გუშინ (და საერთოდ, ამ ბოლო დღეებში) „ნაციონალების“ ცენტრალურ ოფისთან მოწყობილ ისტერიას საქართველოში ბევრი მომხრე გაუჩნდა _ მათი აზრით, დამნაშავე „ნაციონალურ რეჟიმს“ მხოლოდ ამ გზით თუ მოვიშორებთ!
ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს „თავისუფალი თაობის“ მიერ გამოძერწილი ლოზუნგი „აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ამ გზით არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ავკრძალავთ, არამედ ქვეყანაში დაგროვილ აგრესიას კიდევ უფრო ვამძაფრებთ. ნაცვლად იმისა, რომ სასურველ კალაპოტში ჩავაყენოთ, კიდევ უფრო ვუწყობთ ხელს საზოგადოების დაშლა-დანაწევრებას დაპირისპირებულ ჯგუფებად.
მითუმეტეს, სახიფათოა, რომ ამ ისტერიის ავანგარდში ახალგაზრდები დგანან _ ახალგაზრდები, რომლებმაც დირექტივა „ზემოდან“ მიიღეს და შესაძლოა დარწმუნებულნიც არიან იმაში, რომ ეროვნულ საქმეს აკეთებენ!
ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი უნდა აიკრძალოს, საკამათო არ არის!
სხვათაშორის, ამ მიმზიდველი ლოზუნგით მოვიდნენ ხელისუფლებაში დღევანდელი მამამთავრები, მაგრამ, როგორც კი თავი სამშვიდობოს დაიგულეს, „ნაციონალები“ საჯიჯგნად და გულის მოსაოხებლად ხალხს დაუტოვეს!
მეტიც, ყველანაირად ცდილობენ გაამყარონ გუშინდელი დამნაშავე რეჟიმის პოზიციები და საზოგადოება მუდმივად იმის შიშში ამყოფონ, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ ყვითელს ავუნთებთ, ადვილად შესაძლებელია დამნაშავე რეჟიმი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და მერე იქნება, რაც იქნება!
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით ძილ-ბურანიდან და ვერ გავაცნობიერეთ, რომ მთავარი რეჟიმის ფორმალური მოშორება კი არ არის, არამედ მისი სრული პოლიტიკური ნეიტრალიზებაა, რომელიც უპირველესად ხელისუფლებამ უნდა ითავოს!
დიახ, საზოგადოებაში „ნაციონალების“ მიმართ დაგროვილი უარყოფითი მუხტის გათვალისწინებით, ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს ხალხის დაკვეთა და მის მიერვე „გამოჩეკილი“ ერთადერთი ოპოზიციური ძალა“ პოლიტიკური ავანსცენიდან გააქროს!
ბუნებრივია, ამას სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა სჭირდება, რომლის პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ სამწუხაროდ არ გააჩნია.
ძალიან სახიფათოდ მეჩვენება ამ ბოლო ხანებში გაჟღერებული ლოზუნგი: „თუ ხელისუფლება არ გააკეთებს, ამას ხალხი გააკეთებს!“
არა, ბატონებო! კოალიცია „ქართული ოცნება“ იმიტომაც მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, რომ ხალხის დაკვეთა შეასრულოს, ამისთვის მას ყველანაირი სამართლებრივი და ტექნიკური ბერკეტები გააჩნია. რაც შეეხება ხალხის სამართალს, ეს არა სამართლიანობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს ქვეყანაში, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების (არეულობის) წინაპირობა იქნება, რომელიც რამდენიმე ათეული წლით დასწევს უკან საქართველოს _ არ შეიძლება ხელისუფლების გასაკეთებელი ხალხმა გააკეთოს!
აქედან გამომდინარე, ვინც ეს ახალგაზრდული გაერთიანება „გამოაქანდაკა“ და მას ეს ფუნქცია დააკისრა, ნამდვილი პროვოკატორია და არაფერი აქვს საერთო სახელმწიფოს ინტერესებთან.
მინდა მივმართო „ახალი თაობის“ აქტივისტებს: ჩემო ძვირფასებო, თუ გული გერჩით და „ნაციონალების“ პარპაშს გულწრფელად განიცდით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ ოფისთან კი ნუ აწყობთ ბალ-მასკარადებს, დაირაზმეთ და მიდით საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო კანცელარიასთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან და კატეგორიულად მოსთხოვეთ: გააკეთონ ის, რაც ევალებათ, ანუ შეასრულონ ის ლამაზი წინასაარჩევნო დაპირბები, რის გამოც ნდობის მანდატით აღჭურვა ამომრჩეველმა!
თუ კოალიციას ამის პოლიტიკური ნება არ აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ საპროტესტო მუხტი არა „ნაციონალური მოძრაობისკენ“, არამედ „ქართული ოცნებისკენ“ უნდა მიიმართოს და უნდა ვაიძულოთ დღევანდელი ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები - ამით ერთდროულად უარს ვეტყვით ძალადობასაც და ფარისევლობასაც!
სხვანაირად ჩვენივე უნიათობითა და უსუსურობით ნებისმიერი ხელისუფლების ხელში განტევების ვაცად ვიქცევით და სულ მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ.
ისმება ლოგიკური კითხვა: რა შედეგს გვაძლევს გუშინდელი, გუშნწინდელი და იმისწინანდელი აქციები? არც არაფერს - ვიღაცა სცემეს, ვიღაცამ სააკაშვილის სურათი დაწვა, ვიღაც დაიჭირეს, ვიღაც დააჯარიმეს, თუმცა ამ ალიაქოთს უკვალოდ არ ჩაუვლია - ჩვენს სულებში დაილექა და აგრესიული ფონი კიდევ უფრო დააბინძურა!
P.S. საზოგადოება შოკში ჩააგდო ამ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა. ლამის „სერიული“ ხასიათი მიიღო ქალებზე ძალადობამ, რომელიც ფატალური შედეგებით დამთავრდა. მიზეზები რაც არ უნდა სხვაგან ვეძებოთ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანაში დაგროვილი იმ აგრესიული ფონის გამოხატულებაა, რომელიც ბუმერანგივით უბრუნდება საზოგადოებას.
რატომ არ ვფიქრობთ, რომ ასეთი პერმანენტული (ისტერიული) აქციებით კიდევ უფრო ვაბინძურებთ სოციალურ ფონს და სრულ დეგრადაციამდე მიგვყავს საზოგადოება?!
ასე რომ, „თავისუფალ თაობას“ მისამართი ნამდვილად შეეშალა, თუმცა არ ეშლება იმას, ვინც ეს კაკაფონია დაგეგმა!
ფრთხილად ბატონებო, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იმყოფება...
საბა საბახტარაშვილი