ივერიონი / ზვიად ნოდია: თანამედროვე მსოფლიო ისეა შეკრული, რომ პრეზიდენტებს და პატრიარქებსაც მსოფმთავრობის გარეშე ვერ ვირჩევთ!

ზვიად ნოდია: თანამედროვე მსოფლიო ისეა შეკრული, რომ პრეზიდენტებს და პატრიარქებსაც მსოფმთავრობის გარეშე ვერ ვირჩევთ!

„ივერიონს“ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე და ქრისტიანობასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრება პუბლიცისტი ზვიად ნოდია!


- ბ-ნო ზვიად, რა როლი უჭირავს დღეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საზოგადოებრივ ცხოვრებაში? ასრულებს თუ არა იგი ერის სულიერი მესაჭის მისიას? არადა, თუ საზოგადოების განწყობით ვიმსჯელებთ--„იქაც ვერ არის კარგად საქმე“...

- წარმმართველი; უპირატესი; უსაყვარლესი; ვინაიდან მრევლსაც უყვარს ეკლესია და სასულიერო პირთა უმეტესობასაც... ეკლესია ასრულებს ერის ეკლესიურად ცხოვრების მისიას, მაგრამ როგორ დონეზე, ესაა მთავარი... ცხადია, საეკლესიო იერარქიაში მრავალი მისაბაძი პიროვნებაა, რომლებიც, სხვათაშორის, სახელმწიფოსთვის სასარგებლო ღვაწლს ეწევიან, რადგან მრევლის ეროვნულ ენერგიას მიმართავენ ზნეობრივ-მორალური სიმშვიდისა და წესრიგისკენ, მაგრამ სულიერი მესაჭეობა, სულიერი ზრდა-განვითარება ერთობ იშვიათი გამონაკლისია...
მიზეზი ორნაირია: ა) ეკლესიური ცხოვრების სულისკვეთებისა და გამოცდილების ხანგრძლივი, ათეისტური წყვეტილობა და ბ) სეკულარისტულ მსოფლიო სულთან ქრისტეანული სულის გათანაბრება-შეერთება.

იერარქიის, განსაკუთრებით კი პატრიარქის დამსახურება (მესაჭეობა) ის იქნებოდა, რომ ეკლესიურობა აეყვანათ ძველქრისტეანულ დონეზე და არა პირიქით - დაეყვანათ ყველანაირი პროფესიის და მენტალობის ხალხთა მოსარგებ დონეზე!

სწორედ ამან განაპირობა ერის უმრავლესობისთვის პატრიარქ ილია მეორის გაკულტება, ხოლო მღვდელმსახურთათვის ისეთ დონეზე დაცემა, რომ უკვე ერთგულები გაწბილდნენ, ხოლო ეკლესიასთან დაპირისპირებულნი კი იმისთვის იყენებენ, რომ „იქაც ვერ არის კარგად საქმეს“ გახმოვანებით ეკლესიის ავტორიტეტს ამდაბლებენ;

ეს კრიტიკული ტენდენცია იმდენად საშიშია, რომ ეკლესიის ერთგულსაც ვერ დაუძრავს ხმა საჭირბოროტო საკითხებზე, რათა ეკლესიასთან დაპირისპირებულებს არ მიათვალონ...

არადა, ახლოვდება 2016 წლის ე. წ. „მერვე“ მსოფლიო კრება, რასაც მე შევარქვი - ეკუმენისტთა პირველი მსოფლიო კრება და მასში პატრიარქ ილია მეორის თუ მისი წარგზავნილების მონაწილეობა მხოლოდ ერთი, ერთადერთი მისიით იქნება გამართლებული (სხვა შემთხვევაში არ უნდა წავიდნენ, თორემ მათი თანამოაზრენი იქნებიან ქრისტეს ეკლესიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში!) - დაგმონ ეკუმენიზმი; მოითხოვონ არამართლმადიდებლებთან და მართლმადიდებელ ეკუმენისტებთან თანამლოცველობის აკრძალვა, რამეთუ ყოველივე ეს ემსახურება რომო-კათოლიკებთან, ქრისტეანული სახელწოდების სექტანტ-ერეტიკოსებთან და შემდგომ უკვე არაქრისტეანებთანაც რელიგიურ გაერთიანებას, ანუ ჩვენი ეკლესიის ანტიქრისტეს ეკლესიისთვის გადაბარებას; უკანასკნელი გაფრთხილება მისცენ მთელ მსოფლიო ეკლესიას, ანუ ყველა ადგილობრივ ეკლესიებს, რომ თუკი დადებითად არ გადაწყვეტს ეს კრება ამ მოთხოვნას, მაშინ საქართველოს ეკლესია გაწყვეტს მათთან ევქარისტულ კავშირს, გადასცემს ანათემას და თავს გამოაცხადებს არაეკუმენისტურ, ჭეშმარიტ მსოფლიო ეკლესიად!

გწამდეთ, რომ ეს იქნება შვიდი მსოფლიო კრების შეჩვენება ქვაბავაზაკთა კრებისა, ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესიის სულისკვეთება, რასაც სულმოუთქმელად ელის დაშინებული, მსოფლიო პოლიტიკურ-რელიგიურ კონიუნქტურას დაყოლილი ანტიეკუმენისტი მართლმადიდებლები, რომლებიც მსოფლიო ეკლესიის მასონური კურსის გამო გამოსავალს ვერე ხედავს და ამის გამო დაუხანებლად შეუერთდება ჩვენს ეკლესიას, ისევე როგორც სქიზმატებიც - მაშინ კი აღსდგება ქრისტეს ეკლესია და საქართველოსაც ეშველება ღმრთის ერთგულების გამო („თუ ჩემი კანონით იცხოვრებ, მოგაშორებ მტერს“)!

სხვა საშველი არ არსებობს, არც საქართველოსთვის და არც მსოფლიო ეკლესიისთვის, რადგან ანტიქრისტეზე გადაწყობილ ოფიციალურ ეკლესიას დატოვებს ქრისტე, რამეთუ - რა საერთო აქვს ღმერთს ბელიართან და ნათელს ბნელთან!

- არსებობს გამოთქმა: როგორიც ერი, ისეთი ბერიო... თუ დღევანდელი რეალობით ვიმსჯელებთ, ქართველი ერი თავის პირვანდელ საწყისს აცდა - ძალიან დავშორდით უფალს, რაც ყოველდღიურ ყოფაშიც ვლინდება ხოლმე. არაფერს ვამბობ იმ ბუნებრივ კატაკლიზმებზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, რამაც ჭკუა მაინც ვერ გვასწავლა!
ვფიქრობ, ამის მიზეზი, საზოგადოებაში გამჯდარ ურწმუნოებასთან ერთად ის დახავსებული ცნობიერებაა, რომლისგანაც ვერ იქნა და ვერ განთავისუფლდა საზოგადოება...

- როცა ქრისტეანობაზე ვსაუბრობთ, გვმართებს - არამარტო ქრისტეანობა ვიცოდეთ, არამედ - მტრის ენაც, რომელიც ხან ეკლესიების ნგრევით გვებრძვის, ხან კი - ეკლესია-მონასტრების მატერიალური გაბრწყინების ფასადით მოსული „მოყვრული მტრობით“, ანუ ეკლესიის შინაგან-სულიერი ნგრევით... ამაში იგულისხმება, რაც ზემოთ ითქვა - ქრისტეანობის პროფესია-მენტალობაზე მორგებაც და ასევე, ქრისტეანობაზე რევანშის სულისკვეთებით ამბოხებული ნეოწარმართული მსოფლიო ცხოვრების წესზე მორგება-მოდერნისტული გააზრება და გადაკეთება ეკლესიოლოგიისა და თვით „დიდი რჯულისკანონისა“...

„არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდებაო“ და თუ სულ ცოტა ხნის წინ „შეთქმულების საიდუმლოს“ აშაყირებდნენ, რათა ასე დაეფარათ მასონთა დანაშაულობები კაცობრიობის, განსაკუთრებით ქრისტეანობის წინაშე. აწ უკვე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ინფორმაციებს მათი შავბნელი საქმეების შესახებ; მათ ბიბლიისგან აიღეს, ის, რომ - რჩეულ ერს ღმერთი იცავდა და გარემომდგარი წარმართები ვერ ამარცხებდნენ, მანამ, სანამ ხერხი არ იხმარეს და თავიანთი მეძავები შეუჩინეს, რითაც ცოდვამ მოიცვა რჩეული ერი და ამის გამო ღმრთის მფარველობას მოკლებულნი, იოლად დაამარცხეს წარმართებმა.

ამჟამად, ჩვენთანაც ერს ხრწნიან და თუნდ დოგმატ-რჯულისკანონიერება თეორიულად ხელუხლებელი დარჩეს, პრაქტიკულად თითქმის გარყვნილი ადამიანები ეკლესიურად უფრო დაიღუპებიან, ვიდრე ცხონდებიან. მაგრამ, რამდენადაც მცირე სამწყსო მათ არ მიემსგავსება, ამდენადაც ხდება მოდერნისტული გადაწყობა-გაცნობიერება ეკლესიოლოგიისა, ხოლო სულიწმიდისმიერი „რჯულისკანონის“ გადაკეთება... ანუ, რელიგიური მასონები ინტელექტუალურად მუშაობენ იმისთვის, რომ „მერვე კრებას“ ყველაფერი შეუმზადონ კვერის დასაკრავად!

მაშასადამე, პირვანდელი საწყისის, ანუ ბიბლიური რჩეული ერის მაგიერ ამოზრდილი ქრისტეანი რჩეული ერის პატივ-ღირსება-დონეს რომ მოვწყდეთ, სწორედ ამიტომ - ჯერ დასავლეთ საქრისტეანო მოწყვიტეს მასონებმა(ეს თანამედროვე სახელწოდება, მაშინ სხვანაირად წარმოითქმოდა), მერე- ათეიზმით გაამანქურთეს აღმოსავლეთ საქრისტეანო და აწი უკვე, იოლად ხდება ქრისტეანობის არსობრივი მოდერნიზაცია - ფსევდოქრისტეანობა.

ასეთ ჟამს გვჭირდება ზუსტად, არა დიპლომატიური, არამედ მაქსიმე აღმსარებლისნაირი მღვიძარე გუშაგნი ეკლესიისა, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ ქრისტეანულ საწყისს და დაგვიბრუნდება უფალი ღმერთიც!

- სხვათაშორის, ბევრს საუბრობენ საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებულ ჯგუფებზე - ანუ, პატრიარქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებზე. ბევრი შიშით უყურებს იმასაც, თუ ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე და რამდენადაა ეს შესაძლებელი მისსავე სიცოცხლეში... მართალია, ეს საკმაოდ ფაქიზი თემაა, მაგრამ მაინც!..

- ეკლესიასაც ისეთივე ყალბი დამოუკიდებლობა აქვს, როგორც ჩვენს სამშობლოს და მსოფმთავრობას ვინც აწყობს - პატრიარქიც ის იქნება...

- საქართველოში ხშირად საუბრობენ ახალი რუის-ურბნისის კრების ჩატარების აუცილებლობაზე, რომელსაც ახალი დავით აღმაშენებელი სჭირდება... როგორ ფიქრობთ, შეიძლება გამოჩნდეს ახალი დავით აღმაშენებელი?

- გავაგრძელებ ზემორე საკითხს: ამჟამინდელი მსოფლიო ისეა ერთ საერთო სახლად შეკრული, რომ პრეზიდენტებსაც და პატრიარქებსაც მსოფმთავრობის გარეშე ვერ ვირჩევთ; ასე რომ, ვერც დავით აღმაშენებელს ვეღირსებით...

ერთადერთი გამოსავალი არის მრევლის აქტიურობა და 2016 წლის კრების საჩვენოდ გამორჩენა, ისე როგორც ზემოთ აღვნიშნე და როგორც ეს მოხდა 1997-ში ემს-დან გამოსასვლელად! თუკი, ამას შევძლებთ, მყისიერად აღმოვჩნდებით ღმრთის მფარველობის ქვეშ და რუის-ურბნისი თუ საჭირო შეიქნა, მაშინვე გამოჩნდება ახალი დავით აღმაშენებელი!!!

ესაუბრა საბა საბახტარაშვილი

30-10-2014, 10:29
უკან დაბრუნება