ივერიონი / რატომ გაღიზიანდა ჟურნალისტებზე კომპანია "სილქნეტი"?

რატომ გაღიზიანდა ჟურნალისტებზე კომპანია "სილქნეტი"?

"სილქნეტი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.

  "თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ტენდერი გამოცხადდა 2013 წლის აგვისტოში. კომპანია "სილქნეტმა", ოთხ სხვა კომპანიასთან ერთად განაცხადი შეიტანა და ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ამავე წლის სექტემბრის თვეში.

  ნებისმიერი ინფორმირებული ჟურნალისტისთვის და იურისტისთვის, განსაკუთრებით, როცა ის ამ თემაზე მუშაობს, ცნობილი უნდა იყოს, რომ ბატონი ალექსი ბატიაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა მხოლოდ 2013 წლის 23 ნოემბერს.


  ბატონი ბატიაშვილისა და ბატონი ბაჩო ჩინჩალაძის ნათესაურ კავშირზე მინიშნება სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო სპეკულაცია, რაც კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს  ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ მედიაგამოცემისთვის. სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ დეზინფორმაციის გავრცელების მოტივაციაც მაშინ, როცა საქმე ჯერ კიდევ გამოძიების საწყის სტადიაზეა და მას საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული. ამ გრიფის მოხსნის შემთხვევაში, კიდევ ბევრი დეტალი გახდება ცნობილი, რაც დაადასტურებს, რომ "სილქნეტის" მიერ ტენდერში წარდგენილი წინადადება  საუკეთესო იყო ფასისა და მომსახურების გაწევის ჭრილში.

  სს "სილქნეტი" გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელშიც დასაქმებულია 3000-მდე პროფესიონალი. უკვე მეხუთე წელია, ამ ადამიანების დიდი შრომითა და მონდომებით, კომპანიამ შეძლო, დაემკვიდრებინა საერთაშორისო სტანდარტებისა და სოლიდური რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის სახელი. "სილქნეტი" ჩართულია მომავალი თანამშრომლობის შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებში რამდენიმე გლობალური მასშტაბის კომპანიასთან.

 ნებისმიერი გაუფრთხილებელი სიტყვა და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც მასმედიით გადაიცემა, აზიანებს კერძო კომპანიის რეპუტაციას და ხელს უშლის მის შემდგომ განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, აზიანებს საერთო ბიზნესგარემოს ქვეყანაში. ამიტომაც, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და სპეკულაციების გავრცელებისგან და გთხოვთ, გამოძიების დასრულებამდე, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ ხსენებული თემის გაშუქებისას კომპანია "სილქნეტის" ხსენებას", - ნათქვამია განცხადებაში.

30-10-2014, 14:59
უკან დაბრუნება