"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკავებაზე განცხადება გაავრცელა.
განცხადებას "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა და მომდევნო დღეს ბრალი წარუდგინა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა, დ" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მითვისება/გაფლანგვას.
აღნიშნულ საქმეზე სამართლებრივი დახმარების მიღების თხოვნით საიასთვის მიმართვის შემდეგ, 29 ოქტომბერს ბრალის წარდგენას საიას ადვოკატი, ბრალდბულების სხვა ადვოკატებთან ერთად ესწრებოდა.
ბრალის წარდგენის დროს იმ მოტივით, რომ პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლობას, დაცვის მხარეს უარი ეთქვა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ასლების გადაცემაზე. პროკურატურის ეს პოზიცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და სხვა კანონნმდებლობით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს.
საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად ,,სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე". ჩვენთვის გაუგებარია თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თუ საქმის არსებითად განხილვის პროცესში მხარეთა თანასწორობისა თუ შეჯიბრებითობის უმნიშვნელოვანესი პრინციპები თუ დაცვის მხარეს შესაძლებაც კი არ მიეცემა, რომ იქონიოს საქმის მასალები.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით განმტკიცებული სასამართლოსადმი მიმართვისა და დაცვის უფლების გარანტირებულობის პრინციპები თავის თავში მოიცავს შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველყოფას . ,,შეჯიბრი" მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ ორივე მხარე თანაბარი შესაძლებლობით ისარგებლებს დაიცვას საკუთარი პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბრალდების მხრიდან კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას ასევე ადგილი ჰქონდა 28 ოქტობმერს, ბრალდებულთა დაკავების დღეს, როდესაც ადვოკატს რამდენიმე საათის განმავლობაში უკანონოდ არ უშვებდნენ ბრალდებულებთან შესახვედრად. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს ,,დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს".
რაც შეეხება სისხლის სამართლის კანონმდებლობას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლში.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარის კითხვაზე თუ რომელი პროცესუალური ნორმით არის აკრძალული საქმის მასალების ასლების ადვოკატებისთვის გადაცემა, ბრალდების მხარეს არ ჰქონდა პასუხი და ცხადია ვერც ექნებოდა, რადგან მსგავს აკრძალვას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არცერთი მუხლი არ ითვალისწინებს. ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ის ინტერესი, რომ არ მომხდარიყო საქმის მასალების გასაჯაროება, მოცემულ შემთხვევაში მიღწეული იქნებოდა, რადგან ადვოკატებმა წერილობით აიღეს ვალდებულება, რომ მათი მხრიდან საქმის მასალების გასაჯაროება არ მოხდებოდა.
უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ,,სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს". იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას." აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ცნოს ბრალდების მხარის მიერ ამ ეტაპისთვის მოპოვებული ყველა მტკიცებულება, რადგან დაცვის მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად, არცერთი მტკიცებულება არ გადასცემია.
ჩვენი ზემოაღნიშნული მსჯელობის სისწორე განმტკიცებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში (Mოისეყევ V. ღუსსია) ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებთან შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა, საჭიროების შემთხვევაში ასლების მოპოვების ჩათვლით, სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა, რომელიც ავტომატურად არ უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო საიდუმლოების თუ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ინტერესებით.
ერთ-ერთ სხვა საქმეში, სადაც პროკურატურამ საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს დაადო გრიფი "განსაკუთრებული მნიშვნელობის" საიდუმლო (ტოპ სეცრეტ) და დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობა გაცნობოდა ამ მასალებს სხვაგან, გარდა პროკურატურის შენობისა და ასევე არ მისცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა საქმის მასალების ასლები, ევროსასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა (Matyjek v. Poland).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გამტკიცებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების განუხრელი დაცვით და მისცეს მხარეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით." - ნათქვამია განცხადებაში.