ივერიონი / სანდრო ბრეგაძე: მონები თავისუფალ ქვეყანას ვერასოდეს ააშენებენ!

სანდრო ბრეგაძე: მონები თავისუფალ ქვეყანას ვერასოდეს ააშენებენ!

  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ facebook ის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ეხმაურება.

 

   მისი თქმით, ის მზად არის, თავისი სიმართლისა და ზნეობრივი პრინციპების გამო ყველაფერი დათმოს.

  "ბედნიერი ადამიანი ვარ იმით, რომ პოლიტიკაში ჩემი მოღვაწეობა დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჯარისკაცობით, ჯარისკაცობით იმ მოძრაობისა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ.

  ბედნიერებაა, როდესაც თავს ამ ეროვნული გმირების თანამებრძოლად თვლი, მაგრამ პრივილეგიასთან ერთად ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, პასუხისმგებლობა, რომელიც მუდმივად გაიძულებს, რომ შენი მორალურ-ზნეობრივი პრინციპები მუდმივად მაღლა დააყენო იმ პოლიტიკურ ლაბირინთებზე, რომელიც თანამედროვე პოლიტიკაში თანამდევი და აუცილებელი ცნებაა. ამიტომაც ბევრი ჩვეულებრივი ობივატელისთვის აბსოლუტურად უცხო, გაუგებარი და ამოუცნობია ის ნაბიჯები, რომელსაც ეროვნულმოძრაობაგამოვლილი პოლიტიკოსები დგამენ ხოლმე. ესეა ჩვენთანაც და უცხოეთშიც და ამას ვერავინ შეცვლის. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ბევრჯერ შემხვედრია მაგალითები იმისა, თუ როგორ დაუთმიათ ადამიანებს თავიანთი პრინციპები პირადი კომფორტის მოსაწყობად და ჩემი შვილებისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ყველაზე უზნეო საქციელი და ესე არასოდეს მოქცეულიყვნენ.

  ერთია, სხვის მაგალითზე შვილებს რომ მიუთითებ და მეორეა, როდესაც თავად დაგიდგება ჟამი იმისა, რომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც შენს მორალსა და თანამდებობას შორის გადის, სწორედ აქ ვლინდება შენი ზნეობრიობის ხარისხი და არა სხვისი ქმედების შეფასებისას. ვინ ხარ შენ, ანუ "შეიცან თავი შენი" - ეს არის უმაღლესი ღირებულება და თუ მოახერხებ საკუთარი თავის შეცნობას, ჩათვალე, რომ ჭეშმარიტებას ეზიარე.

 ჩემთვის ჭეშმარიტება ღმერთია, ეკლესიაა, სამშობლოა და ეს ცნებები განუყოფელია, რადგან ჩემი სამშობლოს კეთილდღეობას ღმერთისა და ეკლესიის სიყვარულში ვხედავ, ხოლო ამისათვის ან ამის დასაცავად არაფერი მემეტება და ჭირსაც წაუღია ყველა თანამდებობა, რომელიც ჩემი პრინციპების დათმობას მომთხოვს. იმასაც შესანიშნავად ვხვდები, რომ ბევრისათვის ჩემი ეს ნააზრევი ჩინურ ენაზე ძნელი გასაგები იქნება, მაგრამ ხომ არის ის ხალხი, რომელიც ამას გაიგებს და მეც გამიგებს. სწორედ ვინც გაიგებს, იმ ხალხს მივმართავ და ესაა ჩემი ამოცანა.

 სამწუხაროდ, უმრავლესობა იმდენად დააბეჩავეს სააკაშვილის მმართველობის 9 წელში, რომ დღესაც ვერ გამორკვეულა იმ საშინელებიდან და შეშინებული იმასაც კი ვერ ცდილობს, რომ პროტესტი გამოთქვას იმის გამო, რაც მათთვის უძვირფასესია და წმინდაა. გული მიკვდება, როდესაც ვხედავ ჩინოსნებს,რომლებიც ტაძარში შედიან, ცალი ხელით პირჯვარს იწერენ, ხოლო მეორეთი საძირკველს ურყევენ იმავე ტაძარს, რომელშიც თავად არიან. გული მიკვდება ამდენი დაბეჩავებულ-შეშინებული ხალხის შემხედვარე, გული მიკვდება, როდესაც სხვადასხვა ტექნოლოგიებით ყალბ გმირებსა თუ იდეებს უქმნიან ხალხს და თავის ისტორიულ-ზნეობრივ პრინციპებს უკლავენ.


  ყველა გამოღვიძებას თუ გამოფხიზლებას მაგალითები სჭირდება,მაგალითები საკუთარი მეს დათმობისა და სულის სხეულზე მაღლა დაყენებისა. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ, ჩემი სიმართლისა და ზნეობრივი პრინციპების გამო ყველაფერი დავთმო და დავთმო დაუფიქრებლად, ამითი კი ვაჩვენო მაგალითი იმისა, რომ რწმენა ყველაზე დიდი ღირებულებაა. ცოდვას ვერ დავიდებ და ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს მიუთითებია, მაგრამ ვინც არ უნდა მიმითითოს, რომ ქვეყნის ძირითადი ფუძემდებლური პრინციპის შეურაცხყოფის გამო გავჩერდე, ვერ გავჩერდები, ღმერთის, ეკლესიის და სამშობლოს შეურაცხყოფის შემთხვევაში ვერაფრის გამო ვერ გავჩერდები და ამაზე ფიქრიც კი მკრეხელობად მიმაჩნია. ყველაფერი ამქვეყნიური წარმავალია, სული კი უკვდავი, ხოლო დაბინძურებული სულით ცხოვრებას სიკვდილი ჯობია. ასეთ მომენტში ყოველთვის კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები მახსენდება. "როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას".

  ნუ დათმობთ თქვენს ზნეობრივ პრინციპებს და ყოველთვის დაიცავით ის, რაც თქვენთვის ძვირფასია, მონები თავისუფალ ქვეყანას ვერასოდეს ააშენებენ, თავისუფალ ქვეყანას მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეები ააშენებენ", - წერს სანდრო ბრეგაძე.

30-10-2014, 16:16
უკან დაბრუნება