ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი და სოფიას მიტროპოლიტი მაქსიმი დღეს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქმა სიცოცხლის ბოლო დღეები სამთავრობო საავადმყოფოში გაატარა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ მიტროპოლიტი თავს შეუძლოდ გრძნობდა და ფაქტობრივად, მის მოვალეობას ვარნის მიტროპოლიტი ასრულებდა.
მაქსიმი (მარინ მინკოვი) ბულგარეთის პატრიარქად და სოფიას მიტროპოლიტად 1971 წელს აირჩიეს. 1992 წელს იერარქების ნაწილი მის წინააღმდეგ გამოვიდა, მას ბრალს სდებდნენ კომუნისტურ რეჟიმთან კავშირში, თუმცა სამღვდელო პირების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ამ ბრალდებას და განხეთქილება მალევე დასრულდა.