ივერიონი / „საქართველო-რუსეთის ურთიერთობის „თაფლობის თვე“ დასრულდა!

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობის „თაფლობის თვე“ დასრულდა!

ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან:
აზერბაიჯანის ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „რიჯენ პლუს“-ის 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიტოლოგი სერგი კაპანაძე საუბრობს რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტზე, საქართველო-რუსეთის და საქართველოს დასავლეთის ურთიერთობებზე, ამასთან ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზეც (ესაუბრება ჯეიჰუნ ნაჯაფოვი).
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
შეკითხვა: რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილება მოსკოვმა საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე მიიღო. რატომ? იქნებ თბილისმა რაიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რითაც კრემლი გააღიზიანა? მაგალითად, საქართველო ძველებურად ესწრაფვის ნატოში გაწევრიანებას და ალიანსის საწრთვნელი ცენტრის გახსნაზეც თანახმაა...
სერგი კაპანაძე: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება ილუზია იყო. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ჰპირდებოდა მოსახლეობას, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან კავშირებს აღადგენდა. დიახ, რუსეთმა მართლაც გახსნა თავისი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლისათვის, ქართულმა ექსპორტმა ისევ რუსული ორიენტაცია მიიღო, ანუ რუსეთს თბილისზე ზეწოლის განსახორციელებლად ხელში ახალი ბერკეტი ჩაუვარდა. ახლა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ. არადა, ასეთი პოლიტიკის გატარება უმჯობესი იქნებოდა ორი წლის წინათ უნდა დაეწყოთ. შესაძლოა, დღეს გაცხადებული პოლიტიკა რამენაირად რუსეთის ზეწოლას შეაჩერებს. ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა და რუსეთთან ურთიერთობის გაურესება ერთმანეთთან კავშირში არ არის, რადგან ევრონტეგრაცია ხელისუფლების ახირება კი არაა, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს საქართველოა, შეუძლებელია იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ნატოში გაწევრიანება არ გსურდეს. გასაგებია, რომ ეს რუსეთს არ აწყობს. და ეს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. ამის მიუხედავად, ჩვენ ევროპული სტრუქტურებში ინტეგრაციის ალტერნატივა არა გვაქვს.


შეკითხვა: კონკრეტულად რის გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას?
სერგი კაპანაძე: სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოს ტერიტორიუელი მთლიანობის აღდგენის საკითხში მთელი რიგი ოპტიმალური შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით. იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება ყირიმისკენ იყო მიპყრობილი, ჩვენ შეგვეძლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ყირიმთან დაგვეკავშირებინა. ჩვენ მსოფლიოსთვის უნდა გვეჩვენებინა, რომ ის, რაც მოხდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით საქართველოში, მსგავსი რამ სხვა ქვეყნებსაც შეიძლება დაემართოთ. საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა ჩაიდინა, როცა ეს ორი საკითხი განაცალკევა. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა უცხოურ მასმედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიასა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას შორის საერთო არაფერი არ არისო. აი, ასე იქნა ხელისდან გაშვებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი. ახლა მოგვიწევს მთელი დიპლომატიური არსენალის ჩართვა, მოგვიწევს ბოლო ორი წლის ქართული დიპლომატიის პასიურობის შედეგების გამოსწორება და ქართული ტერიტორიების ოკუპირებაზე ყურადღების ფოკუსირება. ოკუპირების საკითხი საერთაშორისო ფორუმებისა და შეხვედრების დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს. განსაკუთრებით ეს ეხება სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელების შეტანას. გარდა ამისა, მოგვიწევს ზომების მიღება რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შეზღუდვის მიზნით. და რაც მთავარია, ჩვენ [მოსკოვს] უნდა გავუგზავნოთ ნათელი მესიჯი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში „თაფლობის თვე“ დასრულებულია და ყველაფერი 2008 წლის სიტუაციას უბრუნდება. აი, ეს არის სტრატეგიული ხაზი ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პროცესში. რასაკვირველია, ტაქტიკური ვარიანტები შეიძლება სხვადასხვა იყოს.


შეკითხვა: ამას წინათ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურან აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთმა რამდენჯერმე წამოაყენა საკითხი აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის თაობაზე, რომელიც რუსეთსა და სომხეთს ერთმანეთთან აკავშირებს. აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აფხაზეთთან არ განიხილავს, მაგრამ მზადაა ყურადღებით მოუსმინოს რუსეთის წინადადებებს...
სერგი კაპანაძე: არ ვფიქრობ, რომ ამჟამად ამ რკინიგზის აღდგენის საკითხი საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში გაჩნდება. ეს ძალიან სარისკო პროექტია, რომელიც სომხეთსა და რუსეთს სჭირდებათ, მაგრამ საქართველოს კარგს არაფერს უმზადებს. იყო დრო, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამ რკინიგზისადმი ინტერესი გამოხატა, მაგრამ მოგვიანებით ამ სატრანსპორტო კომუნიკაციაზე აღარ უფიქრიათ. მართალია, ამას წინათ პრაღაში შეხვედრის დროს რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა აფხაზეთის რკინიგზაზე საუბარი დაიწყო, მაგრამ მას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცეს - საქართველო შეუძლებლად თვლის ამ რკინიგზის აღდგენას.


„რიჯენ პლუს“ (აზერბაიჯანი), 30 ოქტომბერი, 2014 წელი
http://www.regionplus.az/ru/articles/view/292

31-10-2014, 12:19
უკან დაბრუნება