არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები", საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ასაჯაროებს ინფორმაციას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების საქმეზე ახალ გარემოებებს წარმოშობს.
ორგანიზაციის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალდება სამინისტროს არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ცნობილი ხდება თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა და კომპანია "სილქნეტის" უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელთა ნათესაური კავშირების არსებობის შესახებ. კერძოდ, კომპანია "სილქნეტის" კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილის ალექსი ბატიაშვილის უშუალო ბიძაშვილს, ფაქტობრივად, ოჯახის წევრს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კომპანიაში 2012 წლიდან სწორედ ბაჩო ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს საჯარო დაწესებულებებთან კომერციული გარიგებების სფეროს. ორგანიზაციისთვის უცნობია, თუ რა როლი ითამაშა აღნიშნულმა ნათესაურმა კავშირმა კომპანია "სილქნეტსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულების დროს.
"ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავს, რომ გამოძიებას მოუწევს დაადგინოს, თუ რა როლი ითამაშა ამ ნათესაურმა კავშირმა და ხომ არ იკვეთება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის კერძო ინტერესები კომპანია "სილქნეტთან" დადებულ ხელშეკრულებაში. ე.წ ,,სილქნეტის საქმესთან" დაკავშირებით, ყველა ფაქტობრივი გარემოება უნდა დადგინდეს, ვინაიდან დანაშაული კორუფციულ ნიშნებს ატარებს.
თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალდება აჩენს კითხვებს სამინისტროს არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით და საჭიროებს, მინისტრის მხრიდან პასუხი გაეცეს უწყებაში შესაძლო კრიმინალის ფაქტს. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, ადგილი ჰქონდა თუ არა სისტემურ კორუფციულ მოქმედებებს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ყველა საჯარო მოხელის, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაკავშირებულ პირად გამოკვეთს და დაასაბუთებს.