ივერიონი / ზვიად ტომარაძე:-"ეს ყოველივე მიმართულია ოჯახის, როგორც ინსტიტუტის დასანგრევად!"

ზვიად ტომარაძე:-"ეს ყოველივე მიმართულია ოჯახის, როგორც ინსტიტუტის დასანგრევად!"

   ბოლო დროს მომხდარ "ოჯახურ მკვლელობებს"  საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ქალთა მიმართ ძალადობის კვალიფიკაცია მიენიჭა და ქართული მენტალიტეტის სიავედ მოინათლა, მინდა განვაცხადო: მრავალ ევროპულ, ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყანაშიც ხდება ანალოგიური ტიპის მკვლელობები (მაგ. საფრანგეთში საშუალოდ ყოველი მეათე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია) და სამწუხაროდ ამ თემას ვერც დისკუსიებით და ვერც რაიმე საკანონმდებლო ცვლილებებით ვერ მოევლება. მე პირადად ამ დანაშაულს ვერ გამოვყოფ და ცალკე როგორც ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობად ვერ განვიხილავ. ხშირად მოხუცებსაც კლავენ, ქმრებსაც და სამწუხაროდ ბავშვებსაც. ეს ჩვეულებრივი დანაშაულია და იარსებებს მანამდე სანამ კაცობრიობა იქნება... არაფერ შუაში არ არის ქართული მენტალიტეტი, ჩვენში ქალის მიმართ პატივისცემა ოდითქგანვე უსაზღვრო იყო, მაგალითისთვის ქართული ცეკვა, მანდილის ჩაგდება, და სხვა მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება... 

   როდესაც კარგად დავუკვირდებით, თუ რა ძალები დგანან აგორებული ოჯახური ძალადობის კამპანიის უკან, ყველაფერი ნათელი ხდება. ამ საკითხზე ძირითადად ორი კატეგორია აქტიურობს: ლგბტ საზოგადოება და გრანტიჭამია არასამთავრობო სექტორი. სწორედ მათი ორგანიზებითა და მონაწილეობით გუშინ 21 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია გაიმართა. რასაც უმალ მოჰყვა შედეგი, დღეს პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობაზე იმსჯელეს. ასევე დღეს პირველი სხდომა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო ჯგუფმა, რომელმაც ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავა. დღევანდელი შეხვედრების შედეგად გადაწყდა:

   "ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით გადაწყდა, რომ სოციალურ მუშაკს დამატებითი ფუნქციები დაემატებათ, ასევე ყველა რაიონში დამატებით ორი სოც-მუშაკი იმუშავებს. შსს-ს ინიციატივით სისხლის სამართალის კოდექსში ცვლილებები შევა და ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. პირველ შემთხვევაში სასაჯელი 1 წლიან პატიმრობას, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 3 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს." 

    ეს ყოველივე მიმართულია ოჯახის, როგორც ინსტიტუტის დასანგრევად! და რაოდენ სამწუხაროა, როდესაც ამას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს. მიმაჩნია რომ ქალის (მეუღლის) მკვლელობა კი არა, მასზე ხელის აწევაც კი დაუშვებელია! თუ ვინმე მეუღლეს კლავს, ან მასზე ფიზიკურად ძალდობს, ამ შემთხვევაში  ისედაც არსებობს შესაბამისი  კანონები და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.  ასევე მიმაჩნია, რომ ოჯახი, ცოლ-ქმრული ურთიერთობები მეტად ფაქიზი თემაა და ისე არ გამოვიდეს, რომ მასში ზედმეტად ჩარევა, მასიურად ოჯახების  ნგრევის საწინდარი გახდეს, მითუმეტეს როგორც ერი ვნადგურდებით. გაეროს მონაცემებით დღევანდელი შობადობის ტემპებით საქართველოს მოსახლეობა 2025 წლისთვის - 3 მლნ 917 000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 2 მლნ 985 000-მდე, ანუ მილიონ 170 000 კაცით მცირდება.

   გახშირებული ოჯახური ძალადობა იმის შედეგია, რომ თაობებს ვერ ვზრდით, ვერც საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ვერც ოჯახში. რამოდენიმე  წლის წინ, ვიღაც ლიბერალების შემოგდებულ "გენდერულ თანასწორობას" კი არ უნდა ვესწრაფვოდეთ, ქრისტიანული მოძღვრებით უნდა აღვზარდოთ შვილები, რადგან ამას სამწუხაროდ სხვაგან არ ასწავლიან, არც სკოლაში და არც ტელევიზიით... წმიდანდთა განმარტებებს თავი რომ გავანებოთ, თუნდაც მხოლოდ სახარებაში ნათლად წერია, როგორც ცოლ-ქმრული ურთიერთობების, ასევე ზოგადად სწორი ცხოვრების შესახებ, ასე რომ შვილებს სახარება უკითხეთ !!!

   თითოეულ ჩვენთაგან გვაქვს არჩევანი ოჯახისა და ცოლ-ქმრული ურთიერთობის  შესახებ, ან დავუჯეროთ ჩვენს რწმენას და წმინდა მამებს, ან ფემინისტებს რომლებმაც უკრაინაში მემორიალური ჯვარი გადახერხეს, ხოლო რუსეთში მაცხოვრის შობის ტაძარში შევარდნენ შიშვლები შეძახილებით: "ღვთისმშობელო გახდი ფემინისტი!" სამწუხაროდ მსგავსი ფემინისტები ჩვენც მრავლად მოგვეპოვება, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მათ საქართველოში საზოგადოების შიში ჯერ კიდევ გააჩნიათ და ანალოგიური ქმედებებისგან თავს იკავებენ. თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში არავინ იცის.

 

ზვიად ტომარაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია

"ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი" 

 

22-10-2014, 22:49
უკან დაბრუნება