დღეს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტი და გამოიყენებს თუ არა იგი ვეტოს, თუ ხელს მოაწერს მას.
არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სწორი გადაწვეტილება ვეტოს დადება იქნება, რადგან მიაჩნიათ, რომ პროცესის თებერვლის ბოლომდე გადადებას აზრი არ აქვს. სამოქალაქო სექტორის შეფასებით ხელისუფლებას არ სურს ე.წ. გასაღები შსს-ს ჩამოართვას.
"ძალიან ნათლად და მკაფიოდ განაცხადა, რომ ის არ არის მომხრე საერთოდ მობილურ ოპერატორებს ჰქონდეთ ხელში ე.წ. გასაღები. თუ ეს პოზიცია აქვს პარლამენტის წევრთა უმრავლესობასაც, საერთოდ გადადებას რა აზრი აქვს. პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იქნება",-განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, დეპუტატებმა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე ე.წ. პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის საკითხი გადაავადეს. საკითხის მოსაწესრიგებლად ხელისუფლებას ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს.
ცნობისთვის, პრემიერმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის პოზიციაზე, რომ მოსმენაზე წვდომა სასამართლოს და მობილურ ოპერატორებს ჰქონდეს, განაცხადა, რომ სამართალდამცველებს გართულებული აქვთ ურთიერთობა სასამართლოსთან, ხოლო მობილური ოპერატორების წვდომა, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკის შემცველია.