ივერიონი / ვანო მერაბიშვილს პატიმრის წამებაში ადანაშაულებენ?!

ვანო მერაბიშვილს პატიმრის წამებაში ადანაშაულებენ?!

მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის დედა მარინა ქებაძე ვლადიმერ ბედუკაძეს და ვანო მერაბიშვილს მისი შვილის რატი რეხვიაშვილის წამებაში დებს ბრალს. ამის შესახებ პატიმრის დედამ ბრიფინგზე განაცხადა.


მარინა ქებაძე  გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს განცხადებით მიმართავს: "შეისწავლეთ ჩემი შვილის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი რატი რეხვიაშვილის საქმე, რადგან წლების მანძილზე უშედეგოდ ველი მისი უდანაშაულობის დამტკიცებას. საქმის მასალებიდან გამომდინარე, რომელსაც პროკურატურის ორგანოებს წარვუდგენთ, ცხადი ხდება, რომ პოლიციელის მკვლელობა რატი რეხვიაშვილს არ ჩაუდენია. მეორე მთავარი გარემოება ის გახლავთ, რომ წლების მანძილზე ჩემს შვილს სადისტურად აწამებდნენ. ბევრი რამ ვიცოდი, ბევრი მხოლოდ ეხლა გავიგე, რადგან ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და რატის საშუალება მიეცა, ეთქვა სიმართლე. მანამდე ჩემი შვილი უწყვეტი წამებისა და მუქარის ქვეშ იმყოფებოდა. კონკრეტულად ციხის ზედამხედველი ვლადიმერ ბედუკაძე აწამებდა, მათ შორის იყვნენ მაღალჩინოსნებიც, რომელთა ვინაობასაც რატი დაკითხვისას დაასახელებს", _ ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებას თან ერთვის მსჯავრდებულ რატი რეხვიაშვილის მოთხოვნა, რომელიც ასევე განცხადების სახით არის წარმოდგენილი. ის ადასტურებს ზემოთხსენებულ ინფორმაციას და დამნაშავეებად ვლადიმერ ბედუკაძეს, ვანო მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს მოიხსენიებს. მისი მოთხოვნაა, მოხდეს მისი განცხადების საფუძველზე სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება ლადო ბედუკაძის, ასევე იმ პირების მიმართ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მის წამებაში. 

6-11-2012, 13:09
უკან დაბრუნება