სახალხო დამცველი სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უჩა ნანუაშვილი სადავო საკითხებს შეისწავლის და დღეს დაკავებულ პირთა საქმეების სასამართლოში განხილვას მონიტორინგს გაუწევს.
როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშუნლი, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის დემონტაჟი მიმდინარეობს.
"საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ შენობის კლუბად გადაკეთებასთან დაკავშირებით. გამგეობამ "ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის კლუბის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის შესახებ" ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო შენობის დემონტაჟი, რასაც ადგილობრივი მუსლიმი მრევლის პროტესტი მოჰყვა. შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, შენობის პერიმეტრს პოლიცია იცავდა. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია მუსლიმი თემის 14-მდე წარმომადგენელი. მათ შორის 11 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებისათვის - წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (მუხლი 173), ხოლო 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი უკვე წლებია საუბრობს სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარების საჭიროებაზე, მათ შორის სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის საკითხზე.
როგორც 2013 ასევე 2014 წელს ადგილი ჰქონდა მუსლიმთა უფლებების დარღვევის არაერთ შემთხვევას, რაც საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული. სოფელ მოხეში მომხდარი ფაქტი კვლავ ქმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფრთხეს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეაჩეროს შენობის დემონტაჟი. მნიშვნელოვანია, ყველა მსგავსი საკითხი, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობის და განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით განიხილონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. მითუმეტეს, რომ საკითხი კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებაში ჩარევას შეიძლება შეეხებოდეს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია სოფელ ჭელის მეჩეთის წინამძღვრის განცხადება, რომლის მიხედვით 20 ოქტომბერს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მუსლიმებს შორის სოფელ მეხის მეჩეთთან დაკავშირებულ საკითზე გამართულ შეხვედრაზე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მუსლიმებს დაემუქრა, არ მოისმინა მათი პოზიცია და განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კულტურის სახლი მაინც გაიხსნება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული თანასწორუფლებიანობის და რელიგიის თავისუფლების პრინციპების დაცვით.
საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის სადავო შენობასთან დაკავშირებულ საკითხებს და მონიტორინგს გაუწევს დღეს დაკავებულ პირთა საქმეების სასამართლოში განხილვას,"- ნათქვამია განცხადებაში.