თბილისის მერის, გიგი უგულავას ბიზნესზე და მის ქონებაზე ქართულ მედიაში მრავლად ითქვა და დაიწერა. აგრეთვე კორუმპირებულობაზე, მერიაში ათასგვარი ფინანსური მაქინაციებზეც მრავალი ფაქტები და ვერსიები გახმაურებულა, მაგრამ გიგი უგულავა დღემდე დაუსჯელია, ისევე, როგორც მთელი მისი გარემოცვა.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუთხრობთ გიგი უგულავას ბიზნესის შესახებ, რომელსაც, ცხადია, თბილისის მერი თავისად არ აცხადებს, მაგრამ ჟურნალისტების მტკიცებით _ მისია.
ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი, არაპირდაპირ ედუარდ შევარდნაძის მძახლის, შარანგიების სახელს უკავშირდება. თბილისის მერიამ რესტორნებში ("ძველი სახლი" და "ქალაქური") დაფუძნებულ 4 კომპანიას გადაულოცა "ყვითელი მარშრუტკების" ბიზინესი. მედია ამტკიცებს, რომ შარანგიებთან ერთად, ამ ბიზნესის წილში გიგი უგულავაცაა და ოთხიდან ორი კომპანია _ "თბილ ქარი" და "ფაბლი ქარი" მისი საკუთრებაა, ხოლო ორიც _ შარანგიების.
გიგი უგულავა საკუთარი ბიზნესის ხელშესაწყობად, ცხადია, არც მერის უფლებამოსილების გამოყენებას ერიდება. უახლოეს ისტორიას შეგახსენებთ: თბილისის მერიამ გამოსცა განკარგულება და ეკოლოგიური მოსაზრებით, თბილისის სავაჭრო ობიექტებს, პოლიეთილენის პარკების გამოყენება აეკრძალათ. მათ დაევალათ, მხოლოდ ქაღალდის პარკები მოეხმარათ. თბილისის ეკო-სისტემის "დამცველ" უგულავას გეგმა ჟურნალისტებმა ჩაუშალეს. აღმოჩნდა, რომ გიგი უგულავას სიმამრი იყო ქაღალდის პარკების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი _ "ქაღალდის ნაწარმის კომპანია" შალვა კილაძის საკუთრება იყო და სიძემ სიმამრის გამდიდრება მოინდომა _ მერის განკარგულებით, მოსახლეობას ქაღალდის პარკების ხმარებას აიძულებდა, სავაჭრო ობიექტებს _ მათ შეძენას. არადა, თითო პარკი მომხმარებელს 15 თეთრი დაუჯდებოდა. გეგმა ჩავარდა, მაგრამ მერის ეს აბსურდული განკარგულება ხომ შემორჩა ისტორიას? მართალია, ის მალევე გააუქმა გიგი უგულავამ, მაგრამ სად გაექცევა პასუხისმგებლობას?!
გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილს საერთო ბიზნესად მოიხსენიებენ ე.წ. "ჯიხურების ბიზნესს". მერიის კუთვნილი ჯიხურებით კერძო ჯიხურების ჩანაცვლებით უგულავამ პრესის გავრცელებას "დაარტყა" _ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაზეთები ხელმიუწვდომელი გახდა. ცხადია, იმ გაზეთებში ამ ხელისუფლების სასიკეთო არაფერი ეწერა. ეს, შეიძლება ითქვას, უგულავას ბიზნეს-პოლიტიკური წარმატებული სვლა იყო.
საქართველოს ხელისუფლებამ, რატომღაც, დაბა გუდაურის რეაბილიტაციის პროექტი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს არ ანდო და ეს საქმე თბილისის მერიას გადაულოცა: მედია ამტკიცებს, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ამ პროექტში დიდი ფული "მოიხსნა", სააკაშვილი უგულავას უფრო ენდო, ვიდრე _ ცეზარ ჩოჩელსო. გუდაურის რეაბილიტაცია გაგრძელდება. ამ ეტაპზე, გიგი უგულავას სახელს უკავშირებენ "გუდაური აპარტ ოტელს~, 100 ნომრიან სასტუმროს, რომელსაც კომპანია "რედკო" ახორციელებს. სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უგულავას საკუთრებაა სასტუმრო "დაიმონდიც". ქართული მედიით არაერთხელ გაჟღერდა, რომ "გუდაურის განვითარების ფონდიდან" თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. გიგი უგულავა და მისი გარემოცვა პროექტიდან ფულს "ტეხავს", მაგრამ თბილისის მერმა "გუდაურის განვითარების ფონდიდან" არც კონტროლის პალატა მოუშვა და არც სხვა მაკონტროლებლები. ხელისუფლებამ არც ჟურნალისტთა დოკუმენტური მტკიცებულება ჩააგდო რამედ _ პროექტის ყველა ტენდერი უგულავას ნათესავ-მეგობრების კომპანიებს აქვთ მოგებული, თავად გიგი კი, როგორც ქართული მედია წერდა, ტენდერში გამარჯვების საფასურად, სატენდერო ღირებულების 20%-ს იჯიბავს, მაგრამ რად გინდა, განმკითხავი არავინაა!
მედია დიდი ფულის კეთებაში სდებს ბრალს თბილისის მერს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაციის პროექტში. ბრალდება იგივეა, რაც გუდაურის შემთხვევაში _ პროექტში "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე". მხოლოდ უგულავას ნათესავ-მეგობრების სამშენებლო და სარემონტო კომპანიები აგებენ ტენდერს _ მათ შემოაქვთ უცხოეთიდან სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა, უგულავას კი, როგორც ამბობენ, ყველა ტენდერიდან თავისი წილი ეკუთვნის.
გეხსომებათ 2008 წლის წინასაარჩევნო _ საპრეზიდენტო პროექტი, რომელსაც ხალხოსნური სახელწოდება ერქვა _ "რაც შენია, შენია". საქართველოს პრეზიდენტმა მაშინ სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, მოსახლეობას იმ მიწების დაკანონების ნება მიეცა, რომელსაც, მანამდე, ფაქტობრივად, ფლობდნენ. ამ პროექტითაც დიდი ფული იშოვნა თბილისის მერმა _ მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ახვლედიანი იყო. მედიის ინფორმაციით, თბილისში, ცხადია, სხვების სახელზე, ასეულობით ჰექტარი საუკეთესო მიწები დაიკანონეს, რომელიც მერე სამშენებლო კომპანიებსა და კერძო პირებს მიჰყიდეს და ფული ბლომად იშოვნეს. ამ საქმეს კინაღამ გადაყვა მამუკა ახვლედიანი, მაგრამ უგულავამ ისიც გადაარჩინა და საკუთარი თავიც.
თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონის მოპარვას ჟურნალისტები გიგი უგულავას 4 წლის წინათაც ედავებოდნენ. კერძოდ, სააკაძის მოედანზე, მერიის წინ მოქანდაკე ზურაბ წერეთლის მონუმენტი "ცხენოსანი რაინდი" დაიდგა. ეს მონუმენტი ზურაბ წერეთელმა თბილისის მერიას აჩუქა და სანკტ-ბეტერბურგიდან თბილისამდე მისი ტრანსპორტირებაც უზრუნველყო. ქანდაკება დაიდგა, მაგრამ მისი დადგმისთვის გაწეულ ხარჯებს, კონტროლის პალატამ "გრიფით საიდუმლო" დაადო. პარლამენტართა ჯგუფმა მხოლოდ სასამართლოს გზით მოახერხა კონტროლის პალატის უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება და მერიის მიერ გაწეულ ხარჯებს საიდუმლო გრიფი აეხსნა. აღმოჩნდა, რომ ზურაბ წერეთლის თბილისში ჩამოტანილი "მებრძოლი რაინდის" დადგმა მერიას 60 მილიონი ლარი დასჯდომოდა. ალბათ, მოვა დრო და გაირკვევა, რეალურად რას მოხმარდა ეს ფული. უგულავა თავს იმართლებდა _ ეს ფული ქანდაკების მოოქროვებას და მის დადგმას მოხმარდაო. ექსპერტებს არ დაეზარათ და დაიანგარიშეს _ "მებრძოლი რაინდი" სულ ოქროში რომ ჩაესვა უგულავას და ისე დაედგა, 10 მილიონ ლარზე მეტი არ იყო საჭირო. სად წავიდა 50 მილიონი, კაცმა არ იცის. თუმცა, ესეც შერჩა მიხეილ სააკაშვილის ნებიერა მერს.
გიგი უგულავას გადასარჩენად გიგა ბოკერიამ იმგვარი რამ მოიმოქმედა, აუცილებლად უნიკალურ მოვლენათა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ. კონტროლის პალატამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა აღმოუჩინა, საქმე ათეულ მილიონობით ლარს ეხება. იმ დროს მერიის კეთილმოწყობის სამსახურს კობა სუბელიანი განაგებდა. უგულავასაც და სუბელიანსაც დასაჭერად ჰქონდათ საქმე. მიხეილ სააკაშვილი თანახმა იყო, ორივე გაეწირა და "ნაციონალური მოძრაობა" მერობის ახალ კანდიდატს ეძებდა მოახლოებული არჩევნებისთვის. გიგა ბოკერიამ და მისმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ უგულავას დაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს დასცემდა ძირს და მერობის არჩევნებს წააგებდნენ. არც მეტი, არც ნაკლები: კონტროლის პალატის მიერ მოძიებულ კანონდარღვევებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურში "გრიფით საიდუმლო" დაედო, ესეც ბოკერიას ინიციატივა იყო. საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, რომლის დედაქალაქის ერთ-ერთი სამსახურის მიერ ჩადენილი კანონდარღვევა ისევეა გასაიდუმლოებული, როგორც, დავუშვათ, თავდაცვის სამინისტროს მიერ შეტევითი ტიპის იარაღის შესყიდვისთვის გაწეული სახელმწიფო ხარჯები. თუმცა, საქართველოში არაფერი უნდა გაგიკვირდეს.
როგორც ამბობენ, გიგი უგულავა სოლიდურ ბიზნესსაც ფლობს და დიდ ფულსაც შოეულობს. ფაქტებიც უამრავი დაიდო ამის დასტურად, მაგრამ მერი ჯერჯერობით ხელშეუხებელია. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, "ნაციონალთა" არაერთ დიდჩინოსანს მოუწევს ჩადენილ უკანონობაზე პასუხისგება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთ-ერთი პირველი გიგი უგულავა იქნებაო.
თბილისის კორუმპირებული მერის მოღვაწეობას შალვა ნათელაშვილმა დაუსვა ბეჭედი, როცა მას "კავკასიაში ყველაზე მდიდარი მერი" უწოდა.
ლევან ჯავახიშვილი