რამდენიმე წუთის წინ სახალხო დამცველის ოფისში სპეციალური განცხადება გაკეთდა. უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს რეკომენდაციით მიმართა. საკითხი შეეხებოდა ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობას.
"ამ რეკომენდაციით მოვითხოვთ, განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცეს ქვეყანაში ქალთა მიმართა ძალადობის საშიში ტენდენციები. საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი და უახლოეს მომავალში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრები, პრობლემების მოგვარების კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშის მოსასმენად. სახალხო დამცველის აპარატში არსებული გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ყოველდღიურად სწავლობს ქალთა მიმართ ძალადობის საჩივრებს და უმძიმეს პრობლემებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ყველა დაინტერესებულ, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტრუქტურასთან. ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება", - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
ნანუაშვილი აღნიშნავს სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობაზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მათ როლი და ჩართულობა ოჯახური ძალადობის შემთხვევებში უნდა გაიზარდოს.
"უკანასკნელი 6 თვის მანძილზე 20-ზე მეტი ქალის მკვლელობა მოხდა, რომელსაც სწორედ გენდერული უთანასწორობა ედო საფუძვლად. სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, ოჯახში ძალადობის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მთავარ პრობლემას კანონმდებლობის აღუსრულებლობა წარმოადგენს, ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ რთულია ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება, რადგან იგი ჩაკეტილ სოციალურ წრეში ხდება. თუმცა, ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია გასცდა ჩაკეტილ სივრცეს. საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაადეკვატური გამოყენება წარმოადგენს. ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად არ ხდება იმ მექანიზმების გამოყენება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი თხოვნა დახმარების თაობაზე, სამართალდამცავების მხრიდან უგულებელყოფილი რჩება. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტის დროს მომხდარიყო რისკების შეფასება და გამოყენებულიყო კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები. ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების უმრავლეს შემთხვევაში სამართალდამცავთა მიერ მოძალადის გაფრთხილება ხდებოდა ხელწერილით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ფორმას საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისაგან დაცვის არსებული სამართლებრივი მექანიზმები, ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია.
პრაქტიკა გვიჩვენენებს, რომ არ სრულდება ან არ ამოქმედებულა ხელისუფლების ხელთ არსებული მექანიზმები ძალადობის შესაჩერებლად. საქართველოს სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა, რომ მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისთვის მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად განსაზღვრული, სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება", - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ რეკომენდაციაში.