიან განსხვავდება. უკრაინას, უბრალოდ, თავს მოახვიეს კაბალური დოკუმენტი, საქართველოსთან მიმართებით კი ასე აშკარად არ მომხდარა. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას მოახდენს ეს დოკუმენტი საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მე ვიტყოდი, რომ დიდ ვერაფერს. კი, რუსეთმა შეაჩერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ საბაჟო ტარიფების ცვლილებები უმნიშვნელო იქნება. იმედი მაქვს, რომ ქართველი მეწარმეები ასეთ მცირე ცვლილებას ვერც კი შეამჩნევენ.
საქართველოსთვის რუსეთი უზარმაზარი ბაზარია, ამიტომაც ახლო პერსპექტივაში ქართული ექსპორტის კიდევ უფრო მატებას უნდა ველოდოთ. ექსპორტის რუსული მიმართულებით საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან ამოცანას ჭრის, კერძოდ, თანდათან ამცირებს უდიდეს დისბალანსს როგორც იმპორტსა და ექსპორტს შორის, ასევე საგარეო და საშინაო ვაჭრობას შორის. საქართველოს უფრო მეტი შეაქვს, ვიდრე გააქვს და ასეთი სიტუაცია, სამწუხაროდ, ქრონიკული ხასიათისაა. დისბალანსის შემცირებას ყველა ხელისუფლება ცდილობს და შეძლებს თუ არა ამას საქართველო, ეს მის მთავრობაზეა დამოკიდებული. ყველა შემთხვევაში, ამჟამად რუსეთი საქართველოსთვის შეუცვლელი სავაჭრო პარტნიორია.
აუცილებელია ერთ მომენტს მივაქციოთ ყურადღება: ქართულ ექსპორტში რუსეთის მიმართულებით სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჭარბობს. ეს კარგია, მაგრამ მალე დადგება ისეთი დრო, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქცია საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს ვეღარ უზრუნველყოფს. აუცილებელია სხვა დარგების, ვთქვათ, გადამამუშავებელი მრეწველობის, ეროვნული წარმოების განვითარება.
არ იყო გამორიცხული, რომ საქართველოს, უკრაინის მოვლენების ფონზე, გარკვეული ნაბიჯები გადაედგა თავის პოლიტიკის შეცვლის მიზნით. მადლობა ღმერთს, რომ თბილისმა ეს არ გააკეთა, ხოლო მოსკოვმა კი საბაბის ძებნა არ დაიწყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიზებისათვის.
------------
სერგეი მარკედონოვი, პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ერთაშორისი ურთიერთობების განყოფილების უფროსი
უკრაინის კრიზისის დაწყებამდე არსებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები შეიძლება ორ პერიოდად დავყოთ:
პირველი პერიოდი - 2012-2013 წლებამდე, როცა მმართველი პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“ იყო. ამ დროს ორი მეზობლის ურთიერთობამ თავის ყველაზე ნეგატიურ წერტილს მიაღწია საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან. ბოლო ეტაპზე უკვე დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყდა, დაფიქსირდა უმწვავესი და მკვეთრი რადიკალური პოზიციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით.
მეორე პერიოდი - 2012-2013 წლები, როცა საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა დადებითისაკენ, თუმცა ეს მხოლოდ ტაქტიკურად. სტრატეგიულად კი რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის: თბილისი კვლავ ერთგულია წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობისა - ევროატლანტიკური ვექტორისა. თუმცა, აქაც შეიმჩნევა განსხვავება - თუ მიხეილ სააკაშვილი დასავლურ ვექტორს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებით აძლიერებდა (ანუ რუსეთის ფაქტორს შიდა და გარე მობილიზების ინსტრუმენტად იყენებდა), „ქართული ოცნება“ იგივე ვექტორის მშენებლობისას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს.
მოკლედ, ტაქტიკა შეიცვალა, სტრატეგია - არა. „წითელი ხაზი“ კვლავ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გადის, მათი სტატუსის საკითხი შეუთანხმებელია. მოსკოვს არ შეუძლია საქართველოს რაიმე მიმზიდველი ვარიანტი შესთავაზოს. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ხომ ცხვირსახოცი არ არის, რომ ერთი ჯიბიდან ამოიღო და მეორეში ჩაიდო? იქ ხომ ხალხი ცხოვრობს, ვისაც თავიანთი შეხედულებები, მსოფლმხედველობა და თვალსაზრისები აქვთ.
სხვათა შორის, უკვე შეიმჩნევა, რომ რუსულ-ქართული ნორმალიზაციის ტემპები, 2013 წელთან შედარებით, 2014-ში შენელდა. ალბათ, ამაზე რაღაც გავლენა უკრაინის კრიზისმაც იქონია. ნიშანდობლივია, რომ ამ მიზეზით „აბაშიძე-კარასინის“ შეხვედრები რამდენჯერმე იყო გადადებული.
რაც შეეხება ქართული პროდუქციის იმპორტს რუსეთში. აქაც გარკვეული პრობლემაა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა თავის საზღვარს მიუახლოვდა - საქართველოს მალე ზრდის რესურსები ამოეწურება. შარშან და მიმდინარე წელს ვაჭრობა იმიტომ იზრდებოდა, რომ ფაქტიურად ნოლიდან დაიწყო, ახლა კი რადიკალური მატება ნაკლებად სავარაუდოა.
უკრაინის მოვლენებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სწრაფი გაფორმებისაკენ უბიძგა. ყირიმი რომ არ ყოფილიყო, პარაფირებიდან ხელმოწერამდე პერიოდი საკმაოდ გაიჭიმებოდა. ალბათ, სანამ ყველა ქვეყანა მოახდენდეს მის რატიფიცირებას, კიდევ საკმაო დრო გაივლის, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუნდაც სიმბოლური, უკვე გადადგმულია.
პოზიტიური მომენტია ის, რომ საქართველო, პარლამენტის მიერ მიღებული პროუკრაინული რეზოლუციების მიუხედავად, ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა. გასაგებია, რომ ქართული სანქციები რომც ყოფილიყო, ეს რუსეთს ბევრად ვერ აზარალებდა, ამიტომ აქ უფრო დადებითი პოლიტიკური ჟესტი ჩანს. უფრო მეტიც - თბილისი თავს იკავებს ანტირუსული რიტორიკისაგან. ანუ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უკრაინის მოვლენების მძევალი არ გახდეს და რუსულ-უკრაინული ურთიერთობის პრობლემები ქართულ-რუსული ურთიერთობებზე არ გადაიტანოს.
ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში რაიმე რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ცხადია, დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ყოველი მოვლენა უკრაინულ პრიზმაში განიხილება და ხშირად უკრაინული მოვლენის მძევალი ხდება. მის დინამიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა, მე ვიტყოდი, ყველაფერი არა - თუ ორივე მხარე მოისურვებს დღევანდელი სტატუს-ქვო მომავალშიც გაგრძელდება.
„ნოვაია გაზეტა“ (რუსეთი), 20 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.novayagazeta.ru/tv/topics/65770.html