2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული არ არის საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოების ზრდა - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამჟამად, მუშაობა მიმდინარეობს პედაგოგთა ხელფასების გაზრდისა და მოწესრიგების მიმართულებით, რაც ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის დროს აისახება ზოგადასაგანმანთლებლო სკოლების ვაუჩერული დაფინანსებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში შრომის ანაზღაურების მუხლისთვის გათვალისწინებული ოდენობა 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 54.0 მლ ლარით.
"აღნიშნული გამოწვეულია შემდეგი მიზეზით: საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი ნორმები იძლევა შესაძლებლობას საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიმდინარე ხარჯების დაფარვის მიზნით გამოყოფილი ასიგნებები გათვალისწინებული იქნეს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის "სუბსიდიის" მუხლში.
საჯარო სამართლის იურიდიული პირების დიდი ნაწილისთვის აღნიშნული ნორმა გამოიყენებოდა და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში მათი დაფინანსება წარმოდგენილი იყო მხოლოდ სუბსიდირებით და არ ასახავდა მათ მიერ დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობას და მათთვის გაწეულ შრომის ანაზღაურებას.
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში ყოველწლიურად უმჯობესდება საჯარო ფინანსების აღრიცხვის მექანიზმები შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების გადასახდელების დაგეგმვა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლების მიხედვით და მათ მიერ დასაქმებულთა ასახვა წლიური ბიუჯეტის კანონში.
მაგალითად: ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სხვადსხვა თეატრებში, მუზეუმებში, ანსამბლებსა და კულტურის სხვა დაწესებულებებში დასაქმებულია და ხელფასს იღებს კულტურის მოღვაწეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა და შესაბამისი ტექნიკური პერსონალი. მათი შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა ზემოაღნიშნულის გათალისწინებით წლების მანძილზე გაიწეოდა "სუბსიდიის" მუხლიდან და ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები არ შედიოდნენ ბიუჯეტის კანონით შესაბამისი სამინისტროსთვის გათვალისწინებულ მომუშავეთა რიცხოვნობაში.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კი მოხდა ამ საშტატო ერთეულების მომუშავეთა რიცხოვნობაში გათვალისწინება და მათი შრომის ანაზღაურებისათვის საჭირო რესურსების გათვალისწინება "შრომის ანაზღაურების" მუხლში ნაცვლად "სუბსიდიის" მუხლისა, რის გამოც სამინისტროს რიცხოვნობა 2014 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ ოდენობასთან შედარებით გაზრდილია 6067 ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურების ფონდი 47.0 მლნ ლარით და აღნიშნულის ხარჯზე შემცირებულია სამინისტროს ბიუჯეტის პროექტით "სუბსიდიის" მუხლში გათვალისწინებულო ოდენობა",-განმარტავენ უწყებაში.
ძირითადად ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჯამურად მომუშავეთა რიცხოვნობა 2014 წლის დამტკიცებულ მოცულობასთან მიმართებაში გაზრდილია 4460 ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურების ფონდი 54.0 მლნ ლარით.