ამ რამდენიმე დღის წინ „ივერიონს“ ცნობილი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, კომპოზიტორთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ვაჟა აზარაშვილი და მუსიკათმცოდნე, კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი, მუსიკალური ფონდის ყოფილი თავმჯდომარე ბარამ ბარამიძე ესტუმრა. მათ გულისტკივილით და იმედგაცრუებით ისაუბრეს იმ მტკივნეულ პრობლემაზე, რომელიც ბორჯომის კომპოზიტორთა სახლს უკავშირდება და რომელსაც „ნაციონალების“ შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამაც საშველი არ დააყენა.
ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ ბ-ნ ვაჟა აზარაშვილს.
- ბატონო ვაჟა, საზოგადოებას ახსოვს თქვენი მწვავე გამოსვლები ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის დაბრუნებასთან დაკავშირებით. რამდენადაც ვიცით, ეს საკითხი დღესაც მოუგვარებელია, რა ხდება, არა აქვს ამ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება მოაგვაროს ეს პრობლემა, თუ სხვა ინსინუაციებთან გვაქვს საქმე?!
ამის გარკვევა ჩვენც გვინდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კომპოზიტორთა სახლი ჩვენი თანხებით საკავშირო მუსიკალურმა ფონდმა ააშენა. 1982 წლიდან ეს იყო ჩვენი სახლი, სადაც ვცხოვრობდით და ვისვენებდით. მართალია, ბოლო წლებში კოპოზიტორთა სახლს ჰქონდა სახელმწიფოს ვალი, რომელსაც ვერ ვიხდიდით, მაგრამ პარტნიორი გამოგვიჩნდა და, როცა ეს პრობლემა გადავწყვიტეთ, სახლი სწორედ მაშინ წაგვართვეს...
- მაინც რა იყო ამისი მიზეზი, ვალის დაუბრუნებლობა, თუ...
- ვალი დავფარეთ - როგორც გითხარით, ვნახეთ პარტნიორი, რომელმაც ავანსად გარკვეული თანხა მოგვცა. ..თუმცა, მანამდე ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ბატონ მამუკა ხაზარაძესთან, რომელმაც გვითხრა, რომ მხოლოდ 20%-ს გადმოგვცემდა მფლობელობაში. ამას კომპოზიტორები, რა თქმა უნდა, არ დათანხმდნენ... შემდეგ ის პიროვნება გამოჩნდა, რომელმაც 49% შემოგვთავაზა და ამ წინადადებაზე დავთანხმდით. ჩვენი პარტნიორი უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია. მოლაპარაკების თანახმად, პარტნიორი მზად იყო სარემონტო ფულიც გაეღო...
- საინტერესოა, კომპოზიტოორთა სახლის წართმევას რაიმე პერიპეტიები უძღოდა წინ, თუ პირდაპირ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წაგართვეს?!
- რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს წინასწარ ვგრძნობდით. თუმცა, მოხდა ისე, რომ ყოველგვარი შეტყობინების გარეშე შემოცვივდნენ და... კომპოზიტორთა სახლის დაცვის წარმომადგენელმა დაგვირეკა და გვითხრა: ჩვენ უკვე გამოგვყარეს, კარები დაკეტეს და დაცვა დააყენეს-ო. მაშინ ხუმრობითაც კი ვამბობდი: პოლიცია ბორჯომის კომპოზიტორთა სახლს იცავს კომპოზიტორებისგან-მეთქი.
მანამდე ჩვენთან შემოვიდა სამცხე-ჯავახეთის პროკურატურა და გვითხრა, რომ ამ სახლს აქვს რაღაც შემოსავალი, რომელსაც ვიღაც იყენებს - ეს უკვე იყო მინიშნება, რომ კომპოზიტორთა სახლს „ნაციონალებმა“ თვალი დაადგეს -მათ დოკუმენტაცია წაიღეს. ჩვენ პირნათლად ვითანამშრომლეთ გამოძიებასთან. თუმცა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს...
მიუხედავად ამ ყველაფერისა 3-4 წლის განმავლობაში მუსიკალურ ფესტივალებს მაინც ვატარებდით, ვიღაცებს ჩვენი აქტიურობა ძალიან არ მოსწონდათ (ამ პერიოდში ჩატარდა „მღერიან და ხუმრობენ ქართველი კომპოზიტორები. ასევე, ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა კონცერტი, რომელზე დასასწრებად ხაშურიდანაც კი ჩამოვიდნენ)...
ჩვენ ვგრძნობდით რა მოახლოებულ საშიშროებას, ვცდილობდით შესაბამისობაში მოგვეყვანა დოკუმენტები - ბორჯომის საჯარო რეეტრში წარვადგინეთ დოკუმენტაცია, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაცას იმიზეზებდნენ, თითქოს საბუთები არ გვქონდა სრულყოფილი...
ამის შემდეგ დაიწყო შეხლა-შემოხლა საჯარო რეესტრთან , რადგან კომპოზიტორთა სახლს საკუთრებაში არ გვიკანონებდნენ...
- მაშინ ვის ბალანსზე იყო სახლი და რატომ არ ატარებდნენ ხელახალ რეგისტრაციაში?
- რა თქმა უნდა, ჩვენს ბალანსზე. 1991 წელს, როდესაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, მატონმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა , კომპოზიტორთა სახლმა მინისტრთა კაბინეტში განცხადება შეიტანა და საკავშირო მუს-ფონდს გამოვეყავით, რომლის ბალანსზეც ვიყავით...
ახლა ისევ „ნაციონალების“ „ვაჟკაცობას“ დავუბრუნდები: საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლება რომ არ მოგცეს, ვხვდებოდით, რომ სახლს გასაყიდად ამზადებდნენ. ამის შესახებ ჩვენ ყურმოკვრით ვიცოდით კიდეც (ეს ის პერიოდია, როცა გიორგი არველაძე ეკონომიკის მინისტრი იყო)!..
- როგორც ჩანს, შევარდნაძის პერიოდში ამ სახლის წართმევა ვერ მოხერხდა!
- არა. ამის მცდელობაც არ ყოფილა. ედუარდ შევარდნაძის დროს გამოვიდა კანონი, „ხელოვნების მუშაკთა კავშირების შესახებ“, რომლის თანახმადაც, კავშირებს მათ ბალანსზე არსებული ქონება მუდმივ მფლობელობაში უნდა გადასცემოდათ. ეს კანონი ეხლაც მუშაობს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ სწორედ ის მუხლები შეაცვლევინა, სადაც ეს იყო მითითებული...
მართალია, ჯერ „კანონიერად“ ეცადნენ წაერთმიათ კავშირის ქონება, მაგრამ სასამართლომ გააუქმა ბორჯომის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და განსახილველად ხელახლა დააბრუნა. როცა ამ გზებით არაფერი გამოუვიდათ, მერე სახელმწიფო ძალადობას მიმართეს.
გასაგებია ეს ყველაფერი იყო სააკაშილის დროს, მაგრამ, არც ესენი რომ არ უქნია ღმერთს1 თუ სატელევიზიო გადაცემაში მიმიწვევენ, მინდა ასეთ კითხვები დავსვა: „თუ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკის მინისტრებს უნდოდათ კომპოზიტორთა სახლის დაპატრონება, დღეს ვის სჭირდება იგი, ვინ დაიკავა მათი ადგილი და ვინ არის ის, ამ უკანონობას ასე რომ იცავს?
- თქვენ ბრძანეთ, რომ შევიდნენ შენობაში, გამოგყარეს და თავიანთი დაცვა დააყენეს. ამის შემდეგ თქვენ იბრძვით...
- თქვენ წარმოიდგინეთ ქონების ინვენტარიზაციის უფლებაც კი არ მოგვცეს. იქ არის ძვირფასი ინსტრუმენტები, მაგრამ, ისიც არ ვიცი, არის კი?!
- გასაგებია, რომ თქვენ ვერ მიაღწიეთ შედეგს მიხეილ სააკაშვილის „ზეობის“ პერიოდში, რა ხდება ახლა, არც ახალმა ხელისუფლებამ გათხოვათ ყური?
- ცოტა შორიდან დავიწყებ: სააკაშვილის დროს, როცა გავიგეთ, რომ სახლი აუქციონზე გასაყიდად გაჰქონდათ, ჩვენ ყველა საელჩოს მივწერეთ და ავუხსენით, რომ სახლი ძალადობის გზით არის წართმეული და აუქციონში არ მიეღოთ მონაწილეობა. 2007 წელს სამჯერ გაიტანეს აუქციონზე, მაგრამ კომპოზიტორთა სახლი არავინ არ იყიდა.
რაც შეეხება ახალ მთავრობას, მათი მოსვლის შემდეგ მივწერეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომისიას , პირადად ბორჯომის დეპუტატს, ბატონ გედევან ფოფხაძეს. წერილში ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი და მას ცნობილი მომღერლები აწერენ ხელს. წერილი გიორგი კვირიკაშვილსაც გადაეგზავნა მაგრამ...
- და რაო ეკონომიკის სამინისტრომ?
- კვირიკაშვილმა არც მიგვიღო, მის პრესსამსახურს ვუკავშირდებოდით, მაგრამ არ გვპასუხობდა. როდესაც დავინახეთ, რომ არაფერი გამოვიდა, სახალხო დამცველთან მივედით. სახალხო დამცველმა საქმე იურიდიულ დეპარტამანეტს გადასცა.
რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ჩვენ სოზარ სუბარს მივმართეთ, რომელმაც შეისწავლა ჩვენი საქმე და დასკვნა გამოგვიგზავნა. მინდა გითხრათ, რომ არცერთი ინსტანციის სასამართლოს ბორჯომის სახლის წარმომავლობა არ განუხილავს ისე, როგორც სუბარმა განიხილა. დასკვნაში მოცემულია, რომ ეს არის კომპოზიტორთა სახლის მართლზომიერი საკუთრება. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მივწერეთ გიორგი კვირიკაშვილსაც... მაგრამ, არავითარი პასუხი არ გვაღირსეს!
რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატს - უჩა ნანუაშვილი თავად არ შეგხვდა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროსთან გვიშუამდგომლეს და მოგვწერეს, თუ რა ხდება კომპოზიტორთა სახლთან დაკავშირებით.
გაირკვა, რომ კომპოზიტორთა სახლი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ვინაიდან აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდებოდა საკადასტრო აზომვები.
- თუ აზომვები არ იყო ჩატარებული, აუქციონზე როგორ გამოიტანეს?
- საკადასტრო აზომვას ყველამ იცის რომ მხოლოდ ერთი დღე სჭირდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სახელმწიფომ სახლი ყალბი საბუთებით წაიღო. სოზარ სუბარის დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ მათ სიყალბე ჩაიდინეს.
- რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ეკონომიკის სამინისტროდან პასუხი არ მოგსვლიათ?
- წარმოიდგინეთ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გავუგზავნეთ პირველი წერილი, მან მთავრობას გადაუგზავნა, მთავრობამ კი ეკონომიკის სამინისტროს, პასუხი კი ჯერჯერობით არ ჩანს...
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ვერსია გვაქვს. კონკრეტულად კი კომპოზიტორთა კავშირის დღევანდელმა თავმჯდომარემ, კახა ცაბაძემ, რომელმაც ვერტიკალში საკუთარი ჯგუფი შექმნა. გვითხრა, რომ თავიდან უნდა გავიტანოთ აუქციონზე - თავიდან უნდა ჩაუტარდეს აუდიტი და ახალი ფასი დაედება და ა.შ. როცა ვკითხეთ, თუ რა ეღირება კომპოზიტორთა სახლის შენობა, მან გვიპასუხა: დაახლოებით 1 მილიონი ლარი. არადა, ამ სახლის საბაზრო ღირებულება წლების წინ 3 მილიონი იყო, დღესდღეობით მისი ღირებულება 3 ჯერ იქნება გაზრდილი.
ამდენად, დასკვნა მარტივია: ცაბაძის პასუხს ცუდი სუნი ასდის და არ გამოვრიცხავთ, რომ რაღაც მოსალოდნელ მაქინაციებთან გვქონდეს საქმე!
ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ: როგორც იტყვიან, რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ!
და ბოლოს: ძალიან მინდა მივიღო პასუხი ერთ კითხვაზე: ეს არის „ქართული ოცნების“სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც წინასაარჩევნოდ გვპირდებოდნენ? საინტერესოა, ვინ დაადგა თვალი ჩვენს საკუთრებას დღევანდელი ხელისუფლებიდან?!
ესაუბრა ნათია ხარბედია